24 ოქტომბერს დაგეგმილი მასშტაბური აქციის გამო, საფრანგეთში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი  სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

 

აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევენ, თავი აარიდონ დემონსტრაციებსა და იმ ტერიტორიებს, სადაც არეულობაა მოსალოდნელი.

 

განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ იმ ამერიკელებსაც, რომლებიც 25 ოქტომბერს საფრანგეთის ქალაქ სენ-დენიში ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) მატჩზე დასასწრებად ჩავლენ.

 

„მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებსა და ტერიტორიებს, სადაც პოლიციის დიდი რაოდენობაა მობილიზებული. შაბათს, 24 ოქტომბერს, სხვადასხვა ჯგუფის მიერ საპროტესტო აქციების გამართვაა დაგეგმილი. პარიზში NFL-ის მატჩზე დასასწრებად მყოფმა ამერიკის მოქალაქეებმა, ასევე, უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და ყურადღებით იყვნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები 24 ოქტომბერს არის დაგეგმილი. საპროტესტო აქციების წინ უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. პარიზის რამდენიმე რაიონში 22-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით კომენდანტის საათი იმოქმედებს. შეზღუდვა 23:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გაგრძელდება. მარსელში კი შაბათს ყველა სახის საპროტესტო აქცია აიკრძალა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეჩერდება, ხოლო არასრულწლოვნებისთვის მოქმედი კომენდანტის საათი სრულწლოვნებზეც გავრცელდება.