1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დრო გვაჩვენებს”: როგორ რეაგირებენ ყირიმელები უკრაინული დრონების დარტყმებით გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზისზე”-Deutsche Welle
“დრო გვაჩვენებს”: როგორ რეაგირებენ ყირიმელები უკრაინული დრონების დარტყმებით გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზისზე”-Deutsche Welle

“დრო გვაჩვენებს”: როგორ რეაგირებენ ყირიმელები უკრაინული დრონების დარტყმებით გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზისზე”-Deutsche Welle

0

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დრო გვაჩვენებს“: როგორ რეაგირებენ ყირიმელები უკრაინული დრონების დარტყმებით გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზისზე“ (ავტორი – ევგენი დიუკი), რომელშიც ნახევარკუნძულზე შექმნილი პრობლემებია განხილული. როდის მიაღწევს მოსახლეობის უკმაყოფილება კრიტიკულ დონეს და რა პერსპექტივა ელოდება წინ რუსეთს? რას ფიქრობს რუსული ელიტა?

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 

უკრაინული დრონების რეგულარულმა დარტყმებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ყირიმის პროდუქციით მომარაგება გაართულა. ტვირთების გადამტანი ზოგიერთი კომპანია უარს აცხადებს რეისების შესრულებაზე, რადგან უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს. ამ ფონზე გაჩნდა მნიშვნელოვანი პრობლემები ნახევარკუნძულის საწვავით მომარაგებასთან დაკავშირებით: მაისის ბოლოს ბენზინის გაყიდვა ნაღდ ფულზე ჯერ შეიზღუდა, შემდეგ კი ადგილობრივმა საოკუპაციო ხელისუფლებამ ელექტრონული აღრიცხვის ტალონები შემოიღო. შესაბამისად, გაჩნდა „შავი ბაზარი“, სადაც საწვავის ყიდვა ტალონებისა და შეზღუდვის გარეშე შეიძლება. ბენზინის უკმარისობამ და საერთო სიტუაციის დაძაბვა ტურისტული სეზონს ჩაშლით ემუქრება, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშელოვანი ეკონომიკური დარტყმა იქნება.

 

დოიჩე ველემ“ შეისწავლა ყირიმელების რეაქცია ენერგეტიკულ კრიზისის თაობაზე და ესაუბრა ექსპერტებსაც – რა შესაძლო დესტრუქციული შედეგების მოტანა შეუძლია ამგვარ სიტუაციას რუსეთის ხელისუფლებისათვის.

 

ყირიმი – „თეთრი ლაქა“ სოციოლოგებისათვის

 

ის ყირიმელები, რომლებთანაც „დოიჩე ველემ“ გასაუბრება მოახერხა, ცდილობდნენ თავშეკავებულად გამოეხატათ თავიანთი რეაქცია პოლიტიკურ თემებზე. ერთ-ერთმა მოსაუბრემ, რომელიც დრონების შეტევაზე ლაპარაკობდა, გაურბოდა სიტყვა „უკრაინის“ ხსენებას და მას მხოლოდ „სხვა მხარეს“ უწოდებდა. კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა იგი ყირიმის მომავალს, მან მოკლედ უპასუხა: „დრო გვაჩვენებს, რა პერსპექტივა გველოდება“.

 

ყირიმში შექმნილი საზოგადოებრივი განწყობების შეფასება საკმაოდ რთულია. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტის ყირიმის ფილიალის მიერ 2024 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად (უახლესი ოფიციალური მონაცემები არ  არსებობს), ყირიმელების დიდი ნაწილი ზოგადად პოზიტიურად აფასებდა სიტუაციას და იწონებდა ფედერალური ხელისუფლების საქმიანობას, ხოლო უკმაყოფილოთა რაოდენობა შედარებით დაბალი იყო. თუმცა გამოკითხულთა პასუხებში უკვე შეიმჩნეოდა შიშები ფრონტის (საომარი მოქმედებების) სიახლოვისა და რიგი სოციალური პრობლემების მოუგვარებლობის გამო.

 

ამჟამად ყირიმის მოსახლეობის განწყობის გასაგებად რაიმე გამოკვლევების ჩატარება აკრძალულია. სოციოლოგი ანა კულეშოვა ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ნახევარკუნძული დამოუკიდებელი მკვლევარებისთვის „ბრმა ლაქად“ იქცა: რესპოდენტები თვითცენზურის რეჟიმს იცავენ. „ყირიმელებმა რომ სოციოლოგებთან ისაუბრონ, ამისათვის აუცილებელია ნდობის ატმოსფერო იყოს. როცა მხარეები ერთმანეთს ეჭვის თვალით ვუყურებენ, ობიექტური განწყობის გაგება რთულია. გარდა ამისა, დამოუკიდებელი მკვლევარებისათვის დაფინანსების წყაროების მოპოვება ძნელია“, – ამბობს ანა კულეშოვა.

 

კრემლი და მოსახლეობის განწყობა

 

„რუსულ საზოგადოებაში შექმნილი კრიტიკული განწყობები კრემლის პოლიტიკურ კურსს ვერ შეცვლის“, – დარწმუნებულია პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინი, რომელიც ადრე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში მუშაობდა და გარკვეული დროის განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული საბჭოს წევრიც იყო, ახლა კი საზღვარგარეთ, რიგაში (ლატვია) იმყოფება. მისი თქმით, ამ მხრივ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს რუსულ ელიტაში არსებულ განწყობებს.

 

„დოიჩე ველესათვის“ მიცემულ ინტერვიუში ექსპერტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ელიტისათვის ომის გაგრძელების სურვილი დამოკიდებულია დანაკარგებზე და სარგებელზე. „კატასტროფა ვლადიმერ პუტინისათვის დაიწყება მაშინ, როცა ელიტის რომელიმე ჯგუფი იგრძნობს, რომ ომისაგან უფრო მეტად აგებს, ვიდრე იგებს“, – აცხადებს დიმიტრი ორეშკინი. მისი აზრით, უკრაინული დარტყმების გაძლიერება სულ უფრო მძიმედ იმოქმედებს რუსეთის ეკონომიკის, დემოგრაფიის მდგომარეობაზე და ხელისუფლების მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიის მართვაზე.

 

ექსპერტი ასევე არ გამორიცხავს, რომ სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში კრემლს შეუძლია ისევ გაამწვავოს ბირთვული რიტორიკა, თუმცა ჯერ-ჯერობით, მისი შეფასებით, რუსული ელიტა მზად არ არის პრეზიდენტთან ღია დაპირისპირებისათვის და ამიტომ ბირთვული რიტორიკა უფრო მეტად დასავლეთზე ზეწოლის მოსახდენ ინსტრუმენტს წარმოადგენს, ვიდრე რეალურ საფრთხეს.

 

„როცა ელიტისათვის ნათელი გახდება, რომ „ან ჩვენ უნდა მოვიცილოთ ვლადიმერ პუტინი, ან ის ჩვენ მოგვიცილებს“, კრიზისი სწორედ მაშინ დაიწყება“, – ასეთ რეზიუმეს აკეთებს ექსპერტრი დიმიტრი ორეშკინი.

 

 

წყარო: