” ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ამერიკის ელჩის მიმართ ამჟამად კეთდება”- პრეზიდენტი
ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ამერიკის ელჩის მიმართ ამჟამად კეთდება. არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
პრეზიდენტის თქმით, თუ რაიმე მტკიცებულებები არსებობს „ამის შესახებ“ ელჩთან საუბარი პირისპირ უნდა გაიმართოს.
„არ შეიძლება, რომ არ ვთქვა, ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ამერიკის ელჩის მიმართ ამჟამად კეთდება. არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმა. თუ არის რამე მტკიცებულებები საერთო დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ელჩთან ერთი-ერთზე საუბარი გაიმართოს ამის შესახებ და არა ტელევიზიებისა და მედიის საშუალებით განცხადებები [გაკეთდეს]. ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.