საქართველოს ნაკრებმა კაბო-ვერდე დამაჯერებლად დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამართულ პირველ მატჩში კაბო-ვერდეს ნაკრები დამაჯერებლად, ანგარიშით 85-60 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა თამაში ცუდად დაიწყო და თავიდან 2-8-ს აგებდა, მაგრამ მოედანზე გიორგი ცინცაძის, გოგა ბითაძის და სანდრო მამუკელაშვილის გამოჩენის შემდეგ თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლო.
ზუროსის გუნდმა მეტოქეს მხოლოდ ბოლო პერიოდი დაუთმო, რომელშიც მოდუნდა, გუნდის ლიდერებიც დაასვენა, სამაგიეროდ, შანსი მიეცათ სათადარიგო მოთამაშეებს. ნიშანდობლივია, რომ 12-ვე კალათბურთელმა ითამაშა და 11-მა მათგანმა შეძლო ქულის დაგროვება. საბოლოოდ, 25-ქულიანი სხვაობით დამაჯერებელი გამარჯვება – 85:60.
შედეგიანობით საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 16 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. ორმაგი დუბლით გამოირჩა გოგა ბითაძე – 15 ქულა, 10 მოხსნა. დუდა სანაძემ გუნდს 12 ქულა შესძინა, სანდრო მამუკელაშვილმა 10 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი. 8-8 ქულა ჰქონდათ გიორგი შერმადინსა და გიორგი ცინცაძეს, რატი ანდრონიკაშვილს – 7. მხოლოდ 4 ქულა დააგროვა თად მაკფადენმა, თუმცა, მისი შედეგიანობა საჭირო არც გამხდარა. 2-2 ქულა ჩააგდეს ლუკა ლიკლიკაძემ და გიორგი ტურძილაძემ, 1 – მიხეილ ბერიშვილმა. ისიც სათქმელია, რომ ყველაზე მეტი დრო პარკეტზე სანდრო მამუკელაშვილმა გაატარა – 26 წუთი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ქართველმა კალათბურთელებმა ენერგიაც საკმაოდ დაზოგეს.
საქართველოს ნაკრებმა 37%-იანი სიზუსტით ისროლა სამქულიანები (19/7), 92%-ით საჯარიმოები (24/22), 51%-ით ორქულიანები (60.28).
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში 28 აგვისტოს სლოვენიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.
დღევანდელი მატჩი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ისტორიაში პირველი თამაში იყო მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ჩვენმა გუნდმა წარმატებით დაასრულა.