1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „საქართველოს კურსი ევროკავშირისაკენ ბეწვზე ჰკიდია!“,

„საქართველოს კურსი ევროკავშირისაკენ ბეწვზე ჰკიდია!“,

62
0

„საქართველოს კურსი ევროკავშირისაკენ ბეწვზე ჰკიდია!“, – ასე შემაშფოთებლად იწყება გერმანულ გაზეთ „ბილდში“ (Bild) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „მოსალოდნელია თუ არა დიდი აფეთქება? ქართველი ხალხი კრემლის გავლენას ეწინააღმდეგება, პარლამენტმა კი სადაო კანონპროექტი მაინც მიიღო“ (ავტორი – ალბერტ ლინკი, გაზეთის პასუხისმგებელი რედაქტორი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ევროკავშირი მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, სურს ურჩი მთავრობის მიმართ მკაცრი ზომები მიიღოს, მაგრამ უნგრეთი წინააღმდეგია.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო სადაო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებაზე უცხოურ გავლენას ეხება.

კანონპროექტის მომხრენი და მოწინააღმდეგენი

მთავრობისა და მმართველი პარტიის მტკიცებით, კანონპროექტი არეგულირებს არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსების გამჭვირვალობას, რაც სრულიად დემოკრატიულ ძალისხმევას წარმოადგენს. ოპონენტები კი, პირიქით, შიშობენ, რომ კანონპროექტის მიღებით სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა ჩახშობილი იქნება – ისევე როგორც რუსეთში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი თანამშრომლები უეცრად იქცნენ „დასავლეთის აგენტებად“. საქართველოს პარლამენტმა ამ კანონპროექტის მიღებით დაადასტურა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა კრემლის საძულველ რეჟიმთან დაახლოებას აგრძელებს.

უკვე თითქმის ერთი თვეა ხალხი თბილისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობს – ჯერ-ჯერობით მშვიდობიანად. მაგრამ რაც დრო გადის, მთავრობას სულ უფრო ეტყობა ნერვიულობა: შინაგან საქმეთა მინისტრი დემონსტრანტებს, თუ ისინი მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ობიექტებს დაბლოკავენ, დაპატიმრებითა და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაემუქრა.

პარლამენტში კენჭისყრის წინ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

პესიმისტების აზრით…

პესიმისტებს საქართველოში შექმნილი ვითარება ბელარუსის 2020 წლის საპროტესტო ზაფხულს მოაგონებს, ბევრი კი პარალელს აკეთებს აგრეთვე უკრაინის 2014 წლის მაიდანთანაც, სადაც პროდასავლურმა დემონსტრაციებმა ძალადობა და სისხლისღვრა გამოიწვია. თუმცა საქართველოს სიტუაცია მაინცდამაინც ავბედითად არ ჩანს: მმართველი პარტია ოფიციალურად აცხადებს, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გააგრძელოს დასავლური კურსი, მიაღწიოს ევროკავშირში წევრად მიღებას და გაიმარჯვოს შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში .

საქართველომ 2023 წლის დეკემბერში უკვე მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. უფრო მეტიც – ევროკავშირისა და ნატოს წევრობის აუცილებლობა ქვეყნის ძირითად კანონშიც – კონსტიტუციაშიც არის ჩაწერილი.

კრემლი საქართველოზე გავლენას უარყოფს

მაგრამ მოულოდნელად შემხვედრი ქარი ამოვარდა, რომლის პროვოცირება 68 წლის ქართველმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა. როგორც ოპოზიცია აცხადებს, იგი საქართველოს ნამდვილ მმართველს წარმოადგენს. ბიძინა ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა და როცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მის მიერ დაარსებულმა „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მცირე ხანს ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც იყო, ახლა კი, „ავი ენების“ ნათქვამს თუ დავუჯერებთ, მოსკოვთან კარგ ურთიერთობებს აგრძელებს. აპრილის ბოლოს ოლიგარქი თბილისში მმართველი პარტიის მიერ გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოვიდა და კურსის ავტორიტარულ ცვლილებაზე გამოაცხადა.

კრემლი უარყოფს, რომ საქართველოზე გავლენას ახდენს, მაგრამ ქართულ ოპოზიციას მოსკოვის არცერთი სიტყვის გაგონება და დაჯერება არ სურს.

რა მოჰყვება პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას? საქართველოს 72 წლის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გვერდით დაუდგა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც ძირითადად ახალგაზრდები არიან. მათ შეუერთდა პოპულარული მსახიობები და სპორტსმენები. პრეზიდენტს განზრახული აქვს ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს და ხელახლა განხილვისათვის ისევ საკანონმდებლო ორგანოში დააბრუნოს. არ არის გამორიცხული, რომ დოკუმენტის ზოგიერთი დებულება შერბილდეს.

მაგრამ სრულიად გაურკვეველია, გამწვავდება თუ არა სიტუაცია უახლოეს დღეებში, განხორციელდება თუ არა მიტინგების მონაწილეთა მასობრივი დაპატიმრებები, მიიღებს თუ არა პოლიცია სასტიკ ზომებს …

ანალენა ბერბოკი შფოთავს, ევროკავშირი კი მოისუსტებს

გერმანიის 43 წლის „მწვანე“ საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკმა და მისმა 11-მა კოლეგამ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებიდან ევროკავშირის მთავარი დიპლომატის ჟოზეპ ბორელის მისამართით წერილის გაგზავნა გადაწყვიტეს, ქართული კანონპროექტის კრიტიკით, „რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, უკანდახევას წარმოადგენს“.

მაგრამ ევროკავშირის ჯერ-ჯერობით მოისუსტებს, მას ერთიანობა და მტკიცე ნება აკლია: გავრცელდა ხმები, რომ წერილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინის მეგობარმა ვიქტორ ორბანმა (და მისმა სლოვაკმა კოლეგამ რობერტ ფიცომ) დაბლოკა, რომლებიც ასევე ნეგატიურად უყურებენ უკრაინისადმი დახმარების გაწევას. ასე რომ, ევროკავშირს არ აქვს ზეწოლის სათანადო ინსტრუმენტი და ამიტომ საეჭვოა, რომ ბრიუსელი თბილისის მთავრობას ცხვირწინ კარს მიუჯახუნებს.

წყარო: