“ნაცმოძრაობის“ წევრები შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ და ლიდერის თავისუფლების აღკვეთას გლოვობდნენ”
„ნაცმოძრაობის“ წევრები შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ და ლიდერის თავისუფლების აღკვეთას გლოვობდნენ და არა ტაშ-ფანდურს აწყობდნენ “ვარდების რევოლუციის” 20 წლის თავზე. რა ეზეიმებათ?! – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მორალურად, რამდენად სწორია „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავის აღნიშვნა.
ხვიჩია ფიქრობს, რომ „ნაცმოძრაობაში“ ზეიმი საერთოდ შეჩერებული უნდა იყოს, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის.
„უცნაურია, როცა ბელადი ციხეში ზის და შენ ზეიმობ, გინდა „ვარდების რევოლუციის“ დღესასწაული იყოს, გინდა აღდგომა, გინდა ახალი წელის, გინდა დაბადების დღე. ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობაში“ ზეიმი საერთოდ შეჩერებული უნდა იყოს, სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის. რა ეზეიმებათ?! ისინი ახლა შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ და გლოვობდნენ ლიდერის თავისუფლების აღკვეთას და არა ის, რომ ტაშ – ფანდურს აწყობდნენ 20 წლის თავზე თითქოს რამე საზეიმო ჰქონდეთ. მე მათ ადგილას ასე მოვიქცეოდი”, – განაცხადა ხვიჩიამ.
მან ასევე რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივაზე ისაუბრა.
ამასთან, ხვიჩიას თქმით, „ლელოს“ ლიდერები პოლიტიკაში გასართობად არიან.
„მე მგონი, არც დაცვაა და არც კონფრონტაცია. ჩვეულებრივი შიდა პოლიტიკური მოხმარების განცხადებაა, სადაც ერთი პოლიტიკური ძალა უნდა აღმოჩნდეს რუსეთთან მებრძოლი წმინდა გიორგი, რომელიც ცხენზე ამხედრებულია და იბრძვის. „ლელო“ ცდილობს თავი ასე წარმოაჩინოს და ვინც მას ამ ჭენებაში არ მიყვება, „ლელოსთან“ შედარებით, ნაკლებად პატრიოტი და ნაკლებად ქართველია. ასეთ რიტორიკას ზოგადად, ეს საფუძველი აქვს ხოლმე, მაგრამ მგონია, რომ ცხენზე ამხედრებული ოპოზიციონერის მანტიიდან ქვეყნის დაცვა საკმაოდ ვადაგასულია და საზოგადოება ამას ადეკვატურად შეაფასებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.