1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უკრაინა ცეცხლშია, ამ დროს კი ქვეყანაში კორუფცია ჰყვავის და პოლიტიკური ქაოსი მეფობს”-The Economist
“უკრაინა ცეცხლშია, ამ დროს კი ქვეყანაში კორუფცია ჰყვავის და პოლიტიკური ქაოსი მეფობს”-The Economist

“უკრაინა ცეცხლშია, ამ დროს კი ქვეყანაში კორუფცია ჰყვავის და პოლიტიკური ქაოსი მეფობს”-The Economist

0

„უკრაინაში შექმნილი სიტუაციის მიხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის მთავრობა არაოფიციალურად აღიარებს: კორუფციასთან ბრძოლა შეუძლებელია“, – წერს ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) რუბრიკით „ცუნამის მოლოდინში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „უკრაინა ცეცხლშია, ამ დროს კი ქვეყანაში კორუფცია ჰყვავის და პოლიტიკური ქაოსი მეფობს“. „როგორც ჩინოვნიკების სატელეფონო საუბრების მოსმენებით ირკვევა, ისინი კორუფციის მაღალ დონეს საგანგაშო მოვლენად არ მიიჩნევენ და თვლიან, რომ „კორუფცია სამუშაო პროცესის თანმდევ ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს“. ახლოვდება თუ არა ანგარიშსწორება ქვეყნისთვის?“, ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის სპეცპროკურატურის გამომძიებლება მთავრობის მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრების მორიგი „ულუფა“ გამოაქვეყნეს, რომლებშიც ყველაზე მეტად მათი საოცარი თავხედობა ჩანს. “ჩვენ უნდა მოვახდინოთ კორუფციის სისტემატიზება, კორუფცია უნდა ვაკონტროლოთ, მასთან ბრძოლა კი საჭირო არ არის”, – ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ირინა მუდრა მავან პიროვნებასთან ტელეფონით საუბარში. კულისებში მიმდინარე ინტრიგები უკვე ცხოვრების წესი ხდება. ბანკირები, რომლებიც თავდაპირველად ერიდებოდნენ კანონდარღვევებს, ახლა როცა მათთან მაღალჩინოსნები ლაპარაკობენ, ყველაფერზე თანახმანი არიან და კატასავით სიამოვნებით კრუტუნობენ – „ზემოდან ნებართვები აქვთ“. კორუფცია უკვე დანაშაულად კი არ ითვლება, არამედ სამუსაო პროცესის თანამდევ მოვლენას წარმოადგენს.. და ეს ხდება იმ დროს, როცა რუსეთმა საჰაერო შეტევები გაამწვავა, პრეზიდენტი კი ყოფილმა ერთგულმა თანამებრძოლმა მიხეილ ფედოროვმა მიატოვა…

როგორც გამოძიებით ირკვევა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩაბმულნი იყვნენ „ფულის გათეთრების“ მასშტაბურ სქემაში (…). გამოძიებამ უხერხულ სიტუაციაში ჩააყენა  კირილ ბუდანოვი, რომელიც დიდი ხანი არ არის გასული, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ანდრეი ერმაკის შემდეგ.

უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები – ტრიუმვირატი – ანტიკორუფციული ბიურო, სპეცპროკურატურა და სპეცსასამართლო – ბოლო დროს მრისხანე დამოუკიდებელ ძალად გადაიქცნენ. 2025 წლის ივლისში, როცა გამომძიებლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორუფციონერები გამოავლინეს, სამაგიეროდ კი პრეზიდენტმა ანტიკორუფციული ბიუროს დაქვემდებარება სცადა, ისინი საზოგადოების მხარდაჭერით გაბედულად წინ აღუდგნენ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკან დაახევინეს. დღეს უკრაინელ მაღალჩინოსნებს ყველაზე მეტად სპეციალური პროკურორის ალექსანდრე კლიმენკოსი ეშინიათ, რომელიც ურყევად დგას სამართლის სადარაჯოზე. თვითონ ირინა მუდრა სატელეფონო საუბარში არ მალავს შეშფოთებას სპეცპროკურორის მეორე ვადით არჩევის თაობაზე და ამბობს: „შვიდი წლის განმავლობაში კლიმენკო სახელს კიდევ უფრო განიმტკიცებს, ჩვენ ყველა კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩავვარდებით“.

როგორც ოტიმისტი ანალიტიკოსები ამბობენ, უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვერტიკალის საპირწონის სახით გაძლიერდნენ. ამჟამად პარლამენტი და მინისტრთა კაბინეტი (მთავრობა) პრეზიდენტს ხელში ჰყავს. ოპოზიცია სუსტია. ერთადერთ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც პრეზიდენტისგან გარკვეულ დამოუკიდებლობას ინარჩუნებს, ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო წარმოადგენს, თავისი სასამართლოთი და პროკურატურით.

მაგრამ არიან სკეპტიკოსებიც, რომლებიც შეშფოთებულნი არიან ანტიკორუციული ორგანოების გაძლიერებით: მათი აზრით, ანტიკორუციული სასამართლოს მოსამართლეებმა საკუთარი თავი კანონის უზენაეს დამცველებად და აღმსრულებლებად ჩათვალეს და ხელისუფლებას თავიანთი გადაწყვეტილებებით „ძირს უთხრის და არყევენ“. „არსებითად, ისინი პარალელურ მთავრობას წარმოადგენენ. ანტიკორუფციული ბიურო სულ უფრო მეტად ხდება პოლიტიკური იარაღი“, – ამბობს ერთ-ერთი ყოფილი გამომძიებელი.

როგორც ჩანს, უახლოეს კვირეებში პოლიტიკური ბატალიები, დიდი ალბათობით, გამწვავდება. „როგორც კი ოქტომბერი დადგება და სიცივეები დაიწყება, ყველაფერი ყირამალა დადგება. მთავრობა გამოცდას ვერ გაუძლებს… რიგ საკვანძო ადგილებზე [პრეზიდენტის მიერ] იდიოტები არიან დანიშნულნი. პრეზიდენტი ჯერ ოპტიმისტურად იყო განწყობილი, მაგრამ ბოლო დროს მიხვდა, რომ სიტუაცია გაუარესდება. თავის მეხუთე საომარ ზამთარს უკრაინა, წინა წლებთან შედარებით, ყველაზე მოწყვლადი სახით ხვდება. ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები აღარ გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი იმ ინფრასტრუქტურასაც დაანგრევს, რაც გადარჩა“, – ამბობს ანონიმი ყოფილი მაღალჩინოსანი.

რუსეთის ამასწინანდელმა სარაკეტო დარტყმებმა უკრაინის ღრმაწყლიანი პორტები მწყობრიდან გამოიყვანეს და ეს ხდება მარცვლეულის წლევანდელი მოსავლის აღების დროს, როცა შარშანდელი ჯერ კიდევ მთლიანად არ არის ექსპორტირებული, რაც ელევატორების გადატვირთვას და შესანახი ადგილის უკმარისობას იწვევს. თუ უკრაინელი დიპლომატები მარცვლეულის ექსპორტის გზას ვერ გამონახავენ (რაც, დიდი ალბათობით, ასე იქნება), უკრაინა 10 მილიარდ დოლარზე მეტ ზარალს მიიღებს, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს.

 

წყარო: