1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „პუტინი დიქტატორი და ტირანია, მაგრამ დასავლეთმა უნდა იცოდეს მისი მასაზრდოებელი ძალებიც“ – რას წერს „გარდიანი”
„პუტინი დიქტატორი და ტირანია, მაგრამ დასავლეთმა უნდა იცოდეს მისი მასაზრდოებელი ძალებიც“ – რას წერს „გარდიანი”

„პუტინი დიქტატორი და ტირანია, მაგრამ დასავლეთმა უნდა იცოდეს მისი მასაზრდოებელი ძალებიც“ – რას წერს „გარდიანი”

374
0

ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) რუბრიკით „კომენტარი“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინი დიქტატორი და ტირანია, მაგრამ დასავლეთმა უნდა იცოდეს მისი მასაზრდოებელი ძალებიც“ (ავტორი – საიმონ ჯენკინსი). „მმართველობის დემოკრატიული ფორმა თავის უპირატესობას კარგავს. ახალი თაობა სულ უფრო მეტად იზიარებს „ძლიერი ლიდერის“ მმართველობას“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:

დასავლური მასმედიის რეპორტაჟებში, რომლებშიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები გაშუქდა, ხშირია ერთგვარი ირონია და დაცინვაც კი – არჩევნებს თან სდევდა დემოკრატიით ბოროტად სარგებლობა, ფალსიფიცირება, მონაცემების შეცვლა და საერთოდ, ყველაფერი ფიქტიურობის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ოპოზიციური კანდიდატები მხოლოდ ვლადიმერ პუტინის აჩრდილებს წარმოადგენდნენ… ამომრჩევლები ხმის მისაცემად რიგებში კი იდგნენ, მაგრამ მათი რიგში დგომა ჩუმ პროტესტს გამოხატავდა, ანუ ხმების ის 87%, რაც ვლადიმერ პუტინმა მიიღო, სინამდვილეში პროტესტის გამოხატვის რაოდენობა იყო.

ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტად არჩევას დემოკრატიასთან არაფერი საერთო არ ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო სოჭის 2024 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების განმეორება – შედეგების გლობალური ფალსიფიცირება, გლობალური მხარდაჭერით. როცა 18 მარტს ვლადიმერ პუტინი წითელ მოედანზე გამოვიდა მხარდამჭერთა წინაშე, ჩვენ მისი სახით ახალი ივანე მრისხანე ვიხილეთ ვასილი ნეტარის ტაძრის ფონზე. ჩვენ დავინახეთ აბსოლუტური ხელისუფალი – მოღიმარი და მტრისათვის ბრძოლის გამომწვევი პიროვნება, რომელიც ორი წლის წინ სანქციებით უნდა დამხობილიყო, მაგრამ დღემდე ეს არ მომხდარა.

ზოგჯერ ვფიქრობ, მე თვითონ როგორ აღვწერდი ამ ყოველივეს, ერთი თვით რომ ლონდონში ტოტალიტარული რუსეთის რომელიმე სახელმწიფო გაზეთის კორესპონდენტი ვყოფილიყავი: ალბათ, დავწერდი დიდი ბრიტანეთის მთავრობის შეცდომებზე, დავწერდი კორუფციაზე, ცუდ ლონდონზე და წესიერ, სტაბილურ მოსკოვზე, მკითხველებს მოვუყვებოდი პოპულისტი პოლიტიკოსების – ბორის ჯონსონის, ლი ანდერსონის, ნაიჯელ ფარაჯის, ჯორჯ გალოუეის და სხვათა შესახებ, რომლებიც მომენტს ელოდებიან, რომ რიში სუნაკზე რევანში აიღონ… მოკლედ, ბევრ კრიტიკულ მასალას დავწერდი.

მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენი წარმოდგენები სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე ჩვენს სუბიექტური აღქმას წარმოადგენს და არანაირად იქაური მაცხოვრებლების გრძნობებს და აზრებს არ გამოხატავს. ჯორჯ ქენანის მიერ ნაკარნახევმა თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა გაფრთხილებამ კომუნიზმის შეკავებისა და მასთან თანაცხოვრების შესახებ ადგილი სხვა დღის წესრიგს დაუთმო. დღეს ჩვენს პრესაში არამარტო რუსეთი, არამედ ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთი კორეა და სირია, არამედ აზიისა და აფრიკის სხვა ბევრი სახელმწიფო რეგულარულად ხდებიან კრიტიკის ობიექტები. ჩვენ ვწერთ, რომ ისინი ტირანული და ავტორიტარული ქვეყნები არიან, რომ მხარს უჭერენ ტერორიზმს და გენოციდს უწყობენ საკუთარ ხალხს. ისინი გახდნენ ეკონომიკური აგრესიების მსხვერპლნი, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანის ცხოვრების დონე მკვეთრად დაეცა. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციები დემოკრატიის განვითარების საქმეს წინ არ სწევს, ხდება პირიქით – სანქციებით დემოკრატია სუსტდება და ქრება.

გამოკვლევების შედეგების თანახმად, 2015 წლიდან მსოფლიოში დემოკრატიული მთავრობებისა და საერთოდ ხელისუფლებების კლება დაიწყო. წიგნების მაღაზიების თაროები სავსეა ისეთი პოლიტიკური ლიტერატურით, რომლებშიც დემოკრატიის საბოლოო სიკვდილია პროგნოზირებული. ამ მხრივ ყველაზე საგანგაშოა გასულ წელს ჩატარებული გამოკითხვა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარდა დემოკრატიის შესახებ. როგორც ირკვევა, მმართველობის უპირატეს ფორმად დემოკრატიას მხოლოდ ადამიანთა 57-60% თვლის (18-დან 35 წლამდე), ხოლო შუახნის (50 წელზე მეტი ასაკის) მქონე ადამიანებში ასეთებია 70%. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მომავალი თაობის წარმომადგენლები დემოკრატიის მიმართ სულ უფრო ნაკლებ პატივისცემას იჩენენ. დღეს მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მესამედი (35 წლამდე) მხარს დაუჭერდნენ ერთგვარ „სამხედრო მმართველობას“, „ძლიერ ლიდერს“, რომელიც არჩევნებს არ ჩაატარებდა და ამ საკითხზე პარლამენტთან კონსულტაციებს არ გამართავდა.

როცა მე ერთ-ერთ რუს ექსპერტს არჩევნებამდე ვკითხე, თუ როგორი იყო, მისი აზრით, ვლადიმერ პუტინის ჭეშმარიტ მხარდამჭერთა რაოდენობა, მისი ვარაუდები ზემოხსენებული გამოკითხვის შედეგს დაემთხვა: მან აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს მხარს დაუჭერს ამომრჩეველთა 60%, თუმცა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მხარდამჭერთა რაოდენობა შედარებით ნაკლები იქნებაო. მახსენდება 1990-იანი წლების რუსეთი, როცა მოქალაქეები აღიარებდნენ დასავლური დემოკრატიის ღირსებებს, მაგრამ იქვე ამბობდნენ, რომ მოენატრათ მტკიცე ხელი და სტაბილური წესრიგი.

ვლადიმერ პუტინისათვის ხმის მიცემის დროს ბევრი რუსი, ალბათ, სულაც არ ფიქრობდა მისი რეჟიმის განმტკიცებაზე და უკრაინის ომზე. ისინი, სავარაუდოდ, სრულიად კმაყოფილები იყვნენ იმითაც, თუ რას ჰპირდებოდა პრეზიდენტი სამომავლოდ: უსაფრთხოებას და რუსული ტრადიციულ და პატრიოტულ პასუხს მზაკვარი და ბოროტმოქმედი დასავლეთის ხრიკების მიმართ. ნატოს მიერ უკრაინისადმი გაწეული დახმარების გადაზრდამ ანტირუსულ სრულმასშტაბიან ეკონომიკურ ომამდე ვლადიმერ პუტინს ანტიდასავლური კოალიციის შექმნის შესაძლებლობა მისცა: ამჟამად კოალიციაში შესული სახელმწიფოების ტერიტორია გადაჭიმულია ჩინეთიდან და ინდოეთიდან აფრიკამდე და ლათინურ ამერიკამდე. დასავლეთის მიერ დაწყებული ეკონომიკური ომი აშკარად კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა: გასულ კვირაში ჟურნალი „ეკონომისტი“ იუწყებოდა, რომ ანტირუსულმა დასავლურმა სანქციებმა „რუსეთის ეკონომიკა გამოაღვიძა და წინ უბიძგა“: რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ ბრიტანულ დაახლოებით 3%-ით გაუსწრო, ანუ დასავლური პოლიტიკა აქტიურად ეხმარება ვლადიმერ პუტინს ხელისუფლების შენარჩუნებაში.

როგორც თანამედროვე რუსეთის ისტორიის შემსწავლელი დასავლელი ისტორიკოსი მარკ გალეოთი აღნიშნავს, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოვლენილმა დაუმორჩილებლობამ დასავლელი ლიდერების წინაშე რუსეთს „პოლიციური სახელმწიფოს“ სახელი დაუმკვიდრა. ჩვენ შეგვიძლია რუსეთის პრეზიდენტი შეურაცხვყოთ ისევე, როგორც სი ძინპინს ვლანძღავთ და სხვებს. შესაძლოა, ჩვენ ამით რაღაც შვებას ვიგრძნობთ. ალბათ, ეს გარკვეულწილად სწორიც იქნება, რადგან ეს ის რეჟიმები არიან, რომლებიც მოწონებას ნამდვილად არ იმსახურებენ…
მაგრამ მოდით ვიყოთ რეალისტები: არ არსებობს მცირეოდენი იმედიც კი იმისა, რომ თუ ჩვენ ნამდვილად ასე გავაკეთებთ და მოვიქცევით, მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილი გახდება დემოკრატიისათვის. ალბათ, უფრო პირიქით იქნება.

წყარო