“ომი რუსეთისა და უკრაინის ცაში: იმ დროს, როცა სახმელეთო ბრძოლები შენელებულია, საჰაერო შეტევები სულ უფრო მწვავე და დამანგრეველი ხდება”-The New York Times
„ომი რუსეთისა და უკრაინის ცაში: იმ დროს, როცა სახმელეთო ბრძოლები შენელებულია, საჰაერო შეტევები სულ უფრო მწვავე და დამანგრეველი ხდება“ – ასეთი სათაური აქვს აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ავტორი, პოლიტიკური მიმომხილველი მარკ სანტორა აანალიზებს სამხედრო-საჰაერო შეტევებს კონფლიქტის მხარეებს შორის, საუბრობს უკრაინისა და რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის წინაშე მდგარ პრობლემებზე და ასკვნის, რომ მიუხედავად უკრაინის რიგი წარმატებებისა, დღეისათვის უპირატესობა საჰაერო ფრონტზე მაინც რუსეთს აქვს.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
იმ დროს, როცა უკრაინისა და რუსეთის სახმელეთო ფრონტის ხაზი სისხლიან ჩიხშია შესული, ცაში ომის მომავალი ტრაექტორია იკვეთება.
საჰაერო ომი, თავისი არსით, ყოვლისმომცველ, მათ შორის სამხედრო-ტექნოლოგიურ დაპირისპირებასაც წარმოადგენს, რომელიც, ხატოვნად რომ ვთქვათ, „ხეების ზემოთ რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე იწყება და დედამიწის ახლო ორბიტაზე მყოფ კოსმოსურ თანამგზავრებამდე ვრცელდება“. საჰაერო ომის შედეგად ფიზიკური დანაკარგები გამოიხატება იმ დაბომბვებით, რომლებსაც დრონები და რაკეტები ახორციელებენ მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, თუმცა ბევრი ფაქტის დაფიქსირება ხშირად შეუძლებელია და ამიტომ ზუსტი რაოდენობა მაინც უცნობი რჩება.
უკრაინა, რუსეთის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტებისადმი დარტყმების მისაყენებლად, სარგებლობს ფეთქებადი დრონებით, რომლებიც ბომბავენ როგორც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ნავთობტერმინალებს, ასევე ორმაგი დანიშნულების მქონე საქონლით ონლაინ-ვაჭრობის კომპანიის საწყობებს, ფრონტის ხაზიდან მრავალი ასეული კილომეტრის დაშორებით.
თავის მხრივ, რუსეთიც აქტიურობს და ყოველთვიურად ზრდის დაბომბვების რაოდენობას როგორც დრონებით, ასევე ფრთოსანი და განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტებით, სარგებლობს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვაში გაჩენილ ნარღვევებს („ხვრელებს“) სასიკვდილო-დამანგრეველი ეფექტის მისაღწევად.
ივლისში მოსკოვმა უკრაინის (ძირითადად კიევის) მიმართულებით სულ ცოტა 126 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც მთელი საომარი პერიოდისათვის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. შესაბამისად, გასულ თვეში დაიღუპა 400-მდე მშვიდობიანი მცხოვრები, რაც სამოქალაქო მოსახლეობისათვის ყველაზე სისხლისმღვრელი გამოდგა 2022 წლის აპრილიდან.
რუსეთი აძლიერებს დარტყმებს უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართაც, რითაც ხელს უშლის მარცვლეულის ექსპორტს. გარდა ამისა, საჰაერო შეტევებით ნადგურდება ისედაც ძალიან დაზარალებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და მატულობს შიში, რომ ქვეყანას მომავალი მძიმე ზამთარი ელოდება.
სამწუხარო ისაა, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა კრახის წინაშე დგას – არ არის საკმარისი რუსული ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების ჩამომგდები საზენიტო სისტემები, განსაკუთრებით კიმ „პეტრიოტისთვის“ აუცილებელი ანტირაკეტები. ბოლო დღეებში უკრაინის არმიის სარდლობა აღიარებს, რომ ვერცერთ რუსულ ბალისტიკურ რაკეტას ვერ აგდებს. რას ნიშნავს ბალისტიკური რაკეტის ვერ ჩამოგდება? ნიშნავს იმას, რომ მოსკოვის მიერ გაშვებული ყოველი რაკეტა თავის სამიზნეს შეუფერხებლად აღწევს და ანადგურებს.
რუსეთ-უკრაინის ომი, თავისი არსით, ორი ომია ერთ ომში.
პირველი მიწაზე უწყვეტად, სადღეღამისოდ მიმდინარეობს ქვეითი ჯარისკაცებისა და დრონების მეშვეობით 1200 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე: რუსეთი ჯერ კიდევ ცდილობს უკრაინის მიწა-წყლის დაპყრობას და ამისათვის ყოველთვიურად ათეულ ათასობით ჯარისკაცს წირავს – შესაბამისად, ნელ-ნელა წინ მიიწევს. უკრაინა კი, თავის მხრივ, საკუთარ ტერიტორიას იცავს ბევრად მცირერიცხოვანი არმიით და ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული მიწები, სადაც ეს შესაძლებელია, განსაკუთრებით სამხრეთის მიმართულებით.
მეორე ომი ცაში მიმდინარეობს, ხშირად ღამ-ღამობით და მოიცავს შორეულ ქალაქებს და სამხედრო ობიექტებს. რაც დრო გადის, საჰაერო ომი სულ უფრო დამანგრეველი და სიკვდილის მთესველი ხდება როგორც რუსებისათვის, ასევე უკრაინელებისათვის.
საჰაერო შეტევების სამიზნეები ხშირად გამოდის სუფთა სამხედრო ჩარჩოებიდან. კიევი ცდილობს გააუარესოს კრემლის ეკონომიკური პრობლემები ისე, რომ ეს თითოეულმა რუსმა საკუთარ თავზე იგრძნოს, აიძულოს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას იმ პირობებით, რომლებსაც კრემლი ვერ უკარნახებს.
რუსეთისათვის საჰაერო ომის გაგრძელება გამიზნულია ოთხწლიანი კამპანიის გასაგრძელებლად, უკრაინელების სიმტკიცის გასატეხად და მათი ქალაქების ნანგრევებად გადასაქცევად.
საჰაერო ომი, რაც დრო გადის, უფრო დაძაბული ხდება – ორივე მხარე მეტ ინოვაციურ იარაღს ამზადებს, ხშირია მასობრივი მასშტაბური შეტევები დრონებითა და რაკეტებით. ამჟამად რუსეთმა დაიწყო ტურბოხრახნულძრავიანი დრონების შეცვლა რეაქტიულძრავიანი დრონებით, რომელთა წარმოება (აწყობა) შედარებით იაფი ჯდება. მოსკოვი ასევე უშვებს იაფფასიან ფრთოსან რაკეტებსაც. რუსული თვითმფრინავები სულ უფრო მეტ „მფრინავ“ ბომბებს ყრიან თანამგზავრული დამმიზნებლებით, რომლებიც საფუძვლიანად ანგრევენ დასახლებულ პუნქტებს. უკრაინამაც დაიწყო სამამულო წარმოების ბალისტიკური რაკეტების „ფლამინგოების“და ჰიბრიდული რაკეტ-დრონების წარმოება. ორივე მხარე აქტიურად იყენებს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს და ავტონომიურ სისტემებს, რომლებიც მოწინააღმდეგისაკენ იარაღს ადამიანის ჩარევის გარეშე მიმართავს.
უკრაინას ამჟამად ურთულესი სიტუაცია აქვს შექმნილი „პეტრიოტისათვის“ აუცილებელი რაკეტების საკითხში. „პეტრიოტის“ საზენიტო დანადგარი რუსული ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგოდ იყენებს ანტირაკეტებს P-2 და P-3-ს, რომლებსაც მხოლოდ ამერიკული კომპანიები ამზადებენ. ამერიკას კი, თავის მხრივ, სულ უფრო მეტი ასეთი იარაღი ჭირდება ირანთან ომში და ამიტომ უკრაინისადმი მათ მიწოდებას (ნატოს ევროპული წევრების მეშვეობით) ვეღარ უზრუნველყოფს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაავალა უკრაინელ დიპლომატებს, რომ მათ ევროპული მთავრობები დაარწმუნონ – აშშ-საგან ადრე ნაყიდი „პეტრიოტის“ თავიანთი რაკეტები უკრაინას დაუთმონ.
უკრაინისათვის ფრიად სამწუხარო რეალობაა ის, რომ დონალდ ტრამპმა ფაქტიურად უარი თქვა თავისი დაპირების შესრულებაზე – მიეცა უკრაინისათვის ლიცენზია „პეტრიოტის“ რაკეტების დასამზადებლად.
რუსეთისათვის ამჟამად უმთავრეს ამოცანად ითვლება თავისი ფართო ტერიტორიის დაცვა უკრაინული დრონების შეტევებისაგან. წინა საუკუნეების ომებში რუსეთი თავისი დიდი ტერიტორიით თავდაცვისათვის სარგებლობდა – შეეძლო უკან დაეხია, შემდეგ კი ძალა მოეკრიბა და მოწინააღმდეგის არმიაზე მასშტაბური შეტევა განეხორციელებინა, ახლა კი ასეთი ტაქტიკა უშედეგოა: უკრაინული დრონები ათასობით კილომეტრის სიღრმით იჭრებიან რუსეთის საჰაერო სივრცეში და ფრონტის ხაზიდან ძალიან შორს მდებარე ქარხნებს და ენერგეტიკულ აფეთქებენ. რუსეთის ოდესღაც მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვას უკრაინამ ბზარი გაუჩინა და მას აფართოებს.
ანატოლი ხარჩინსკის თქმით (იგი უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების თადარიგის ოფიცერია, სამხედრო ანალიტიკოსი), რუსეთს, როგორც ბირთვული [და ყველასთვის საშიში] არსენალის მქონე სახელმწიფოს, იმედი ჰქონდა, რომ მას არ დაჭირდებოდა თავისი ტერიტორიის სრული დაცვა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით: ვინ გაბედავდა მასობრივი მოსპობის იარაღის მქონე უძლიერესი სახელმწიფოს კუთვნილ რომელიმე ქარხნისა და სამხედრო ობიექტის დაბომბვას? კრემლი მოტყუვდა. რუსეთის არმიის სარდლობამ ტაქტიკური ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები „პანცირი“ („ბაკანი“) და „თორი“ ფრონტის ხაზის ახლოს გადაისროლა და ქვეყნის სიღრმეში მდებარე სამხედრო ობიექტები თითქმის დაცვის გარეშე (40%-ით) დატოვა.
„პრობლემა, რომელსაც რუსეთი აწყდება, ძირითადად გეოგრაფიული ხასიათისაა“, – ამბობს ჯასტინ ბრონკი, ლონდონის უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, – „რუსეთს უდიდეს ფართობზე აქვს გაფანტული სამხედრო ობიექტები და მათი დაცვა დრონებისაგან ძალიან რთულია. მოსკოვს ხშირად უწევს არჩევანის გაკეთება: რომელს მიანიჭოს პრიორიტეტი – ფრონტის ხაზის დაცვას თუ ფრონტისაგან შორს მდებარე ობიექტებს“.
მართალია, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა ჯერ კიდევ ძლიერია, მაგრამ უკრაინულმა დრონებმა მოახერხეს მისი გარღვევა და მოსკოვის ახლოს მდებარე ობიექტებს ბომბავენ – დასავლეთისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრისგან ცაში ავარდნილი შავი კვამლი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მთავარი ციტადელის – მოსკოვის დაცვაც კი შეიძლება გარღვეული იქნას. კიევმა ბოლო დროს დაიწყო ონლაინ-რიტეილერის „ვაილდბერიზის“ საწყობების დაბომბვა, რითაც რუსეთის ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებს: „ვაილდბერიზი“ გადასახადების ერთ-ერთი უდიდესი გადამხდელია ქვეყნის მასშტაბით.
მაგრამ უკრაინა როგორც არ უნდა შეეცადოს, ის მაინც ვერ შეედრება რუსეთს სამხედრო-სამრეწველო მასშტაბებით. რუსეთი მეტ დრონს და მეტ რაკეტას ამზადებს: უკრაინული სპეცსამსახურების მონაცემებით, რუსეთი ყოველთვიურად უშვებს 120 ბალისტიკურ რაკეტას და შესაბამისად, აშშ ვერანაირად ვერ მოახერხებს „პეტრიოტისთვის“ საჭირო ამდენივე რაკეტის დამზადებას. მით უმეტეს, თუ რუსულ რაკეტებს ჩრდილოკორეული რაკეტებიც დაემატება.
მნიშვნელოვანია ითქვას: რუსეთის სამხედრო-სამრეწველო სექტორი მოქმედებს მიწოდების ისეთი ჯაჭვით, რომელმაც დასავლურ სანქციებს გაუძლო და სარგებლობს ჩინური ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებით.
მოკლედ, რუსეთის სტრატეგია ეფუძნება „ცივ გათვლას“: მას შეუძლია უკრაინის თავდაცვა მანამდე გამოფიტოს, სანამ საკუთარი სამხედრო მრეწველობა და სამობილიზაციო რესურსები გამოიფიტება.