“რუსეთი საჰაერო შეტევებით უკრაინის ეკონომიკას ანადგურებს”-Financial Times
ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 20 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთი საჰაერო შეტევებით უკრაინის ეკონომიკას ანადგურებს“ (ავტორი – ფაბრის დეპრე), რომელშიც განხილულია უკრაინის ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობა.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
რუსული დრონების დარტყმები მეტალურგიულ საწარმოებზე, ნავსადგურებზე და რკინიგზებზე უკრაინას საბიუჯეტო შემოსავლების მკვეთრი შემცირებით ემუქრება – ხაზინას 1,5 მილიარდ დოლარზე მეტი მოაკლდება..
კიევის მილიონი მცხოვრებისათვის თითქმის ყოველდღიურად ქალაქის ცაზე არსებული შავი კვამლი, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების გრიალი და სუპერმარკეტების ცარიელი თაროები მწარე რეალობაზე მიანიშნებს: რუსეთის საჰაერო კამპანია უკრაინის ეკონომიკას ანადგურებს.
აგვისტოს ბოლოს და სექტემბერის დასაწყისში რუსული რაკეტებმა და ახალმა რეაქტიულმა დრონებმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში სავაჭრო ცენტრების, საწყობების და ლოჯისტიკური ობიექტების განადგურება დაიწყეს, რის შედეგადაც დაირღვა მრავალი კომპანიის მუშაობის რიტმი, მათ შორის მსხვილი უკრაინული რეტეილერებისაც – გამომცემლობების, ფარმაცევტული ჯგუფებისა და ქვეყნის უდიდესი კერძო საფოსტო ოპერატორის – „ნოვაია პოჩტის“ საქმიანობაც.
„რუსეთს უკრაინის ეკონომიკის განადგურება და, შესაბამისად, ჩვენი წინააღმდეგობის გატეხვა სურს“, – განაცხადა გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსულმა დარტყმებმა უკრაინის სუპერმარკეტებში (დიდ უნივერსალურ მაღაზიებში) პროდუქციის დიფიციტი გამოიწვია – პირველად 2022 წლიდან, როცა კრემლმა მეზობლის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში, მაგალითად, კომპანია „ნოვუსის“ ქსელში მომხმარებლებისათვის ცარიელ თაროებზე წარწერები გააკეთეს: „თქვენთვის სასურველი პროდუქცია რუსებმა გაანადგურეს“.
როცა რუსულმა რეაქტიულმა დრონმა მაღაზიების ქსელს „სათამაშოების სახლს“ დაარტყა, კომპანიის გენერალური დირექტორი მარია ნაზარენკო დაუყონებლივ გაემართა შემთხვევის ადგილისაკენ. იგი ფიქრობდა, რომ მეხანძრეები ცეცხლმოდებულ საწყობს გადაარჩენდნენ, მაგრამ რადგანაც საჰაერო თავდასხმები გრძელდებოდა, სპეცტექნიკა შენობასთან მისვლას ვერ ახერხებდა. მარია ნაზარენკო საკუთარი თვალით ხედავდა, თუ როგორ იფერფლებოდა მისი კომპანიის მთავარი საწყობი. დღის ბოლოს მან განაცხადა, რომ ყველაფერი დაიწვა.
ისევე როგორც უკრაინული დრონები ანადგურებენ რუსული „ვაილდბერიზისა“ და „ოზონის“ საწყობებს, რუსეთმაც ანალოგიური მოქმედება დაიწყო – აფეთქებენ და ანგრევენ უკრაინული „ევას“, „ვარუსისა“ და სხვა კომპანიების საწყობებს, რომლებიც, თავის მხრივ, პროდუქციით მაღაზიებს ამარაგებენ ან ონლაინ-ვაჭრობას ეწევიან.
სექტემბრის დასაწყისიდან რუსულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა დაანგრიეს უკრაინის სამი მეტალურგიული ქარხანა ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის (დნიპროს) ოლქებში. დარგის არსებობას საფრთხე დაემუქრა – თანაც ისეთი დარგის, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის წყაროს წარმოადგენდა. გასულ კვირას ორმა რუსულმა ბალისტიკურმა რაკეტამ საბოლოოდ გაანადგურა ზაპოროჟიეს დიდი მეტალურგიული საწარმო.
„დღეიდან უკრაინას ფოლადსადნობი მრეწველობა აღარ აქვს“, – განაცხადა „ფაინენშელ თაიმსის“ კორესპონდენტთან საუბარში ალექსანდრე ვოდოვიზმა, კომპანია „მეტინვესტის“ წარმომადგენელმა, – „ჩვენი ქარხნები აღარ მუშაობენ. რუსებმა კარგად იცოდნენ, თუ სად უნდა დაერტყათ ქარხნების გასაჩერებლად“.
ზაპოროჟიეში რაკეტები თუჯისა და ფოლადის სადნობ ღუმელებს მოხვდა და დაანგრია. იგივე მოხდა კრივოი როგშიც – ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიურ ქალაქში. კომპანიების „მეტინვესტისა“ და „არსელორმეტალის“ განცხადებით, მათი ქარხნები, რომლებიც რამდენიმე თვის წინათ უკრაინის მეტალურგიული მრეწველობის 90%-ზე მეტ პროდუქციას იძლეოდა, ამჟამად სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან და მათი ამუშავება შეუძლებელია.
„ჩვენ არ ვიცით, რამდენი ხანი გაგრძელდება რემონტი – კვირეები, თვეები თუ წლები“, – ხაზი გაუსვა ალექსანდრე ვოდოვიზმა. მისი თქმით, მეტალურგიული მრეწველობის კოლაფსი ნეგატიურ გავლენას მოახდენს სხვა დარგებზეც და, რა თქმა უნდა, „ბიუჯეტის შემოსავლებზეც“.
რუსული რაკეტები და დრონები უტევენ უკრაინის რკინიგზასაც: ამას წინათ სასტიკად დაიბომბა სარნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სარკინიგზო სადგური როვნოს ოლქში, ხოლო პოლონეთის საზღვართან ახლოს, სადგურ იაგოდინთან რუსულმა დრონებმა ააფეთქეს სატვირთო მატარებლის ლოკომოტივი (თბომავალი). ნიშანდობლივია, რომ დაბომბვამდე რამდენიმე წუთის წინ იმავე სადგურზე გაიარა „კიევ-ვარშავის“ სამგზავრო მატარებელმა, რომელშიც უცხოელი დელეგაციის წევრები ისხდნენ.
უკრაინა უტევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, სამაგიეროდ, რუსეთმა ზაფხულიდან უკრაინის ბენზინგასამართი სადგურების განადგურება დაიწყო, რის შედეგადაც დაწესებულებებს და მოსახლეობას საწვავით მომარაგებაში პრობლემები გაუჩნდა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის სერგეი კორეცკის თქმით, რუსეთის დარტყმების გამო სახელმწიფოს ბიუჯეტს, გადასახადების სახით, 1,5 მილიარდი დოლარის შემოსავლები დააკლდება. და ეს ხდება იმ დროს, როცა უკრაინას ისედაც აქვს 27 მილიარდი დოლარის დეფიციტიანი ბიუჯეტი, რომელიც ძირითადად დასავლეთის დახმარებით ფინანსდება.
მთავრობის შეფასებით, უკრაინას მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება მთლიანი შიდა პროდუქტის 1,5% უჯდება, რაც ფულადი გამოხატულებით საკმაოდ დიდ თანხას ნიშნავს.
„ამჟამად კრიტიკული სიტუაციაა შექმნილი – უკრაინას მარცვლეულის მოსავლის 40%-ის ექსპორტი არ შეუძლია: ოდესის ნავსადგური დანგრეულია, დუნაისპირა ნავსადგურებიც პრაქტიკულად არ მუშაობენ“, – ამბობს ანტონ ჟემერდეევი, უკრაინის აგრარული კომპანიის „ტასაგროს“ გენდირექტორი.
კიევის საინვესტიციო ბანკის Dragon Capital-ის მთავარი ეკონომისტის ელენე ბელანის აზრით, მიმდინარე წლის ბოლოს უკრაინის ეკონომიკა კიდევ უფრო „ჩაიძირება“. კომპანიებს სხვა გზა არ რჩებათ, რომ თავიანთი ხარჯების ზრდა მომხმარებლის ჯიბიდან აინაზღაურონ – ფასები კიდევ უფრო გაიზრდება“.