1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მისასალმებელია, რომ ევროპული პერსპექტივა ოფიციალურ დოკუმენტაციაში პირველად ჩაიწერა – კალაძე
მისასალმებელია, რომ ევროპული პერსპექტივა ოფიციალურ დოკუმენტაციაში პირველად ჩაიწერა – კალაძე

მისასალმებელია, რომ ევროპული პერსპექტივა ოფიციალურ დოკუმენტაციაში პირველად ჩაიწერა – კალაძე

278
0

თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკომისიის გადაწყვეტილება მედიასთან საუბრისას შეაფასა.

მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მთავრობა მუშაობას დაიწყებს.

“მისასალმებელია ის, რომ პირველად ისტორიაში, ოფიციალურ დოკუმენტაციაში ევროპული პერსპექტივა ჩაიწერა. დარწმუნებული ვარ, რომ ამას 23 ივნისს ექნება მხარდაჭერა. რაც შეეხება დათქმებს, რაც სამივე ქვეყანას მოგვენიჭა, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მის შესასრულებლად”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ყველაფერი გააკეთა ევროპული მიმართულებით ქვეყნის წარმატების მისაღწევად.

“საქართველოს ხელისუფლებამ, 2012 წლიდან მოყოლებული, ყველაფერი გააკეთა. ყველა წარმატება, რაც დღეს ქვეყანას ევროპის მიმართულებით გააჩნია – ეს იქნება ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია თუ თავისუფალი ვაჭრობა, არის იმ ხელისუფლების გაკეთებული, საზოგადოებასთან ერთად, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას – ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნებთან შედარებით, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით წინ არის. საქართველოს უკან არასდროს არაფერში დაუხევია. თუნდაც ავიღოთ საერთაშორისო მისიები – ჩვენ ხომ ვიცით, რამხელა მსხვერპლი გავიღეთ, უამრავი დაღუპული ახალგაზრდა, ჩვენი ჯარისკაცები შეეწირნენ იმას, რომ მსოფლიოში ყოფილიყო მშვიდობა”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა უკრაინასა და მოლდოვას მიულოცა კანდიდატის სტატუსის მიღება და წარმატებები უსურვა.

“სამწუხაროდ, ვიცით, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ამაზე ღიად საუბრობდნენ ევროპელი ლიდერები. მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში, ომის გამო იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა, გულწრფელად მინდა უკრაინელ და მოლდოველ ხალხს მივულოცო და წარმატებები ვუსურვო”, – აღნიშნა კახა კალაძემ.