1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვლადიმერ პუტინი თავის ამერიკელ კოლეგას ტაშით ხვდება”-Bild
“ვლადიმერ პუტინი თავის ამერიკელ კოლეგას ტაშით ხვდება”-Bild

“ვლადიმერ პუტინი თავის ამერიკელ კოლეგას ტაშით ხვდება”-Bild

694
0

არც ევროპელმა ლიდერებმა და არც ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ იცოდნენ არაფერი წინასწარ დონალდ ტრამპის მიერ დაგეგმილ სატელეფონო საუბარზე ვლადიმერ პუტინთან, – ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ბილდში“ (Bild) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ექსპერტის თვალსაზრისი დონალდ ტრამპის სტრატეგიაზე  უკრაინასთან მიმართებით: „ვლადიმერ პუტინი თავის ამერიკელ კოლეგას ტაშით ხვდება“. ექსპერტ კარლო მასალას აზრით, სიტუაცია ვითარდება „აპოკალიფსური სცენარის“ მიხედვით: ევროპელებთან და უკრაინელებთან არავინ დალაპარაკებას არ აპირებს – მათ, უბრალოდ, შედეგებთან შეგუება მოუწევთ“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ინფორმაციამ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის თაობაზე მსოფლიოში ყურადღების დაძაბვა გამოიწვია:  დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის შესაწყვეტად სამშვიდობო მოლაპარაკება უახლოეს ხანში დაიწყება.

შოკისმომგვრელი ფაქტი: არც ევროპელმა ლიდერებმა და არც ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ იცოდნენ არაფერი წინასწარ დონალდ ტრამპის მიერ დაგეგმილ სატელეფონო საუბარზე ვლადიმერ პუტინთან. მათ ინფორმაცია მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ გაიგეს.

„ბილდის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე პაულ რონცჰაიმერი ორი პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის სავარაუდო შედეგებზე პროფესორ კარლო მასალას – გერმანიის ფედერალური შეიარაღებული ძალების მინჰენის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორს ესაუბრება.

„ეს არის აპოკალიპტური სცენარი. მოლაპარაკება გაიმართება უკრაინელებისა და ევროპელების გარეშე. უკრაინის ბედს სხვები გადაწყვეტენ“, – ამბობს ექსპერტი. მისი პროგნოზი ასეთია: „ევროპელების ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან არ იქნება. მათ მოუწევთ შედეგებს შეეგუონ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, იგივე მოუწევს უკრაინასაც“.

როგორც კარლო მასალა თვლის, რუსეთის ლიდერს მიტაცებულ-ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება სურს. ვლადიმერ პუტინს ასევე უნდა აიცილოს დასავლეთის ეკონომიკური ზეწოლა და სანქციების გაუქმება, რათა იგი არავინ აიძულოს კომპრომისზე დათანხმდეს.

„პუტინი ამ კონფლიქტში მოგებულია“

კარლო მასალა კომენტარს უკეთებს დონალდ ტრამპის თავდაცვის მინისტრის პიტ ჰეგსეთის განცხადებას, რომ ევროპას სამომავლოდ უკრაინის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მარტო მოუხდება: „ვლადიმერ პუტინი ამერიკელი მინისტრის ასეთ განცხადებას, ალბათ, ტაშით შეხვდა. ეს მისთვის ყველაზე საუკეთესო შედეგია. უკრაინაში რომც განლაგდნენ ევროპული სამშვიდობო ძალები, მოსკოვი ეს ხელს არ შეუშლის – რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთს შეუძლია ისევ თავს დაესხას უკრაინას“.

კარლო მასალას დასკვნით, „პუტინმა ამ კონფლიქტში მოიგო. მან მოახერხა და ამერიკელებს უკრაინა მიატოვებინა“.

„გერმანიას არავინ არაფერს ეკითხება“

მაგრამ თუ პუტინია გამარჯვებული, როგორ შეძლებს ტრამპი აშშ-ის პრესტიჟის შენარჩუნებას ისე, რომ მოლაპარაკების დროს წაგებულად არ გამოიყურებოდეს?

კარლო მასალა განმარტავს: „პიტ ჰეგსეთი ლაპარაკობდა უკრაინის 2014 წლის საზღვრებზე, ანუ დონბასზე და ყირიმზე. ტრამპი პუტინს ასე იოლად არაფერს მისცემს. შესაძლოა, რუსეთი უარს იტყვის სხვა დაკავებული ოლქების [დონბასისა და ყირიმის გარდა] ტერიტორიებზე და თუ ეს მართლაც ასე მოხდება, ტრამპს შეუძლია ეს წარმატებად წარმოადგინოს“.

ექსპერტი ასევე კომენტარს უკეთებს იმ ფაქტს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან საუბარზე არაფერი არ შეატყობინა გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს და არც თავდაცვის ფედერალურ მინისტრს ბორის პისტორიუსს: „ჩვენ ყურადღება არ მოგვაქციეს. ჩვენ არ გვქონდა ამ ომის სტრატეგია სამი წლის განმავლობაში და არც მერე არ გვექნება, როცა ეს ომი შეწყდება. რა თქმა უნდა, ეს მწარე სინამდვილეა. ეს არის ჩვენი დიდი შეცდომა“.

კარლო მასალა თვლის, რომ დონალდ ტრამპი თავის საკუთარ ხაზს ატარებს – იმისგან დამოუკიდებლა, კარგია თუ არა ეს უკრაინისათვის და ევროპული უსაფრთხოებისათვის“.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას სურს უკრაინაში სტაბილურ მშვიდობა დაამყაროს და არა ისეთი, რომლის დროსაც ნახევარ წელიწადში ისევ საომარი მოქმედებები დაიწყება. უკრაინა ხელს მოაწერს ზავს, მაგრამ არავინ იცის, შეძლბს თუ არა ოდესმე თავისი ტერიტორიების დაბრუნებას. რაც შეეხება ნატოს წევრობას, დონალდ ტრამპმა უკვე თქვა, რომ ეს მიზანშეუწონელია“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: