1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

119
0

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა. ამის შესახებ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დაწყების წინ გახდა ცნობილი.

როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ ხელისუფლებას ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიეწოდა.

მისივე ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში ამ დროისთვის საქართველოს შვიდი მოქალაქე იმყოფება.

როგორც ანთაძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას განიხილავენ და გასულ წელს შეაჯამებენ.

მისივე ინფორმაციით, გასულ წელს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ბორდერიზაციის 70-მდე ფაქტი დაფიქსირდა.

„ვისაუბრებთ უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე და მიმოვიხილავთ გასული წელს მომხდარ ინციდენტებს. ვისაუბრებთ ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე. მოგეხსენებათ, აგვისტოდან, ყოველი თვის 20 რიცხვიდან 30-მდე მუშაობდნენ ე.წ. გადასასვლელები. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება, გადმოსულიყვნენ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. შესაბამისად, გვაინტერესებს გაგრძელდება თუ არა ეს პრაქტიკა. ჩვენი პოზიცია არის, რომ მოიხსნას ყოველგვარი ხელოვნური შეზღუდვა ან გახანგრძლივდეს გადასასვლელების ფუნქციონირების დრო. რაც შეეხება დაკავებულებს, გუშინ ღამით ევროკავშირის ცხელი ხაზით გაზიარდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ. მოგვეწოდა მხოლოდ სახელი და გვარი, ვაზუსტებთ ინფორმაციას. ამ დროისთვის ჩვენი შვიდი თანამოქალაქე იმყოფება უკანონო პატიმრობაში და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მათ უპირობო გათავისუფლებას“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.