1. Home
  2. TOP სიახლე
  3. XV საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები”
XV საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები”

XV საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები”

768
0

24 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიო დრამატულ თეატრში XV საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე, ფესტივალის „ღამის სერენადები“ სამხატვრო ხელმძღვანელი,გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე, ფესტივალის „ღამის სერენადები“ დირექტორი ნინა ცაგარელი, ორკესტრის „საქართველოს ვირტუოზები“ კონცერტმაისტერი და პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე. სოპრანო ეილიკა ვუნში, ტენორი რიკარდო მარინელო, მევიოლინე ჰეიონ პარკი, პიანისტი თამარ ლიჩელი.

ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა ფესტივალის წლევანდელ პროგრამასა და კონცერტებში მონაწილე შემსრულებლებზე, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

სოფო ხალვაში, ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე:

“წლების განმავლობაში “ღამის სერენადები” ყოველთვის გამოირჩეოდა განსხვავებულობით, ეს ფესტივალი წელსაც იქნება მნიშვნელოვანი ჩვენი ბათუმისთვის. ტრადიციულად ქალაქ ბათუმის მერია მხარდამჭერია ფესტივალის და მინდა ვუსურვო ბევრი წარმატება, იმიტომ რომ ნამდვილად გამორჩეული მუსიკოსები არიან წელს და მსმენელს ელოდება ძალიან დიდი დღესასწაული.”

აკაკი ძნელაძე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე:

“აქ თავისთავად არა მარტო ბათუმისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის არის მნიშვნელოვაანი ფესტივალი “ღამის სერენადები”, იმიტომ რომ ხაზგასმით ვამბობ, ლიანა ისაკაძე არის გენიალური მუსიკოსი, თანაც “ღამის სერენადები” ბათუმი-თბილისის  გეოგრაფია მუსიკაში არის ერთ-ერთი ბრწყინვალე ეპიზოდი ქართულ-კულტურულ სივრცეში ბოლო წლების მანძილზე. აუცილებელია ამ ფესტივალის მხარდაჭერა. მომავალშიც ასე იქნება და კიდევ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ როგორ შეიძლება საერთაშორისო ფესტივალს “ღამის სერენადები”, რაღაც კულტურული ემოციური ხაზგასმა გავუკეთო, მაგრამ ასე ვიტყვი – ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კულტურული ფესტივალი თავისი ინტელექტით საქართველოში. დიდი მადლობა ამ ფესტივალს.”

გიორგი ისაკაძე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი:

“ფესტივალის პროგრამა ჩვეულებისამებრ ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა. წელსაც ვუმასპინძლებთ არაერთ მსოფლიოში აღიარებულ უცხოელ და ქართველ მუსიკოსს: Milano Classica-ს მთავარი დირიჟორი, Orchestra Scarlatti Young-ის მთავარი დირიჟორი და ტოსკანას ორკესტრის მთავარი მოწვეული დირიჟორი, ბეატრიჩე ვენეცი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატთან, ქართველ მევიოლინესთან, ვერიკო ჭუმბურიძესთან ერთად შეასრულებს ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტს. ლა სკალას ორკესტრის კონცერტმაისტერი, სოლისტი და ვენიავსკის კონკურსების ლაურეატი ლაურა მარზადორი მსმენელებს მოცარტის სავიოლინო კონცერტებს წარუდგენს. სოლო კონცერტს გამართავს ბეთჰოვენის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლესი სკოლის პროფესორი და თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული პიანისტი ანტი სიირალა.

საოცარი საღამო გვაჩუქეს გერმანული პროექტის “Das Supertalent” გამარჯვებულმა ტენორმა რიკარდო მარინელომ და საერთაშორისოდ აღიარებული ქართველმა ტენორმა გიორგი ონიანმა, რომლებმაც საოპერო მუსიკის შედევრები და ნეაპოლური სიმღერები შეგვისრულეს ქალაქ ბორჯომში. მინდა ავღნიშნო მსოფლიოში ცნობილი გერმანელი კლარნეტისტი საბინე გროფმაიერის საოცარი შესრულება.

კორეელი მევიოლინე ჰეიონ პარკი თამარ ლიჩელთან ერთად შეასრულებს ფრანკისა და ვოან უილიამსის ნაწარმოებებს, ასევე ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტს. პუბლიკა შეხვდება ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსებსაც. სოლისტებს ტრადიციულად თანხლებას გაუწევს ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“, კონცერტმაისტერი ლელა მჭედლიძე.”

ნინა ცაგარელი, ფესტივალის დირექტორი:

“მეთხუთმეტე, საიუბილეო „ღამის სერენადებს“ მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეებით ვხვდებით. უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავ, რომ გაიზარდა ჩვენი გეოგრაფიული არეალი და მასპინძელ ქალაქებს დაემატა ქალაქი ბორჯომი. წლევანდელმა ფესტივალმა სწორედ ბორჯომში აიღო სტარტი გალა-კონცერტით, შემდეგ კი ტრადიციულად ულამაზეს ბათუმში გადმოვინაცვლეთ. მეორე უმნიშვნელოვანესი სიახლე გახლავთ ის, რომ ფესტივალის პარტნიორთა სიას დაემატა ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, რომელიც ყოველწლიურად ფესტივალის ფარგლებში ერთ კონცერტს გამართავს. წლევანდელი ფესტივალი 6 დაუვიწყარ საღამოსთან ერთად უკვე ტრადიციულად გააერთიანებს მასტერკლასებს და ვორკშოპებს სამუსიკო სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და შშმ პირებისათვის, ასევე საქართველოში ასტრო-არტის და Art-Science -ის პირველი წარმომადგენლის მხატვარ ეკა აბულაძის ნამუშევრების გამოფენას.”

 

რიკარდო მარინელო, ტენორი:

“ძალიან ბედნიერი ვარ, აქ რომ ვიმყოფები. პირველად ვარ ბათუმში და ამაყი ვარ, რომ ჩემს მუსიკას შევთავაზებ ამ ფესტივალის დამსწრე საზოგადოებას. იტალიელი ვარ და შევასრულებ კლასიკად აღიარებულ ნაწარმოებებს ” ო სოლე მიო” და უდიდეს არიას “ნესუნ დორმა”.

აელიკა ვუნში სოპრანო:

“უბედნიერესი ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში და ამ ულამაზეს თეატრში შევხვდები მსმენელს. ჩემთვის უძვირფასეს არიებს შევასრულებ და იმედი მაქვს, რომ კონცერტზე მოსული მსმენელი ისიამოვნებს. დიდი მადლობა ქართველებს მოწვევისთვის.

ჰეიონ პარკი, მევიოლინე:

“დიდი სიამოვნებით ველოდები შეხვედრას მსმენელთან და მსურს ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინო – საუკეთესოდ დავუკრა. თათა ლიჩელთან ერთად დავუკრავ. უნიჭიერესი პიანისტია და მიხარია, რომ მასთან ერთად მუშაობის საშუალება მომეცა. მიყვარს საქართველო, კარგი ამინდია, კარგი განწყობა…”

შეგახსენებთ, რომ კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ წელს, მეთხუთმეტედ იმართება. ფესტივალს სამი ქალაქი ბორჯომი, ბათუმი და თბილისი მასპინძლობს. ტრადიციულად „ღამის სერენადები“ კონცერტებზე მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსები ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებენ .

ფესტივალის დამფუძნებელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე.
ფესტივალ „ღამის სერენადების“ ბათუმის კონცერტს მაყურებელი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 24 აგვისტოს 20:40 იხილავს.
პროგრამაშია ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – Exsultate, jubilate, K 165 ერნესტო დე კურტისი – Torna surriento ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – „მწყემსი მეფე“ – L’amerò, sarò costante იმრე კალმანი – „ჩარდაშის დედოფალი“ – Tanzen möcht’ ich სეზარ ფრანკი – სავიოლინო სონატა ლა მაჟორი ჯუზეპე ვერდი – „რიგოლეტო“ – La donna è mobile ფრანც ლეჰარი – „მხიარული ქვრივი“ – Lippen schweigen ჯაკომო პუჩინი – „ტურანდოტი“ – Nessun Dorma ედუარდო დი კაპუა – O sole mio ჯუზეპე ვერდი – „ტრავიატა“ – Sempre libera

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია,აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იტალიის საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში. მასპინძელი სასტუმროები: ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი. ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან “ივ როშე”, კომპანია „სარაჯიშვილი“, ძმები ხუციშვილების “ღვინის მარანი” “HOTSALE.GE”-ს პრემიუმ მიმართულება, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“ საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოსტ ტვ“, „ევრონიუს ჯორჯია“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“,„ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი “ამბები.ჯი”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“ , ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი „Messenger“, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.