1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “როგორ მოიგო რუსეთმა დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციური ომი”- Newsweek
“როგორ მოიგო რუსეთმა დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციური ომი”- Newsweek

“როგორ მოიგო რუსეთმა დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციური ომი”- Newsweek

728
0

ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ მოიგო რუსეთმა დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციური ომი“ (ავტორები – მაიკლ გეფლერი და დევიდ რანდელი), რომელშიც გაანალიზებულია რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ მიმართული დასავლეთის სანქციების შედეგები – დაზარალდა თუ არა კრემლი აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სავაჭრო ემბარგოთი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ახლა უკვე სრულიად აშკარაა, რომ რუსეთმა დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციების ნეგატიური შედეგები დასძლია – სანქციებისა, რომლებიც ამერიკამ და ევროკავშირმა კრემლის ეკონომიკის დასანგრევად შემოიღო – იმ იმედით, რომ რუსეთს უკრაინიდან გასვლას აიძულებდა. მაგრამ მოსალოდნელი კოლაფსის ნაცვლად რუსული ეკონომიკა იზრდება. 2023 წლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის, მაგრამ თუ კვარტლების შედეგებით ვიმსჯელებთ – შარშან მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მატებამ 5,5% შეადგინა- მთლიანი წლის მშპ 3%-ზე მეტი უნდა იყოს.

ბედის ირონიით, ამ მხრივ რუსებს საქმე უფრო კარგად აქვთ, ვიდრე იმათ, რომლებმაც კრემლს სანქციები გამოუცხადეს: აშშ-ის ეკონომიკა 2023 წელს მხოლოდ 2,4%-ით გაიზარდა, გერმანიაში მშპ საერთოდ შემცირდა, ევროკავშირში კი ზრდა მხოლოდ 1%-ით გამოიხატა.
უკრაინიდან ჯარის გაყვანის ნაცვლად, რუსეთმა კიდევ უფრო გაადიდა სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა 190 ათასიდან 600 ათასამდე.

ომის დაწყებიდან დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ისეთი კომპლექსი დააწესეს (13 პაკეტი!), რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არცერთი ქვეყნის მიმართ არ მომხდარა, თუმცა რუსეთის ეკონომიკას ამით მაინცდამაინც არაფერი არ დაჰკლებია. იყო მხოლოდ ზომიერი რეცესია 2022 წელს, რომელიც სწრაფად იქნა გადალახული. რუსული რუბლის კურსი დროებით დაეცა, მაგრამ მალე ისევ თითქმის ტრადიციულ ნორმას დაუბრუნდა… და ეს იმ დროს, როცა საომარ მოქმედებებს უზარმაზარი რესურსები ხმარდება.
როგორ მოახერხა რუსეთმა წარმატების მიღწევა? სრულიად მარტივად: რუსებს აქვთ ბევრი ოქრო, ბევრი მარცვლეული, ბევრი ნავთობი და გაზი, ჰყავთ ბევრი მეგობარიც. მათ მარჯვედ გამოიყენეს თავიანთი შესაძლებლობები სანქციების გვერდის ავლის მიზნით. კაცმა რომ თქვას, ამის პროგნოზირება ადვილად შეიძლებოდა და ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს,
2022 წლის მარტში „დიდი შვიდეულის“ წევრებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის საზღვარგარეტ არსებული რეზერვები გაყინეს – თითქმის 300 მილიარდი დოლარი, რაც ქვეყნის სავალუტო რეზერვების ნახევარს შეადგენს. დასავლეთი ვარაუდობდა, რომ რუსულ რუბლს „მტვრად აქცევდა“, მაგრამ ეს არ მოხდა. რატომ? იმიტომ, რომ ცენტრალურმა ბანკმა რუბლის ოქროზე მიბმა გადაწყვიტა და ეს ოპერაცია ოქროს დიდძალი რეზერვებითა და საწარმოო სიმძლავრეებით განამტკიცა.

რასაკვირველია, ამის გრძელვადიანობა სარისკოც იყო, მაგრამ მოსკოვმა დრო მოიგო – სულ რაღაც სამი თვის განმავლობაში კრემლმა შეძლო ნავთობისა და გაზის ნაკადები ევროპიდან აზიისაკენ შეებრუნებინა და ქვეყნის ეკონომიკა დასავლური სანქციების საპასუხოდ გარდაექმნა.

რუსეთს დიდი დრო არ დაუხარჯავს ნავთობისა და გაზის ექსპორტის ინდოეთისა და ჩინეთისაკენ მიმართვისათვის. კრემლმა პეკინს და ნიუ-დელის მნიშვნელოვანი შეღავათები შესთავაზა. შედეგმაც არ დააყოვნა: დღეს ეს ორ სახელმწიფო რუსული ნავთობ-გაზის საექსპორტო მოცულობის 90%-ს იღებს.

ევროპა თუ ადრე რუსული ენერგო შემცველების 40%-ს იღებდა, ახლა მხოლოდ 4-5%-ს. დასავლური ჯარიმებისაგან თავი რომ აერიდებინა, რუსეთმა ისეთი ქვეყნებისაგან დაიქირავა ნავთობისა და გაზის ტანკერები, რომლებზეც სანქციები არ ვრცელდებოდა. დღეისათვის რუსეთს დიდი „ჩრდილოვანი ფლოტი“ აქვს შექმნილი, რომლის მეშვეობით დღე-ღამეში 7,5 მილიონ ბარელი ნავთობის ექსპორტს ახდენს, ანუ მცირედით ნაკლებს, ვიდრე საუდის არაბეთი.

რუსებმა ისარგებლეს მეგობრების შესაძლებლობებითაც – დახმარებისთვის მიმართეს ჩინეთს და თურქეთს, ყირგიზეთს, განსაკუთრებით კი ირანს და ჩრდილოეთ კორეას, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ სანქციების გადალახვის სფეროში. მათი მეშვეობით, ტრანზიტულად, რუსეთი იმპორტიორებს მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას – მიკროჩიპებს (ინტეგრალურ ელექტრონულ სქემებს), ავტომობილებს, სათადარიგო ავიანაწილებს. მაგალითისათვის ეს ციფრიც კმარა: 2023 წლის პირველ 9 თვეში რუსეთ-ყირგიზეთის ვაჭრობა 5500%-ით გაიზარდა!

რუსეთი თვითკმარი სახელმწიფოა – მას განუზომელი ბუნებრივი რესურსები აქვს: ხე-ტყე, მტკნარი წყალი, ენერგო შემცველები, იშვიათი ლითონები… და მარცვლეული, რომლის რეკორდულ მოსავალს იღებს ბოლო წლებში და რომელიც სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. რუსეთის ხორბლის უდიდეს ექსპორტიორ ქვეყნად გადაიქცა.

ამის ერთ-ერთი მიზეზია გლობალური დათბობა, რომელსაც რუსეთისათვის გარკვეულ ნეგატიურ შედეგებთან ერთად, პოზიტიურიც მოაქვს – ციმბირში ტემპერატურამ მოიმატა და მარცვლეულის თესვის არეალი გაფართოვდა, თეთრი დათვების გასაჭირი კი ვლადიმერ პუტინს მაინცდამაინც არ აღელვებს.

ნატოს მიერ ნაჩუქარმა „სასწაულებრივმა იარაღმა“ – ამერიკულმა ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემებმა HIMARS-ებმა, ტანკებმა – „ლეოპარდებმა“ (გერმანია), „ჩელენჯერებმა“ (დიდი ბრიტანეთი), „ბრედლებმა“ და „აბრამსებმა“ (აშშ) და სხვა უამრავმა სამხედრო ტექნიკამ უკრაინის კონტრშეტევას წარმატება ვერ მოუტანა. დასავლელმა დიპლომატებმა ვერც შეძლეს რუსეთის იზოლირებაც: მოსკოვისაკენ მიილტვიან „გლობალური სამხრეთის“ (უწინდელი „მესამე სამყაროს“) ქვეყნები – კრემლს BRICS-ში გაწევრიანების მსურველები ქვეყნების რიგი უდგას. დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ეკონომიკური ომი ჩაიფუშა.

დღეისათვის რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი საზღვარგარეთული აქტივები გაყინულია, ანუ წესით ზემოთ აღნიშნული 300 მილიარდი დოლარით ვერავინ ვერ უნდა ისარგებლოს, მაგრამ ზოგიერთი დასავლელი ექსპერტი აცხადებს, რომ ფული კონფისკებული უნდა იქნას და უკრაინას გადაეცეს.

რასაკვირველია, ყველას აქვს სიტყვის თქმის უფლება, მაგრამ გააჩნია რას იტყვი – ამ შემთხვევაში რუსეთის კუთვნილი თანხების კონფისკაცია სრული უგუნურებას და გიჟურ იდეას წარმოადგენს. თუ დასავლეთი, უპირველესად კი აშშ, ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს გამოიწვევს იმას, რომ ყველა ამერიკული დოლარის ალტერნატივის ძებნას დაიწყებს, სარეზერვო ვალუტის სახით.

გამოდის, რომ თუ ვაშინგტონს რაიმეს აწყენინებ, ფინანსური საფრთხე დაგემუქრება. 300 მილიარდის კონფისკაცია და უკრაინისათვის გადაცემა ისეთი ნაბიჯი იქნება, რასაც რუსების დასავლეთისადმი სიძულვილის გაღვივება მოჰყვება – როგორ, ამერიკა და ევროპა ჩვენ ფულს ჩვენს მოწინააღმდეგეს აძლევს? ეს არ უნდა იქნეს დაშვებული. რას იზამს ვლადიმერ პუტინი?

ალბათ, პირველ ეტაპზე კრემლიც რუსეთში არსებული ყველა დასავლური კომპანიის აქტივების კონფისკაციას მოახდენს. მზად არის აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო კომპენსაცია გადაუხადოს მათ მფლობელებს?

სანქციების გამოცხადება იოლია, მაგრამ იშვიათად თუ ამართლებენ. ერთი შეხედვით თითქოსდა სერიოზულ ზომებს ჰგვანან, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ეკონომიკურ „მოჩვენებითობას“ წარმოადგენს.

სანქციებმა უკრაინას სასიკეთო ვერაფერი შემატა – კიევს ცოცხალი ძალის მწვავე დანაკლისი აქვს, უმთავრდება ფული, საბრძოლო მასალები… მას ვადებიც კი აღარ აქვს საკმარისი ომის გასაჭიანურებლად.

დროა დასავლეთმა შეწყვიტოს ფულის მიცემა „ჯიბეგახვრეტილი კაცისათვის“.

წყარო: