როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, შემიძლია, პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობების, სახელმწიფოს, ეროვნული ინტერესების დაცვისთვის -პრემიერი
როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, შემიძლია, პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობების, სახელმწიფოს, ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძართან განაცხადა, სადაც შეკრებილ მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა.
„გილოცავთ დღევანდელ დღეს. მოგესალმებით ჩვენი ძვირფასი ქვეყნის, საქართველოს თითოეულ შვილს, ჩვენს ძმებსა და დებს. დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის ოჯახის სიწმინდის დღე, ეს არის ჩვენი ფასეულობების დაცვის დღე, ჩვენი ქვეყნის იდენტობის, მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვის დღე. ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის დღე. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს დღე, რომელიც არის ძალიან ამაღელვებელი თითოეული თქვენგანისთვის, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის, მისი იდენტობის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას.
„ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის სიყვარული, სიყვარული ადამიანებს შორის. არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენ შორის სიყვარულის ჩანაცვლებას სიძულვილით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი ქვეყანა, თითოეული ჩვენი მოქალაქე გაერთიანდეს სიყვარულის გარშემო. ერთიანობა სიყვარულის გარშემო არის ის, რაზეც თითოეული ჩვენგანი უნდა ვზრუნავდეთ. ღმერთმა გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას სიყვარულით. სიყვარულით შეგვიძლია ჩვენ გავერთიანდეთ ასევე ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. გაუმარჯოს ჩვენს ერთიან საქართველოს, რომელიც გაერთიანებულია სწორედ სიყვარულით ადამიანებს შორის. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, შემიძლია, პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობების დაცვისთვის და ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.