დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხის შემთხვევაში მზად არის, ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს დაუბრუნდეს: "თუ სამხედრო სამსახურში დაბრუნებისკენ კვლავ მომიწოდებენ და ამის საჭიროება იქნება, 100%-ით მზად ვიქნები, ჩემს თანამებრძოლებთან, ვეტერანებთან და მოქმედ სამხედროებთან ერთად ვემსახურო ჩემს ქვეყანას".


 პრინცმა, რომელიც გასულ კვირას მოულოდნელი ვიზიტით ლვოვში იმყოფებოდა, აღნიშნა, რომ ევროპამ საბოლოოდ გააცნობიერა ვლადიმერ პუტინისგან მომდინარე საფრთხე და შესაძლო კონფლიქტისთვის ყველა მზად უნდა იყოს. ჰარის შეფასებით, ბრიტანეთი რუსეთთან ფაქტობრივად უკვე ათი წელია კონფლიქტშია - მიუხედავად იმისა, რომ მის ტერიტორიაზე რაკეტები და ჭურვები არ ცვივა.
 ჰარიმ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკა უკრაინის მიმართ და განაცხადა, რომ თეთრი სახლის მიდგომა მთლიანად ამერიკელი საზოგადოების პოზიციას არ ასახავს. მისი თქმით, რუსული საფრთხის გაცნობიერების ფონზეც კი, ყველაზე მეტად ის აშფოთებს, რომ ევროპის კონტინენტზე შიდა დაპირისპირება შეიძლება გაძლიერდეს.


 42 წლის პრინცი ჰარი ბრიტანეთის არმიაში 2005-2015 წლებში მსახურობდა, ორჯერ მონაწილეობდა ავღანეთის სამხედრო მისიაში და Apache-ის ტიპის საბრძოლო ვერტმფრენის პილოტი იყო. უკრაინაში ბოლო - რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რიგით მეოთხე - ვიზიტისას მან ლვოვის სარეაბილიტაციო ცენტრი Superhumans მოინახულა და ომში დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს შეხვდა.


 წყარო: