1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მოსამართლის “დასჯა” საელჩოსთვის მიუღებელი განაჩენის გამოცხადების გამო – არის ნონსენსი – ქართველიშვილი
მოსამართლის “დასჯა” საელჩოსთვის მიუღებელი განაჩენის გამოცხადების გამო – არის ნონსენსი – ქართველიშვილი

მოსამართლის “დასჯა” საელჩოსთვის მიუღებელი განაჩენის გამოცხადების გამო – არის ნონსენსი – ქართველიშვილი

453
0

იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებას, სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი გამოეხმაურა. ქართველიშვილი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ნებისმიერი კომუნიკაცია და დასმული შეკითხვა დასავლელი პარტნიორების მისამართით, არასწორად აღიქმება ანტიდასავლურ რიტორიკად.

 

„ნებისმიერი ჩვენი მცდელობა, უხერხული და სახიფათო მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ს ელჩი ან მისი საელჩოს თანამშრომლები – მათი არაკეთილმოსურნეების მხრიდან აღიქმება, როგორც ჩვენი “ანტიდასავლური რიტორიკა” და “დისკრედიტაცია”, ხოლო თავად ელჩის დუმილი ბადებს სამწუხარო შთაბეჭდილებას, რომ რაც ჩვენ “უხერხულ” და “სახიფათო” პოზიციად მიგვაჩნია, საქართველოსთან, მის ხელისუფლებასთან თუ ცალკეულ სახელმწიფო ინსტიტუტებთან მიმართებაში – ჩვეული და აპრობირებული მიდგომაა, რომელსაც უნდა მივეჩვიოთ.

 

დღეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გარშემო აგორებულ საერთაშორისო სკანდალს, რომელსაც ქალბატონი ელჩი არა თუ არ ანიჭებს მსგავს შეფასებას, არამედ ზოგადად, განხილვის საგნადაც კი არ მიიჩნევს – გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოს რამდენიმე ყოფილი წევრი შემდეგი შეფასებით:

 

სამწუხაროა სასამართლო კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დუმილი ლაშა ჩხიკვაძის გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასების, და მით უმეტეს, მისი მხარდაჭერის კუთხით.

 

ნებისმიერი მხარის მიერ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა ანადგურებს სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეას.

 

მომხდარი ფაქტი არის საქართველოს კონსტიტუციის და ვენის კონვენციის უხეში დარღვევა.

 

მოსამართლის “დასჯა” საელჩოსთვის მიუღებელი განაჩენის გამოცხადების გამო – არის ნონსენსი.

 

ა.შ.შ.-ში მოსამართლეების ვიზიტების დაგეგმვის, ორგანიზების ცალმხრივ და არასწორ პრაქტიკაში – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი პრაქტიკულად უგულებელყოფილია.

 

ხშირია ა.შ.შ.-ს ელჩის, იუსტიციის საბჭოსთან, მის თავმჯდომარესთან ან მდივანთან ელემენტარული კომუნიკაციის გარეშე პერიოდულად სტუმრობა გარკვეულ სასამართლოებში.

 

ელჩის და მისი თანამშრომლების პირადი შეხვედრები და გასაუბრება მოსამართლეებთან – აკნინებს სასამართლო სისტემის ადმინისტრირების რგოლისა და ხელმძღვანელობის ფუნქციას,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

 

მისი თქმით, ელჩის მხრიდან მომხდარი ფაქტების იგნორირება კიდევ უფრო მეტ შეკითხვას ბადებს და საზოგადოების განწყობაზე უარყოფითად მოქმედებს.

 

„ასე რომ, ქალბატონი ელჩი მომხდარი ფაქტის იგნორირებით, სულ უფრო მეტ პასუხგაუცემელ კითხვებს ბადებს, რაც კონტრპროდუქტიულად აისახება საზოგადოებრივ განწყობაზე, ხოლო ჩვენი ძირითადი მიზანია – ეს უხერხულობა მოვხსნათ და აშშ-ს ელჩის ზემოქმედება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მხოლოდ კონსტრუქციულ და დადებით კალაპოტში გადავიყვანოთ,“- წერს დავით ქართველიშვილი.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრებმა ზაზა ხარებავამ, შოთა ქადაგიძემ და ლევან გზირიშვილმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აშშ-ში მოსამართლეების ვიზიტების დაგეგმვის ორგანიზების ცალმხრივ და არასწორ პრაქტიკაზე ისაუბრეს.