საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას დღეს გამართავს⚽
დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა – საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს. ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ქართველების მეტოქე თურქეთის გუნდი იქნება. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ოთარ კიტეიშვილი.
საქართველოს ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმმა გუნდის კაპიტან გურამ კაშიასთან ერთად გუშინ პრეს კონფერენცია გამართა და ყველა თემაზე ამომწურავად ისაუბრა.
„ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, რთული იყო ემოციების კონტროლი. ამაზე ვისაუბრეთ, როდესაც შეკრება დავიწყეთ. ახლა ფეხბურთელები მზად არიან ტურნირისთვის, ფოკუსირებულები არიან საკუთარ თამაშზე და დისციპლინაზე.
მეტოქის ძლიერ მხარეზე საუბარი შორს წაგვიყვანს. პირველი თამაშია და თურქეთს უფრო დიდი წნეხი ექნება. ქართველი ფეხბურთელი მზად არიან ბრძოლისთვის. მეტოქეს ტექნიკურად ძლიერი და მაღალ ტემპში მოთამაშე ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს. ეს დიდი გამოწვევა იქნება ჩვენთვის.
სოლომონ კვერკველია მზად არის ხვალინდელი თამაშისთვის, ხოლო ოთარ კიტეიშვილი ჯერჯერობით ვერ დაგვეხმარება. თუმცა, ეს არაფერს ცვლის. დარწმუნებული ვარ, ის, ვინც ხვალ კიტეიშვილს შეცვლის, მაღალ დონეზე ითამაშებს. კიტეიშვილი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, ის მომდევნო მატჩში დაგვეხმარება.
საოცარი გულშემატკივრები გვყავს და მადლიერები ვართ. ისინი არასდროს წყვეტენ ოცნებას. გულშემატკივარს და ფეხბურთელებს რომ არ ეოცნებათ ამ წარმატებას ვერ მივაღწევდით. დიახ, ზოგჯერ ცოტა რთულია, რომ ადამიანებმა რეალობა დაინახონ, თუმცა, მათ უნდა გააგრძელონ ოცნება, რადგან ეს დიდი მხარდაჭერაა ჩვენთვის. საქართველოსთან ერთად წარმატების მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. როდესაც აქ ვართ და ვხედავთ, რომ ეს რეალობაა, კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ ამ პროცესისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული დროის შემდეგ გააცნობიერო, თუ რას მიაღწიე. პოზიტიური შეგრძნებები მაქვს და იმედია, რომ კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება ასე“, – აღნიშნა სანიოლმა.
თურქეთი-საქართველოს თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
თურქეთის შემდეგ, 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება, 26-ში კი პორტუგალიას შეხვდება.