![საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მსოფლიოს ისტორიაში და მეცოდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ამ გაუბედურებულ ქვეყანაში რაიმე თანამდებობის დაკავებაში კონკურენტი ვარ -მიხეილ სააკაშვილი](https://gttv.ge/wp-content/uploads/2025/02/saakashvili.jpg)
საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მსოფლიოს ისტორიაში და მეცოდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ამ გაუბედურებულ ქვეყანაში რაიმე თანამდებობის დაკავებაში კონკურენტი ვარ -მიხეილ სააკაშვილი
მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც მეჯიბრება, მეცინება, რომ მართლაც ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე ვარ თქვენი კონკურენტი რაიმე თანამდებობის დაკავებაში. მე საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მსოფლიოს ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, პარტიულობის თამაში უნდა დამთავრდეს. მიხეილ სააკაშვილმა წინააღმდეგობის საერთო ფრონტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მინდა, ვუთხრა მათ, ვინც დღევანდელ მდგომარეობაზე კიდევ აგრძელებს პარტიულ თამაშს. მეგობრებო, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ეს თამაში უკვე დასრულებულია. საქართველოს მატარებელი, რომელიც ჩქარი ტემპით მიდიოდა იმ საამაყო 9 წელიწადში, ჯერ დამუხრუჭდა და ახლა საბოლოოდ შევიდა დეპოში. საქართველოში დამყარდა კლეპტოკრატიული დიქტატურა, რაც ნიშნავს, რომ ყოველგვარ პარტიულ თამაშს არავითარი აზრი არ აქვს. ახლა მხოლოდ ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტი, ყოველგვარი პარტიული განსხვავებების გარეშე გაგვიყვანს სამშვიდობოზე.
მინდა, ასევე ვუთხრა ყველას, ვინც მე მეჯიბრება, მეცინება, რომ მართლაც ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ პატარა ქვეყანაში მე ვარ თქვენი კონკურენტი რაიმე თანამდებობის დაკავებაში. მე საკმარისი ასოებით ვარ ჩაწერილი უკვე მსოფლიოს ისტორიაში. მეცოდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ მე ვარ მათი კონკურენტი ქართულ პოლიტიკურ ჭაობში, მეცოდება ყველა, ვინც აგრძელებს პოლიტიკური პარტიულობის თამაშს.
ოთხი წლის წინ ჩამოვედი, თავი გავწირე იმისთვის, რომ ვიცოდი, საქართველო ამ მდგომარეობაში იყო. მე ვისჯები სწორედ იმისთვის, რომ გავბედე და საქართველომ გაბედა, საქართველო ისჯება იმის გამო, რომ იყო წარმატებული, მსოფლიოს დადებითი ყურადღების ცენტრში, იმის გამო, რომ არ ჩადგა შეუმდგარი, კლეპტოკრატიულ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მწყობრში“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.