ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლისა და სიძის, ჯარედ კუშნერის, ინტერვიუმ ჟურნალ Politico-სთვის  (https://www.politico.com/news/2026/11/25/this-isnt-about-fairness-or-whos-right-or-wrong-how-jared-kushner-views-the-u-s-role-in-brokering-peace-01183055) კრიტიკა გამოიწვია როგორც უკრაინაში, ისე ევროპის ქვეყნებშიც. კუშნერმა ფაქტობრივად გაიმეორა მოსკოვის ნარატივი, რომლის მიხედვითაც ევროპა განაგრძობს კიევის დაფინანსებას რუსეთთან დაპირისპირების მიზნით.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბრიუსელში განიხილება ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის  49 მილიარდი დოლარის მოცულობის ახალი ფინანსური დახმარების პაკეტი. ევროპა უკრაინის მხარდაჭერის გაზრდას გეგმავს რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმების გააქტიურებისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ზრდის ფონზე.

ევროპისა და შეერთებული შტატების მიდგომები უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზებთან დაკავშირებით სულ უფრო მეტად განსხვავდება. როდესაც შენჟენში აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების სამიტი გაიმართა, ბერლინში შედგა „მსურველთა კოალიციის" შეხვედრა. ეს ორი ღონისძიება სიმბოლურად ასახავს განსხვავებას ევროპულ და ამერიკულ საგარეოპოლიტიკურ ხედვებს შორის.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს მიაღწიოს შეთანხმებებს აშშ-ის გეოპოლიტიკურ ოპონენტებთან და საერთაშორისო პრობლემები გარიგებების გზით მოაგვაროს. ევროპელი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ძალისხმევის გაერთიანება რუსეთისა და ჩინეთის გეოპოლიტიკური ამბიციების შესაკავებლად.

ვაშინგტონის თვალსაზრისით, უკრაინის მტკიცე პოზიცია ტერიტორიული მთლიანობის საკითხში მშვიდობის შესახებ შეთანხმების მიღწევის ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად განიხილება. სწორედ ამით აიხსნება აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან კიევზე ზეწოლის ზრდა და მოსკოვთან დიალოგის გააქტიურება.

დონალდ ტრამპი ცდილობს უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას მომავალი წლის იანვრამდე, სანამ მუშაობას დაიწყებს აშშ-ის კონგრესის ახალი შემადგენლობა, სადაც დემოკრატებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნებათ. დემოკრატებმა უკვე განაცხადეს უკრაინის დახმარების გაგრძელების საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ.

თუ იანვრამდე ვერ მოხერხდება უკრაინაში პოლიტიკური დარეგულირების მიღწევა, თეთრმა სახლმა შესაძლოა დაკარგოს საგარეოპოლიტიკური ინიციატივა და იძულებული გახდეს, მეტი ანგარიში გაუწიოს კონგრესის პოზიციას.

თავის ინტერვიუში ჯარედ კუშნერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში არსებული შიშები გადაჭარბებულია. მისი შეფასებით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ რუსეთი საფრთხეს არ შეუქმნის ბალტიისპირეთის სახელმწიფოებსა და ევროპის სხვა ქვეყნებს. ამისთვის, მისი აზრით, აუცილებელია ევროპის სამომავლო უსაფრთხოების არქიტექტურაზე შეთანხმების მიღწევა.

აღსანიშნავია, რომ „ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის" იდეას რუსული დიპლომატია უკვე დიდი ხანია აქტიურად ავითარებს. კუშნერის განცხადებებმა ევროპელ დამკვირვებლებს მისცა საფუძველი ივარაუდონ, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს მომავალი სამშვიდობო შეთანხმების ზოგიერთ ელემენტზე მსგავსი ხედვები აქვთ.

ტრამპსა და პუტინს, მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებებისა, შესაძლოა აერთიანებდეთ ევროპის ბაზრის მიმართ ეკონომიკური ინტერესი. რუსეთისთვის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ევროპული სანქციების შემსუბუქება და ენერგორესურსების ექსპორტისთვის ბარიერების შემცირებაა. შეერთებული შტატები კი ამერიკული საქონლისა და მომსახურებისათვის ევროპული ბაზრის უფრო ფართო გახსნაშია დაინტერესებული.

ევროკავშირი გადაწყვეტილებების მიღების რთული ბიუროკრატიული მექანიზმების გამო ხშირად ნელა რეაგირებს გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე. თუმცა ბოლო წლებში აშკარად შეინიშნება ევროპის სწრაფვა სტრატეგიული ავტონომიისკენ, აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

ევროპული არმიის შექმნის შესახებ მიმდინარე პოლიტიკური დისკუსიები მოწმობს, რომ ევროპელი ლიდერები მზარდ საფრთხეებს სულ უფრო სერიოზულად აღიქვამენ.

ამ ვითარებაში უკრაინისა და ევროპის მთავარი ამოცანა ტრამპისა და პუტინის პოლიტიკური ზეწოლის გაძლებაა წლის ბოლომდე. ამასთანავე, დემოკრატები კონგრესში, სავარაუდოდ, შეეცდებიან შეაკავონ ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც ამერიკის ტრადიციულ მოკავშირეებზე ზეწოლის გაძლიერებას გულისხმობს.

წლის ბოლო აღინიშნება როგორც სამხედრო ესკალაციის ზრდით უკრაინაში, ისე პოლიტიკური დაძაბულობის მომატებით ვაშინგტონს, კიევსა და ბრიუსელს შორის.

მიუხედავად ამისა, წლის ბოლომდე სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შანსები დაბალია. უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მძიმე შედეგებს იწვევს, თუმცა ქვეყნის სწრაფ კაპიტულაციას არ განაპირობებს. ფრონტზე შენარჩუნებულია სტრატეგიული ჩიხი, სადაც არც ერთ მხარეს არ გააჩნია გადამწყვეტი უპირატესობა.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა უკრაინის ეკონომიკური გამოფიტვა უახლოეს თვეებში, განსაკუთრებით ევროკავშირის მიერ დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის გათვალისწინებით. სამშვიდობო პერსპექტივებს ასევე ამცირებს კრემლის მაქსიმალისტური მოთხოვნებიც. მომავალი წლიდან კონგრესის გავლენის ზრდასთან ერთად, შეერთებული შტატები შესაძლოა ეტაპობრივად დაუბრუნდეს საგარეო პოლიტიკის უფრო ტრადიციულ მოდელს.

ამერიკულ პოლიტიკურ სივრცეში არსებული დებატებიც მიუთითებს, რომ დემოკრატები ცდილობენ პოლიტიკური ინიციატივის ხელში ჩაგდებას. დღეს მთავარი კითხვა ასეთია: შეძლებს თუ არა ევროპა საკუთარი სტრატეგიული დამოუკიდებლობის გაძლიერებას მანამ, სანამ ვაშინგტონში პოლიტიკური ბალანსი შეიცვლება? სწორედ ამ კითხვაზე პასუხი განსაზღვრავს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების მომავალს.

 

ავთანდილ წულაძე, პოლიტიკის ანალიტიკოსი