თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას აგრძელებს
თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას აგრძელებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„როგორც იცით, უსახლკაროს სტატუსით დღეს 400 ოჯახი სარგებლობს. მუნიციპალიტეტს ისინი ქირით ჰყავს გაყვანილი. დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად და ამ ადამიანებისთვის საცხოვრებელი ფართების შეძენა. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, შესყიდულია, ჯამში, 40 ბინა. ჩვენი დაპირებაა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, მთლიანად დაიხურება ეს თემა, არცერთი უსახლკარო თბილისელი არ დარჩება მუნიციპალური საცხოვრისის გარეშე და ყველას გადაეცემა საცხოვრებელი ფართები. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ და უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახი იქნება ბინებით დაკმაყოფილებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული სტატუსის მისაღებად, მოქალაქეებმა მათსავე რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ, სადაც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.