1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს – რას წერს “ნიუ-იორკ თაიმსი“
საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს – რას წერს “ნიუ-იორკ თაიმსი“

საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს – რას წერს “ნიუ-იორკ თაიმსი“

123
0

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოს პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელიც ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს. პრეზიდენტი ვეტოს დადებას აპირებს, მმართველი პარტიას კი ვეტოს გადალახვა შეუძლია“. პუბლიკაციის ავტორია ივან ნეჩეპურენკო, რომელიც თბილისში იმყოფება და პროცესებს თვალს ადევნებს.

სტატიაში მიმოხილულია ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტი და მოვლენა, რომლებმაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია და მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ქუჩაში გამოსვლა აიძულა, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაჩაღებული პროპაგანდის შედეგად.

„ოპოზიციამაც და მთავრობამაც ერთი შეხედვით მშვიდი სახელწოდების („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) მქონე კანონპროექტის მიღება საქართველოს ისტორიაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენად წარმოადგინეს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ კანონპროექტი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას განამტკიცებს, უზრუნველყოფს დაფინანსების გამჭვირვალობას. თავის მხრივ, ოპოზიცია ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტის მოთხოვნების რეალიზება საქართველოს დასავლეთთან დააშორებს“, – ნათქვამია მასალაში.

„ამერიკელი ოფიციალური პირები არ მალავენ, რომ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობაში პრობლემები მართლაც შეექმნება“, – წერს პუბლიკაციის ავტორი. იგი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიანის თბილისში ვიზიტის მომენტებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ამერიკელმა დიპლომატმა ტელეგამოსვლის დროს თავისი უკმაყოფილება გამოამჟღავნა საქართველოს ხელისუფლების მოქმედების მიმართ: თუ კანონპროექტი საბოლოოდ დღევანდელი სახით შევა ძალაში და თუ მთავრობა საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობას არ შეწყვეტს, მაშინ აშშ იძულებული გახდება სანქციების დაწესებაზე იფიქროს, რომელიც ცალკეული პირების მიმართ ფინანსური და სავიზო შეზღუდვებით შეიძლება გამოიხატოს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ გადაიხედოს საქართველოსათვის აშშ-ის 390-მილიონიანი დოლარის დახმარების  გამოყოფის საკითხიც.

სტატიის ავტორი ყურადღებას აქცევს იმ ფაქტსაც, რომ ქართველმა პოლიციელებმა დააკავეს და სცემეს თბილისში 1990-იანი წლებიდან მცხოვრები ამერიკელი მოქალაქე, იურისტი ტედ ჯონასი, რომელიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა.

პუბლიკაციაში ფართოდ არის გადმოცემული როგორც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ამასწინანდელი „ანტიდასავლური“ კრიტიკული გამოსვლა „პროსამთავრობო“ მიტინგზე, აგრეთვე  „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეთა თვალსაზრისები: „მმართველ პარტიას სურს ხელისუფლებაში მუდმივად დარჩეს და ამიტომ მას რუსეთის იმედი აქვს“, – ციტირებს სტატიის ავტორი 39 წლის იურისტის ილია ბურდულის გამონათქვამს.

„ზოგიერთი კომენტატორი მხარს უჭერს მთავრობას და აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების სექტორი, რომელიც დასავლეთის მიერ ფინანსდება, ძალიან დიდ გავლენას ახდენს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე. როგორც ჩანს, თბილისის მოქმედებას იწონებს კრემლიც: პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. ევროკავშირი კი ქვეყნის პროევროპულ ორიენტაციას ეჭვის ქვეშ აყენებს“, – აღნიშნავს ავტორი.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დასავლეთი საქართველოში „გაჭიმულ ბაგირზე მოსიარულესავით“ მოქმედებდა და ბალანსს იცავდა: ერთი მხრივ, აქტიურად უწყობდა ხელს ქართველი ხალხის პროდასავლურ სწრაფვას და მეორე მხრივ – ყველანაირად ცდილობდა, რომ თავისთან მიეახლოვებინა მმართველი პარტია, რათა ის მოსკოვის ხელებში არ ჩავარდნილიყო. სწორედ ამიტომ მიანიჭეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომ ქვეყანა კრემლის ორბიტაზე არ დაბრუნებულიყო

მაგრამ დასავლეთის ბალანსირება სულ უფრო რთული ხდებოდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რომელმაც ბევრი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა აიძულა ვიღაცის მხარე დაეჭირა. სხვათა შორის, რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა საქართველოს და ზოგიერთ სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყანას გარკვეული სარგებლობა მოუტანა – მათ ტერიტორიაზე გადიოდა რუსეთთან ვაჭრობის გზები, დასავლური სანქციების დარღვევით.

„ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ დასავლეთის ყურადღება უკვე სხვა მოვლენებით არის დაკავებული, ბრიუსელს და ვაშინგტონს სხვა უფრო მნიშვნელოვანი ინტერესები გაუჩნდა და, შესაბამისად, საქართველოს მიმართ მათი ყურადღება შესუსტდა, ამიტომაც იფიქრა, რომ ამ კანონპროექტის მიღების გამო ის ფასი, რომლის გადახდა მას მოუწევს, შეიძლება მაინცდამაინც დიდი არ იყოს“, – ამბობს სტატიის ავტორთან საუბრისას ქართველი პოლიტიკური ანალიტიკოსი მიხეილ კეჭაღმაძე, – მთავრობას არ სურს ევროპასთან ინტეგრირება. ისინი კანონპროექტის მიღებით ინტეგრაციას ძირს უთხრიან“.

წყარო