1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რომან ფიფია დინამო თბილისს ყიდის
რომან ფიფია დინამო თბილისს ყიდის

რომან ფიფია დინამო თბილისს ყიდის

678
0

დინამო თბილისის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ საფეხბურთო კლუბის გაყიდვა გადაწყვიტა.

შესაბამისი განცხადება კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რომან ფიფია ამჟამად ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კლუბის შეძენით ან შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებით. პარალელურად, ფიფია აღნიშნავს, რომ მზად არის განიხილოს დინამო თბილისის სააქციო საზოგადოების ფორმით მართვა.

“ამჟამად მოლაპარაკების პროცესში ვარ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დინამო თბილისის შეძენით ან კლუბში შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებით. ამასთანავე, მინდა ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შესახებ გამცნოთ – გასხვისების პარალელურად მზად ვარ განვიხილო დინამო თბილისის სააქციო საზოგადოების ფორმით მართვა, სადაც კლუბის აქტივების მფლობელები იქნებიან დაინტერესებული ადამიანები სხვადასხვა ბიზნეს თუ სოციალური წრეებიდან, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი თბილისელების ჩართულობას ექნება, ვინაიდან დინამო თბილისი იყო, არის და იქნება დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო და მისი თილისმა”. – წერს ფიფია.

გადაწყვეტილების მიზეზად რომან ფიფია კლუბის მართვისთვის საჭირო ფინანსური რესურსების ნაკლებობას ასახელებს.

“დღევანდელი მოცემულობით იმ მიზნების მისაღწევად, რაც დინამო თბილისს, მის ისტორიას და გულშემატკივარს შეეფერება, ამ ეტაპზე, ჩემი პირადი ფინანსური რესურსი კლუბის სამართავად არასაკმარისად მიმაჩნია”. – წერს ფიფია.

ბიზნესმენმა, რომან ფიფიამ,  დინამო თბილისი 2011 წლის იანვარში შეიძინა. მისი 11-წლიანი მმართველობის დროს, კლუბმა საქართველოს ჩემპიონობა 5-ჯერ, საქართველოს თასი 4-ჯერ, სუპერთასი კი 3-ჯერ მოიპოვა. რაც შეეხება ევროასპარეზს, კლუბმა ფიფიას ხელმძღვანელობის ქვეშ ევროპა ლიგის შესარჩევი ეტაპის პლეიოფს 3-ჯერ მიაღწია, თუმცა სამივეჯერ დამარცხდა.