ომის 511-ე დღე – რუსული ძალები კიევს დრონებით დაესხნენ თავს
უკრაინაში რუსული ძალების მიერ რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის გამო, ფართომასშტაბიანი განგაში გამოცხადდა.
საოკუპაციო ძალებმა გამთენიისას, კიევის ოლქზე იერიში მიიტანეს, საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ დრონები გაანადგურა.
“მთელი უკრაინისთვის რთული ღამეა. სამხრეთი, განსკუთრებით ოდესის ოლქი. მაგრამ მტერმა არც კიევი დაივიწყა, “შაჰედებით” კვლავ შეუტია დედაქალაქს“, – განაცხადა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ.
მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა, თუმცა მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსებმა შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს და აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში.
ოკუპირებული ყირიმის ე. წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, ნახევარკუნძულის კიროვის რაიონში მდებარე სტაროკრიმსკის პოლიგონზე საბრძოლო მასალის საწყობი იწვის.
მისივე განცხადებით, უკრაინის ჯარმა საბრძოლო მასალის საწყობს დაარტყა, გრძელდება დეტონირება, რის გამოც გადაკეტილია მოძრაობა ტავრიდის გზატკეცილზე.
„პოლიგონთან ახლო მდებარე ზონიდან 4 დასახლებული პუნქტის მცხოვრებლების ევაკუირება არის დაგეგმილი – ეს ორ ათასზე ადამიანზე მეტია“, – განაცხადა აქსიონოვმა.
რეგიონში ღამით 53 აფეთქება აღირიცხა. აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესასა და ზაპოროჟიეში. გრძელდება კონტრშეტევითი ოპერაცია ფრონტის აღმოსავლეთ ხაზზე.
უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის თავდაცვითმა ძალებმა წინ წაიწიეს ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მიმართულებით. წინსვლის შესახებ იუწყებიან ბახმუტის მიმართულებითაც. განსაკუთრებით აქტიურია საბრძოლო მოქმედებები ავდეევკის მისადგომებთან.