1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უკრაინის პრეზიდენტის მიმართ მხარდაჭერა სუსტდება”- Der Standard
“უკრაინის პრეზიდენტის მიმართ მხარდაჭერა სუსტდება”- Der Standard

“უკრაინის პრეზიდენტის მიმართ მხარდაჭერა სუსტდება”- Der Standard

296
0

ავსტრიულმა ყოველდღიურმა გაზეთმა „დერ სტანდარდმა“ (Der Standard) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „უკრაინის პრეზიდენტის მიმართ მხარდაჭერა სუსტდება: ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთთან მძიმე ომის გამო, თავისი პოლიტიკური პროგრამის რეალიზება ვერ შეძლო“ (ავტორი – დიტერ ზეგერტი, პოლიტოლოგი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვოლოდიმირ ზელენსკი მრავალი წლის განმავლობაში იყო მსახიობი და იმავდროულად ბიზნესმენიც. სატირულ კინო-სერიალ „ხალხის მსახურში“ მან გამოგონილი პრეზიდენტის ვასილ გოლობოროდკოს როლი შეასრულა, რომელმაც საოცრად იოლად მოაგვარა უკრაინის ბევრი სერიოზული პრობლემა – კორუფცია, ოლიგარქების გავლენა, ნათლიმამობა და ა.შ. ისტორიის მასწავლებელი და შემდგომ უკვე პრეზიდენტი ვასილ გოლობოროდკო (ვოლოდიმირ ზელენსკი) წარმატებებს ადვილად აღწევს და მოხერხებულად უვლის გვერდს არაკეთილმსურველების მიერ დაგებულ ხაფანგებს.

კინოსერიალი „ხალხის მსახური“ 2015 წელს უკრაინის იმ ტელეარხით გადაიცემოდა ეთერში, რომელიც ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ეკუთვნოდა. ეს ის დროა, როცა პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტად ახალი არჩეული იყო… მან თავის მიერ გატარებული პოლიტიკით (წინამორბედების მსგავსად) ამომრჩეველთა უკმაყოფილება დაიმსახურა და როცა 2019 წელი მოახლოვდა – საპრეზიდენტო არჩევნების დრო, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შექმნა პარტია „ხალხის მსახური“, თავისი კანდიდატურა წარადგინა და არჩევნებში დამარწმუნებელი გამარჯვება მოიპოვა.

მსახიობიდან პრეზიდენტობამდე

პირველ ტურში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხმების 30% მიიღო, ხოლო მეორე გადამწყვეტ ტურში – 73% უკრაინაში ასეთი მაღალი მაჩვენებლებით არცერთ პრეზიდენტს არ მოუგია არჩევნები, ასეთი მტკიცე გამარჯვება ეფუძნებოდა უპირველესად კონტრპროგრამას პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ, რომლის ლოზუნგი იყო „არმია! ენა! სარწმუნოება!“. პეტრო პოროშენკო გამოდიოდა რუსეთზე სამხედრო გამარჯვების მიღწევისათვის, რუსული ენის შეზღუდვისათვის და (მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებელი) უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის პრიორიტეტისათვის, რომლის დაარსებას თვითონ შეუწყო ხელი.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკის, პეტრო პოროშენკოსაგან განსხვავებით, რუსეთთან მოლაპარაკება და მშვიდობიანი თანაარსებობა სურდა, არ უნდოდა რუსული ენის ჩაყენება შეზღუდულ მდგომარეობაში და ამომრჩევლებს ოლიგარქებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ჰპირდებოდა. პრეზიდენტად არცევის შემდეგ მან დაითხოვა პარლამენტი და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ „ხალხის მსახურმა“ ყველაზე მეტი მანდატი მიიღო – კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვა.

ისევე როგორც მისი ყველა წინამორბედმა, საბოლოო ჯამში ვერც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვერ განახორციელა თავისი საარჩევნო პროგრამის რეალიზება, რადგან ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. ძველმა პარლამენტმა ჯერ კიდევ დათხოვნის წინ მიიღო რუსული ენის შემზღუდავი კანონი, რომლის თანახმად, უკრაინული ენა ერთადერთი სახელმწიფო ენა ხდებოდა ადმინისტრაციულ-სახელისუფლებო და სასამართლო ორგანოებში. ახლადარჩეული პრეზიდენტი რუსეთთან დონბასის გამო მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ცდილობდა მინსკის შეთანხმებების საფუძველზე, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის მიზნის მიღწევაში ხელი უკრაინის ნაციონალისტურმა ძალებმა შეუშალეს. თავის მხრივ, სიტუაცია გაართულა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც, რომელმაც დონბასის ადგილობრივ სეპარატისტულ რუსულენოვან მოსახლეობას რუსეთის მოქალაქის პასპორტები დაურიგა.

რაც შეეხება ოლიგარქებთან ბრძოლას, ვოლოდიმირ ზელენსკის ამ საკითხშიც, როგორც იტყვიან, „კოვზი ნაცარში ჩაუვარდა“: იგი პეტრო პოროშენკოს ოლიგარქების გამო აკრიტიკებდა, რომ „მის ზურგს უკან უცხოეთში რეგისტრირებული ყალბი კომპანიები დგანანო“, მაგრამ კრიტიკა შეწყდა მას შემდეგ, როცა ე.წ. „პანამის დოკუმენტებით“ გაირკვა – თურმე მსგავსი კომპანიები ვოლოდიმირ ზელენსკისაც ჰქონია დარეგისტრირებული. მოკლედ, რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკის პოპულარობა მნიშვნელოვნად შემცირდა და მისი რეიტინგი 24%-მდე დაეცა.

რუსეთის თავდასხმა – „მაშველი რგოლი“ ზელენსკისათვის

2022 წლის 24 თებერვლიდან ვოლოდიმირ ზელენსკის ავტორიტეტის გაზრდისათვის ახალი შანსი გაუჩნდა – მისი რეიტინგი გაიზარდა იმის გამო, რომ რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ მან, როგორც პრეზიდენტმა, ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციის შესრულება დაიწყო და მოსახლეობას ყოველდღიურად მიმართავდა სიმტკიცე გამოეჩინათ და პარალელურად, დასავლეთის სახელმწიფოებს დახმარებისათვის მიმართავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ომის პირველ დღეებში ვოლოდიმირ ზელენსკის უეჭველად საფრთხე ემუქრებოდა, მან კიევი არ დატოვა და საზოგადოების წინაშე უშიშრად გამოდიოდა. შესაბამისად, მისი რეპუტაცია მოსახლეობაში 90%-მდე გაიზარდა. პრეზიდენტის გამოსვლები უკრაინელებს იმედსა და რწმენას მატებდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ ყირიმს უკრაინის არმიის კონტრშეტევის შედეგად 2023 წლის ზაფხულში რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლდებოდა.

დიდი იმედგაცრუება დიდი მოლოდინის შემდეგ

ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლების პრობლემა იმით გამოიხატებოდა, რომ ერთი მხრივ, თავისი მიმართვებით იგი მოსახლეობას გამარჯვების იმედს უსახავდა, მაგრამ მეორე მხრივ, რეალური სამხედრო შედეგები სრულიად სხვაგვარად გამოიყურებოდა. არარეალური და ცრუ პროგნოზები კი ტრადიციულად გადადგომის ფაქტორებს წარმოადგენენ. 2023 წლის შემოდგომაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა პოლიტიკურმა მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა ვოლოდიმირ ზელენსკი სწორედ იმის გამო გააკრიტიკა, რომ იგი არარეალურ მიზნებს ისახავდა და მოსახლეობა გადაჭარბებული მოლოდინები გაუჩინა. ექს-მრჩეველმა მოსახლეობას ქვეყნის მმართველი გუნდის მიერ ჩადენილი ზოგიერთი არასწორი ქმედებაც გაუმხილა: მისი თქმით, პრეზიდენტის გარემოცვა ატერორებდა და თრგუნავდა ბიზნესის წარმომადგენლებს, არღვევდა პოლიტიკურ კონკურენტთა უფლებებს და შიდასახელისუფლებო ტირანიას ამყარებდა.
„ხალხის მსახურებმა“ ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს უფლებამოსილება შეუზღუდეს და საზღვარგარეთ გამგზავრება პოლიტიკური ნიშნით აუკრძალეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის რისხვა თავს დაატყდა ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთ პოლიტიკურ კონკურენტს, კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს, რომელმაც შვეიცარიული გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში გაბედა და ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა.

მაგრამ საზოგადოების ყურადღება ყველაზე მეტად მიიპყრო ღია უთანხმოებამ, რომელიც უკრაინის არმიის მთავარსარდალს, გენერალ ვალერი ზალუჟნისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გაჩნდა, ქვეყნის სამხედრო მდგომარეობის შეფასების მხრივ.

საქმე იმაშია, რომ ვალერი ზალუჟნიმ ბრიტანული ჟურნალის – „ეკონომისტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო სიტუაცია „ჩიხში შევიდა“, არმიის კონტრშეტევა შეჩერდა, მოწინააღმდეგის [რუსეთის] ძალები არასწორად იქნა შეფასებული და რომ რუსეთზე გამარჯვებისათვის დასავლეთის მეტი დახმარებაა საჭირო, ცოცხალი ძალის დანაკარგები დიდია და არმიის შესავსებად ფართო მობილიზაცია აუცილებელია. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკი არ დაეთანხმა გენერლის პოზიციას და განაცხადა, რომ სიტუაცია ჩიხში შესული არ არის.

გადახრა ავტორიტარიზმისაკენ?

ბოლო დროს, როცა აშკარა გახდა, რომ უკრაინას წინ გაჭიანურებული ომი ელოდება და დასავლელმა მოკავშირეებმაც კიევს ფულითა და იარაღით დახმარება შეუმცირეს, პრეზიდენტის კურსის მხარდამჭერებს ეჭვი გაუჩნდათ – რამდენად საიმედო და რეალურია ვოლოდიმირ ზელენსკის დაპირება ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების სრული გაყვანისა და 1991 წლის დროინდელი საზღვრების აღდგენაზე. პრეზიდენტის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის შემცირება დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უეცრად არ დაწყებულა, მისი სიმპტომები შეუმჩნევლად გაჩნდა და თანდათანობით გაძლიერდა – განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა პრეზიდენტის გუნდმა დემოკრატიის შეზღუდვა დაიწყო: აიკრძალა გავლენიანი ოპოზიციური პარტია „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის“; უნიფიცირებული გახდა სატელევიზიო პროგრამები და გაძლიერდა ცენზურა; შეიზღუდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (რომელიც ადრე რუსეთის საპატრიარქოსადმი იყო დაქვემდებარებული, თუმცა მოგვიანებით მოსკოვთან კანონიკური კავშირები გაწყვიტა) და ის პრორუსულად შერაცხეს, პარლამენტმა მიიღო კანონი (პირველი მოსმენით) მისი საქმიანობის საერთოდ აკრძალვის შესახებ; ამჟამად განიხილება კანონპროექტი, რომლის თანახმად, არმიაში მამაკაცების თანაბრად, ქალებიც შეიძლება გაიწვიონ, რადგან უკრაინის არმია ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგებს განიცდის. კანონპროექტის მიხედვით, გამკაცრდება ჯარში გაწვევის თავის ამრიდებლების დასჯაც.

ამასთან, ექსპერტები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ დემოკრატიის პრინციპების დარღვევა და კანონების გადაჭარბებული გამკაცრება მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს.

პრეზიდენტის ბედი

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ერთი წლის წინ მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში მაღალი მხარდაჭერით სარგებლობა, დღეს თავის მომხრეებს თანდათან კარგავს, მის მიერვე გატარებული პოლიტიკის გამო. როგორც ჩანს, თუ არჩევნები ჩატარდება (ან შესაძლოა არჩევნების გარეშეც), იგი თავისი წინამორბედის ბედს გაიზიარებს და შეიძლება პოსტი დაკარგოს.

მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განასხვავებს ფილმში გამოგონილი ისტორიის მასწავლებლის ვასილ გოლობოროდკოსაგან, ისაა, რომ მან წარუმატებლობა განიცადა პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტაში, რუსეთის აგრესიის ჟამს.

წყარო