“მელია რაღაცაზე გაბრაზდა და გამოაცხადა, რომ ჩემთან აღარ უნდა ურთიერთობა”- დავით კეზერაშვილი
ყველაფერი ნორმალურად იყო შარშან ზაფხულამდე, რატომღაც ჩაითვალა, რომ დავიწყე ხელის შეშლა ნიკა მელიასთვის, ასეთი არაფერი ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი ნიკა მელიას გამოსვლით დაიწყო, როდესაც კეზერაშვილს კრიმინალი უწოდა.
„ამის შესახებ ბევრს ვერაფერს მოვყვები. ალბათ ჯობია, რაღაცები არ გახდეს საჯარო. თუმცა კი, ყველაფერი დაიწყო ნიკას იმ ცნობილი გამოსვლით, თუ არ ვცდები, 2017 წელს, როდესაც მან მე დამადანაშაულა, კრიმინალი მიწოდა და, ასე ვთქვათ, ის სიტყვები იხმარა, რაც იხმარა. მე ნიკას არ ვიცნობდი. არ მქონია მასთან არანაირი ურთიერთობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, როდესაც ის გახდა პარტიის თავმჯდომარე. მას შემდეგ, რაც დააკავეს და გამოვიდა ციხიდან, დამიკავშირდა ჩემი მეგობარი, რომელმაც თქვა, რომ არსებობდა სურვილი, ჩემსა და ნიკას შორის შეხვედრის ორგანიზება მომხდარიყო. ეს შეხვედრა შედგა. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს“, – განაცხადა დავით კეზერაშვილმა.
მისივე თქმით, არ არის სწორი, თითქოს მას ჰქონდა ნიკა მელიასთან შეხვედრის სურვილი.
„არა, მე არ მქონდა, რადგან მე არ დავდივარ საქართველოში, არ ვურეკავ ადამიანებს, არ ვთხოვ შეხვედრებს, არ ვთხოვ, რომ გინდა თუ არა, უნდა მოგეხმაროთ, რამე ხომ არ გჭირდებათ… ეს არ არის ჩემი ინტერესი, მე ამით არ ვარ დაკავებული. ეს თხოვნა მოდიოდა იქითა მხრიდან, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიცი, რადგან უნდა ჩატარებულიყო არჩევნები და სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული დახმარება იყო საჭირო პარტიისთვის. სხვაგვარად მე არანაირი ინტერესი არ მქონდა ამ შეხვედრის ორგანიზების. ეს შეხვედრა შედგა, ჩვენ ვილაპარაკეთ, მოვილაპარაკეთ. მე გავიგე, რა იყო საჭირო, რაღაცებზე შევუთანხმდი, რომ შევძლებდი, გამეკეთებინა. ამის შემდეგ ურთიერთობები მიდიოდა ძალიან ნორმალურად, ჩატარდა არჩევნები, ჩამოვიდა მიშა, გარკვეული მოვლენები განვითარდა საქართველოში“, – აღნიშნა დავით კეზერაშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაში არ ჩარეულა.
„ყველაფერი იყო ნორმალურად შარშან ზაფხულამდე, როდესაც რატომღაც ჩაითვალა, რომ მე დავიწყე ხელის შეშლა მისთვის პარტიაში თავისი საქმის კეთებაში. ასეთი არაფერი ყოფილა, მე არაფერში ჩავრეულვარ, არაფერი მომითხოვია, არავის გაშვება, მოყვანა, სიაში ჩაწერა, ა.შ. ეს ყველაფერი არის მისი ინტერპრეტაციები… მათ შორის, ნაყოფიას ნაწილში. ნაყოფია მრავალი წელია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. მანაც ილაპარაკა, ამიტომ მივცემ თავს უფლებას, რომ ვთქვა, ჩვენ, ბუნებრივია, არ გვქონდა მეგობრული ურთიერთობები, მაგრამ ის, რომ მე მომეთხოვა ვინმეს გაშვება ან მოყვანა… ჯერ ერთი, მე არანაირი ფუნქცია, როლი მაგ პარტიაში არ მაქვს. სწორად თქვით, მაგ პარტიას ჰყავს დამფუძნებელი სააკაშვილი და ჰყავდა ხელმძღვანელობა, რომელიც ჰყავდა. მე არ შევდივარ, იმ ვერტიკალში არ ვარ, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ან ზემოქმედებას ახდენს. ის რაღაცაზე გაბრაზდა და შემდეგ მე ვიხილე ეთერით, რაც მან გააკეთა. მან გამოაცხადა, რომ ჩემთან აღარ უნდა ურთიერთობა, არ ექნება ურთიერთობა. არ ექნება – არ ექნება, არ არის პრობლემა. კიდევ ვამბობ, მე არავის დავსდევ და არ ვეხვეწები ჩემთან ურთიერთობას. შემდეგ მოხდა არჩევნები. მან წააგო ეს არჩევნები და ამით მორჩა, პრინციპში, ეს ისტორია. არ არის დასამალი, მე ახალ მენეჯმენტთან ვურთიერთობ, ვმეგობრობ პეტოსთანაც, იქ კიდევ ბევრი ადამიანია, რომლებთან ერთადაც მოვდივარ 2003 წლიდან. თუ მათ ექნებათ რამე სურვილი და იქნება საჭირო, რომ რამით შემიძლია, მივეხმარო, დიდი სიამოვნებით მივეხმარები, რადგან ჩემი ამოცანაა, ვიყო ერთ-ერთი ჯარისკაცი ამ ბრძოლაში, რომელიც გულისხმობს რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს ევროპისკენ გზაში ბრძოლას“, – განაცხადა დავით კეზერაშვილმა.