1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “თუ დასავლეთი რუსეთის აქტივებს უკრაინას გადასცემს, კრემლი შურს იძიებს”-Hrot
“თუ დასავლეთი რუსეთის აქტივებს უკრაინას გადასცემს, კრემლი შურს იძიებს”-Hrot

“თუ დასავლეთი რუსეთის აქტივებს უკრაინას გადასცემს, კრემლი შურს იძიებს”-Hrot

776
0

ჩეხური გამოცემა „ჰროტი“ (Hrot – „სიმაღლე“) აქვეყნებს სტატიას სათაურით „თუ დასავლეთი რუსეთის აქტივებს უკრაინას გადასცემს, კრემლი შურს იძიებს“ (ავტორი – ფრენსის ნოვაკი), რომელშიც განხილულია „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნების განზრახვა საზღვარგარეთ არსებული რუსული აქტივების (ფინანსების) კონფისკაციისა და უკრაინისთვის მათი გადაცემის თაობაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს სურთ ისარგებლონ საზღვარგარეთ არსებული რუსული აქტივებით (მოცულობა – 300 მილიარდი დოლარი) და ეს თანხა მთლიანად უკრაინას გადასცეს ეკონომიკის აღსადგენად. თავის მხრივ, კრემლი, იმუქრება, რომ დასავლეთს თუ რაიმე ქონება კიდევ დარჩა რუსეთში, ჩამოართმევს და სახელმწიფოს საკუთრებად გამოაცხადებს.

თუ „ძლიერნი ამა სოფლისა“ – „G7“-ის წევრები – აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, იაპონია, კანადა და საფრანგეთი, აგრეთვე ევროკავშირის ხელმძღვანელობა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს გაყინავს, მათი უკრაინისათვის გადასაცემად, მაშინ კრემლი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს და იგივე გაუკეთებს დასავლეთი აქტივებს რუსეთში – გამოაცხადებს უცხოეთის აქტივების ნაციონალიზებას სახელმწიფოს სასარგებლოდ.

რუსული წყაროების მიხედვით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების პირდაპირი ინვესტიციები რუსეთში დღეისათვის დაახლოებით 288 მილიარდ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, ეს თანხა კიდევ შეიძლება გაიზარდოს „არამეგობრული ქვეყნების“ მოქალაქეთა ფინანსების ხარჯზე, რომლებსაც რუსულ ბანკებში კიდევ რამდენიმე მილიარდი დოლარი აქვთ შენახული.
უცხოელთა თანხა საკმარისი იქნება, რომ რუსეთმა მათი კონფისკაციით შესაბამისი კომპენსაცია მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ „შვიდეული“ თავის განზრახვას შეასრულებს და კრემლის აქტივებს გაასხვისებს.

დასავლეთში არავინ იცის, თუ რამდენი თანხა აქვთ დაბანდებული რუსეთში დასავლურ კომპანიებს და კერძო მოქალაქეებს. კრემლის მონაცემებით, თუ საქმე დასავლეთის ქონების ნაციონალიზაციამდე მივა, ყველაზე ძალიან დაზარალდება ევროკავშირი, რომლის აქტივები რუსეთში 223,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. აქედან:
პირველ ადგილზეა კვიპროსის ფირმები, რომლებიც ფლობენ 98,3 მილიარდ დოლარს (კუნძულზე ბევრი რუსი ცხოვრობს კვიპროსის პასპორტით);

მეორე ადგილზეა ნიდერლანდები, რომლის კომპანიებს რუსეთში 50,1 მილიარდი დოლარის აქტივები აქვთ;
მესამეზე – გერმანია (17,3 მილიარდი დოლარის აქტივები);
მეოთხეზე – საფრანგეთი (16,6 მილიარდით);

მეხუთეზე – იტალია (12,9 მილიარდი დოლარით).
მსხვილ ინვესტორს წარმოადგენს აგრეთვე შვეიცარია – 28,5 მილიარდი დოლარით, დიდი ბრიტანეთი – 18,9 მილიარდი. აშშ-ის კომპანიების წილი 9,6 მილიარდი დოლარს წარმოადგენს. კანადა, სავარაუდოდ დაკარგავს 2,9 მილიარდ დოლარს, ხოლო იაპონია – 4,6 მილიარდს.
უკრაინის დასავლელი მოკავშირეების განზრახვამ, შეიძლება ითქვას, ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა ძალიან აღაშფოთა: „ჩვენი ფულის უკრაინისათვის გადაცემა ნამდვილი ქურდობაა“, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

თავის მხრივ, დასავლეთს ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია ზუსტად. თუ როგორ განახორციელოს რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი აქტივების კონფისკაციის ლეგალიზება, რომელიც დასავლური ბანკების სეიფებში ინახება. საერთაშორისო სამართლის ბევრი სპეციალისტი დასავლეთს აფრთხილებს, რომ ასეთ უპრეცედენტო ნაბიჯს უკურეაქციის გამოწვევა შეუძლია: საქმე ეხება დასავლეთის ნდობის დაცემას მსოფლიო ფინანსური სისტემის დონეზე. საბოლოო ჯამში ინვესტორები, განსაკუთრებით აზიიდან, იფიქრებენ, რომ ამერიკულ და ევროპულ ვალუტებს, რომლებიც ბევრი ქვეყნებისათვის სარეზერვო ვალუტას წარმოადგენს, მაინცდამაინც მტკიცედ არ უნდა ენდონ.

ამჟამად კრემლი დასავლური კომპანიების რუსული ბაზრიდან წასვლას ბლოკავს და თუ მათ წასვლაზე თანხმობა ეძლევათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალიან დიდ თანხას გადაიხდიან, ანუ დიდ დანაკარგების ფასად. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირადად აკონტროლებს დასავლეთის ქვეყნების მსხვილი კომპანიების მდგომარეობას და პირობებსაც ის კარნახობს, თუ რომელმა რა ქონება უნდა დატოვოს რუსეთში, კრემლის სასარგებლოდ.

წყარო: