1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ნატოში შიდა დაპირისპირებების არსებობა ვლადიმერ პუტინისათვის საჩუქარს ნიშნავს” – The Washington Post
“ნატოში შიდა დაპირისპირებების არსებობა ვლადიმერ პუტინისათვის საჩუქარს ნიშნავს” – The Washington Post

“ნატოში შიდა დაპირისპირებების არსებობა ვლადიმერ პუტინისათვის საჩუქარს ნიშნავს” – The Washington Post

218
0

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „ნატოში შიდა დაპირისპირებების არსებობა ვლადიმერ პუტინისათვის საჩუქარს ნიშნავს“, რომელშიც გაანალიზებულია თურქეთისა და ალიანსის სხვა წევრების ურთიერთობის პრობლემები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თუ არ ჩავთვლით რუსეთის დამარცხებას ბრძოლის ველზე ან მოსკოვის რეჟიმის სავარაუდო ჩანაცვლებას ისეთი ახალი ხელისუფლებით, რომელსაც იმპერიალისტური ფანტაზიები აღარ ექნება, უკრაინის ომი დასავლეთს რაიმე სხვა გრძელვადიან სტრატეგიულ მოგებასა და წარმატებას არ უქადის. ერთადერთ კრიტიკულ გამონაკლისად შეიძლება მივიჩნიოთ ნატოს გაფართოება შვედეთისა და ფინეთის ხარჯზე, თუმცა ეს პერსპექტივაც საკმაოდ მაცდურად გამოიყურება, რადგან შეიძლება დაიბლოკოს 30-დან ერთი ქვეყნის – თურქეთის მიერ. ასეთი ჩიხური სიტუაცია მთელ რიგი პრობლემებით არის განპირობებული, მათგან არცთუ უმნიშვნელო როლს ასრულებს თურქეთის რთული საშინაო პოლიტიკური სიტუაცია, დაკავშირებული პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანთან, რომელიც მან თვითონ შექმნა.

მისტერ რეჯეფ ერდოღანს დაუღალავი მომლაპარაკებლის სახელი აქვს და, რასაკვირველია, იგი აუცილებლად ისარგებლებს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტით, რათა ნატოელი მოკავშირეებისაგან გარკვეულ დათმობებს მიაღწიოს და ივნისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი გამარჯვებისათვის წინასწარი ეროვნული მხარდაჭერის ბაზაც შექმნას. 

შესაბამისად, სახიფათო იქნება ყურადღება არ მივაქციოთ იმას, თუ რა მოხდება რეჯეფ ერდოღანის გამარჯვების შემთხვევაში – მით უმეტეს, რომ მისი მმართველობის ბოლო პერიოდი მზარდი ინფლაციით და ეკონომიკური რყევებით გამოირჩევა. თურქეთსა და ნატოს სხვა წევრებს შორის უთანხმოების მოგვარებას მოქნილი დიპლომატიური სვლები დაჭირდება და ალბათ, რეალური დათმობებიც, რომლებზეც ვაშინგტონს წასვლა მოუწევს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და კონგრესს ასეთ სიტუაციაში საკვანძო როლის შესრულება შეუძლიათ. ისინი დათმობებზე წასასვლელად იძულებულნი და მოვალენიც კი არიან – იმიტომ, რომ როგორ „გულისძმარვასაც არ უნდა იწვევდეს“ ნატოსათვის თურქეთი, ანკარა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის მაინც ძალზე ძლიერ და შეუცვლელ წევრს წარმოადგენს, ხოლო ნატოს გაფართოების (ან არ გაფართოების) შედეგები ტიტანური მნიშვნელობისა იქნება.

შვედეთი და ფინეთი მაინცდამაინც დიდი ქვეყნები არ არიან: მათი მოსახლეობა ნატოს წევრების მთლიანი მოსახლეობის – 950 მილიონი მცხოვრების – მხოლოდ 2%-ს შეადგენს, მაგრამ მათ მოწინააღმდეგისათვის გამანადგურებელი დარტყმის მიყენება შეუძლიათ. მათი ნატოში გაწევრიანება ვლადიმერ პუტინისათვის სერიოზული სტრატეგიული დამარცხება იქნება, რადგან ალიანსის ტერიტორია რუსეთის საზღვრის გასწვრივ მნიშვნელოვნად ფართოვდება.

შვედეთისა და ფინეთის ნატოში მიღება, სხვა რომელიმე ნაბიჯთან შედარებით, რომლის გადადგმა ვაშინგტონს და ალიანსის სხვა წევრებს შეუძლიათ, ყველაზე საგრძნობი დარტყმა იქნებოდა მოსკოვისათვის, რომელიც ნათელს გახდიდა კრემლის უგუნურებას, რომელმაც სუვერენულ სახელმწიფოში სისხლიანი შეჭრა განახორციელა, თანაც ისეთში, რომელიც მას არ ემუქრებოდა. ფინეთისა და შვედეთის – ორი ღირსეული ქვეყნის – ალიანსში მიღება ნატოს უსაფრთხოების სფეროს გააფართოებდა და იმედს ჩაუნერგავდა მათ, ორივეს, როგორც რუსეთის მეზობლებს, რომლებმაც უარი თქვეს მრავალწლიან ნეიტრალიტეტზე მეზობლის აგრესიული პოლიტიკის გამო და იძულებულნი გახდნენ ნატოში მიღებაზე განაცხადი წარედგინათ.

მისტერ რეჯეფ ერდოღანმა, ისარგებლა რა ნატოს წესდებით გათვალისწინებული უფლებით, რომელიც ყოველ წევრს შესაძლებლობას აძლევს ვეტო დაადოს ახალი წევრების მიღებას, უკმაყოფილება გამოხატა  სტოკჰოლმისა და ჰელსინკის მიმართ. რასაკვირველია, ანკარას თავისი ინტერესები აქვს, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მაგრამ მის ნაბიჯში გამოიხატა ერთგვარი უთანხმოება დემოკრატიულ და დესპოტურ სახელმწიფოებს  – ფინეთ-შვედეთსა და თურქეთს შორის.

მისტერ რეჯეფ ერდოღანი შეუვალია – მას სურს, რომ ფინეთმა და შვედეთმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ აქტივისტები გადასცეს. ეს ორგანიზაცია აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად არის აღიარებული, ამ მხრივ თურქეთის პრეზიდენტი მართალია, მაგრამ რიგ შემთხვევებში იგი ისეთი პირების გადაცემას ითხოვს, რომლებიც შვედეთისა და ფინეთის კანონებით ანუ დასავლური სტანდარტებით ტერორისტებად არ ითვლებიან, ისინი მხოლოდ პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოდიან და რეჯეფ ერდოღანს აკრიტიკებენ (…). ყველა შემთხვევაში თურქი ლიდერი არ უნდა ელოდოს იმას, რომ შვედეთი, სადაც 100 ათასამდე  ქურთი ცხოვრობს, სასამართლოს დადგენილების გარეშე ანკარას ყველა იმ პირს გადასცემს, ვისაც რეჯეფ ერდოღანი თავის პირად მტრად თვლის.

თურქეთის კიდევ ერთი პრეტენზია იარაღის მიყიდვის აკრძალვის გაუქმებას ეხება, რომელიც ახლა მოგვარების პროცესშია (…). ამ კონტექსტში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ავიაციის – „ფანტომის“ (F-16) ტიპის ავიაგამანადგურებლების მოდერნიზებაზე და მათ დამატებით შესყიდვაზე ამერიკული სანქციის მოხსნა. მიუხედავად იმისა, რომ რეჯეფ ერდოღანი მხარს უჭერს ჯო ბაიდენს, კონგრესში ბევრი ისეთი წევრია, რომლებიც ანკარას ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ, ან საბერძნეთს გულშემატკივრობენ, ამიტომ ისინი ამ ავიაკონტრაქტის წინააღმდეგ გამოდიან. ვფიქრობთ, კონგრესის მიერ შექმნილი ბარიერი ახლომხედველობის გამოვლინებაა და ის ფერმკრთალდება ნატოსათვის თურქეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლის ფონზე, ალიანსის გაფართოების საკითხში.

უეჭველია, რომ თურქეთი, რომელიც ნატოს წევრი 1952 წელს გახდა, ალიანსის შექმნიდან სამი წლის შემდეგ, ზოგჯერ თავისი მოკავშირეებისათვის უხერხული პარტნიორიც იყო. მისტერ რეჯეფ ერდოღანმა კი, ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ბრიუსელსა და ანკარას შორის არსებული ადრინდელი პრობლემები კიდევ უფრო გააღრმავა, განსაკუთრებით ეს ეხება რუსეთთან ურთიერთობას. მან მოსკოვისაგან С-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები შეისყიდა. თურქეთ-რუსეთის მჭიდრო ურთიერთობა, აშშ-ის აზრით, საფრთხის ქვეშ აყენებს ნატოს არსენალის მარგალიტს – ავიაგამანადგურებელ F-35-ს, რომლის შექმნის პროექტში მონაწილეობას თურქეთიც ითხოვს.

წყენა და ინტერესების შეჯახება არცერთი ალიანსისათვის სასურველი არ არის. ბოლოსდაბოლოს, თურქეთსა და ნატოს სხვა წევრებს ერთმანეთი ძალიან სჭირდებათ, რუსეთის აგრესიის შესაკავებლად. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს თურქეთი ჭირდება იმისთვის, რომ ანკარა თეირანის მხრიდან მუქარების გასანეიტრალებელი საყრდენი იყოს, რომ თურქეთმა უკრაინა დრონებით და სხვა იარაღით მოამარაგოს, რომ შავი ზღვა დახუროს [და ბოსფორ-დარდანელის სრუტეებში] რუსეთის სამხედრო ხომალდები არ გაატაროს და რომ რუსეთმა თავისი შავი ზღვის ფლოტი სხვა რეგიონებიდან გადმოსროლილი გემებით არ გააძლიეროს.

თურქეთისა და მისი მოკავშირეების ურთიერთობაში არსებული პრობლემების გამო მისტერ ვლადიმერ პუტინი შეიძლება გამარჯვებულად გამოვიდეს, თუ შვედეთისა და ფინეთის ნატოში მიღების საკითხი ჩაიშლება. ამიტომ რაც უფრო სწრაფად მორიგდებიან თურქეთი და მისი მოკავშირეები, მით უფრო უკეთესი იქნება ალიანსისათვის.    

წყარო