არჩევნების გაყალბების, საგარეო კურსის ცვლილებისა და სექსუალური უმცირესობის ჩაგვრის შესახებ უტიფარად შეთხზული ბრალდებების საფუძველზე, ანალოგიური ვითარების შექმნას ცდილობენ პოლიტიკურ პარტიებად წოდებული ჯგუფები საქართველოში, ეს ფაქტია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ამ ჯგუფების მცდელობებს, სახელმწიფო მართვის სისტემის საბოტაჟს, აგრესიული აქციებისა და რევოლუციების თანხლებით, აქვს ორგანიზებული და სისტემური ხასიათი.

„მთელი ევროპა შეძრულია სისხლისმღვრელი, დაუნდობელი ომით, მისი მასშტაბის გაფართოების რეალური საშიშროებით, ისევე როგორც უკიდურესად სახიფათო პროცესებით, რომლებიც წამყვან ქვეყნებში მიმდინარეობს. შემზარავია საერთო სურათი, რასაც ყოველდღიურად ვადევნებთ თვალყურს ტელეეკრენებით თუ სხვა მედიასაშუალებებით.

ასეთ ვითარებაში, არჩევნების გაყალბების, საგარეო კურსის ცვლილებისა და სექსუალური უმცირესობის ჩაგვრის შესახებ უტიფარად შეთხზული ბრალდებების საფუძველზე, ანალოგიური ვითარების შექმნას ცდილობენ პოლიტიკურ პარტიებად წოდებული ჯგუფები საქართველოში, ეს ფაქტია! ვხედავთ და არც მალავენ. მათ ამ მცდელობებს, სახელმწიფო მართვის სისტემის საბოტაჟს, აგრესიული აქციებისა და რევოლუციების თანხლებით, აქვს ორგანიზებული და სისტემური ხასიათი!

ასეთივე ხასიათისაა შიდა და გარე აქტორების მხრივ კარგად კოორდინირებული პროპაგანდა საქართველოში „დემოკრატიისაგან უკუსვლის" შესახებ, როდესაც თავად შექმნეს დამნაშავეები და მათ ქმედებაზე კანონიერი რეაგირება ევროპული სტანდარტებისაგან გადაცდომად შეაფასეს; ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც ქვეყნის საზოგადოებას დააზარალებს და, მათი აზრით, რევოლუციურ მუხტს გაზრდის. საქართველოს წინააღმდეგ მომართულ ამ შეთქმულებაში მეთაურებად მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის სადავეების მქონე პირები, რომლებმაც უკიდურესი სისასტიკით მართეს ქვეყანა, ფიზიკურად გაანადგურეს, აწამეს და უფლებები აჰყარეს საქართველოს ათასობით მოქალაქეს, წინაპირობები შეუქმნეს ქვეყნის დიდი ნაწილის ოკუპაციას და დღესაც ცდილობენ, გლობალური დაპირისპირების სამსხვერპლოზე მიიტანონ საქართველო საზარბაზნე ხორცად, ეკონომიკურად მოშლილი და უფლებააყრილი. ესაა კონკრეტული ფაქტებით დადასტურებული რეალობა, რის გამოც მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს.

რასაკვირველია, მოსალოდნელი იყო თავდასხმებიც, საკვირველი ისაა, რომ შეტევის ავანგარდში ევროსტრუქტურების და ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები დგანან, რომლებიც სულ ახლახან ფინანსურად და პოლიტიკური მხარდაჭერით ახალისებდნენ „მოლოტოვის კოქტეილების" და პიროტექნიკის სროლას საქართველოში, თანაც ახლა მაინც ხომ ნათლად ხედავენ ადრე უხილავ ძაფებს მართულ ქაოსსა და ევროპისათვის მწვავე პრობლემების გაჩენას შორის. გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით, თუ რომელი ჩვენი ბრალდებაა უსაფუძვლო, რატომაა საქართველოსათვის სასარგებლო ეკონომიკურ ან, მით უმეტეს, სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა ან რომელი ევროპული სახელმწიფო დაუშვებს ქვეყნის დესტაბილიზაციისათვის მომართული ორგანიზებული სტრუქტურის საქმიანობასთან შეგუებას", - წერს ვოლსკი.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, გუდრუნ კუგლერმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უკან გაიწვიოს სარჩელი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ და დემოკრატიის გზას დაუბრუნდეს.