აშშ-ის დაზვერვა ხარკოვის დაკარგვის შემდეგ რუსეთის უკან დახევას პროგნოზირებს – Washington Post
შეერთებული შტატების სადაზვერვო წრეების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ ოკუპირებულ ხარკოვის რეგიონში, რუსული ჯარები შესაძლოა, იძულებული გახდნენ, დათმონ სხვა ტერიტორიები, რომლებიც მათ დაიპყრეს. ამის შესახებ The Washington Post წერს.
„რუსეთი პრობლემებშია. ახლა საკითხავია, როგორი რეაქცია ექნებათ რუსებს? მათი სისუსტე გამოვლინდა და მათ არ აქვთ ცოცხალი ძალის ან აღჭურვილობის მნიშვნელოვანი რეზერვები“, – განუცხადა გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობის დაცვით.
WP-ის კიდევ ერთი თანამოსაუბრე აღნიშნავს, რომ უკრაინული ძალები ფრთხილად მიიწევენ წინ და აძლიერებენ თავიანთ მიღწევებს. ამასთან, ვაშინგტონს არ სჯერა, რომ რუსეთის უკან დახევა ხარკოვის რეგიონში მის სტრატეგიულ დამარცხებაზე მეტყველებს.
აშშ-ის დაზვერვა სკეპტიკურადაა განწყობილი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც ჯერ არ გამოუცხადებია მობილიზაცია, გადაწყვეტს უკიდურესი ზომების მიღებას – მაგალითად, ქიმიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას. მეტიც, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა გადაჯგუფდეს და ძლიერი დარტყმა მიაყენოს უკრაინას.
The Washington Post-ის თანამოსაუბრეები მიიჩნევენ, რომ უკრაინელი სამხედროების გარღვევა შეიძლება, მოსალოდნელი იყოს ხერსონისა და მარიუპოლის რეგიონებშიც, მაგრამ ისინი დასძენენ, რომ იქ სამხედრო ოპერაციებს უკრაინული მხარისთვის უკვე სერიოზული დანაკარგები მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს არა მხოლოდ ხერსონში, არამედ ხარკოვის რეგიონშიც. ბრიტანული დაზვერვის თანახმად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში დაამარცხეს რუსეთის ფედერაციის ძალები.