1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ლორდმა კემერონმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დაფინანსების პაკეტისადმი მხარდაჭერისკენ მოუწოდა“ – უცხოური პრესა
„ლორდმა კემერონმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დაფინანსების პაკეტისადმი მხარდაჭერისკენ მოუწოდა“  – უცხოური პრესა

„ლორდმა კემერონმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დაფინანსების პაკეტისადმი მხარდაჭერისკენ მოუწოდა“ – უცხოური პრესა

422
0

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC აქვეყნებს აშშ-ის გაზეთ The Hill-ში 15 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ კემერონის მიერ დაბეჭდილი სტატიის მიმოხილვას სათაურით „ლორდმა კემერონმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დაფინანსების პაკეტისადმი მხარდაჭერისკენ მოუწოდა“ (ავტორები – ჯეიმს ლენდეილი და ბეკი მორტონი), რომელშიც მოცემულია ბრიტანული საგარეო პოლიტიკური უწყების მეთაურის პოზიცია უკრაინის მიმართ ამერიკელი პოლიტიკოსების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა ამერიკელ კონგრესმენებს მოუწოდა არ გაიმეორონ ვლადიმერ პუტინის მიმართ ის შეცდომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა 1930-იან წლებში ადოლფ ჰიტლერის მიმართ დაუშვეს და სასწრაფოდ მხარი დაუჭირონ უკრაინისათვის გამოყოფილ მრავალმილიარდიან დახმარებას.

„მე არ მინდა, რომ ჩვენ ისეთი სისუსტე ვაჩვენოთ, როგორიც [ჩვენმა პოლიტიკოსებმა] 1930-იან წლებში ადოლფ ჰიტლერის წინაშე აჩვენეს… მე არ მინდა, რომ ჩვენ ახლაც ისეთი სისუსტე ვაჩვენოთ, როგორიც 2008 წელს ვლადიმერ პუტინის წინაშე აჩვენეს, როცა იგი საქართველოში შეიჭრა… მე არ მინდა, რომ კრემლს ისეთი არადამაჯერებელი პასუხი გავცეთ, როგორც ეს 2014 წელს მოხდა, როცა პუტინმა უკრაინის კუთვნილი ყირიმი და დონბასი მიიტაცა. სწორედ ამან მოჰყვა 2022 წლის თებერვალში განხორციელებული აგრესიის ახალი აქტი, რომელიც ჩვენ ბევრად უფრო ძვირად გვიჯდება“, – წერს ლორდი დევიდ კემერონი The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

„ისეთი ნათელი მაგალითი იმისა, როცა ერთი სახელმწიფო მეორეს თავს ესხმის რაიმე საფუძვლის არსებობის გარეშე, მსოფლიო ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება“, – არწმუნებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებს.

„ერთ მხარეზეა ვლადიმერ პუტინი, რომელსაც იმპერიის გაფართოების იმედი აქვს. იგი ფიქრობს, რომ ჩვენ, დასავლეთი, კვლავ სისუსტეს გამოვიჩენთ. იგი ფიქრობს, რომ აგრესიის აქტი უპასუხოდ ჩაივლის – თანაც ისეთი აგრესიისა, რომელიც ყველაზე შოკის მომგვრელია და მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში არ გვინახავს“, – აღნიშნავს ბრიტანული „ფორინ-ოფისის“ ხელმძღვანელი.

„მეორე მხარეზე კი ჩვენ ვართ“, – აგრძელებს დევიდ კემერონი, – ჩვენ გვაქვს რესურსები, ეკონომიკური ძლიერება, გვაქვს ცოდნა. ჩვენი ეკონომიკის ძლიერება და მოცულობა 25-ჯერ მეტია რუსეთის ეკონომიკასთან შედარებით. ამიტომ რუსები იძულებულნი გახდნენ დახმარება ფხენიანისთვის ეთხოვათ. რაც ჩვენ შეგვიძლია დღეს გავაკეთოთ, არის ის, რომ [კრემლს] ჩვენი ძალა ვაჩვენოთ. მაგრამ ისმება კითხვა: გვაქვს ჩვენ ამის ნება და გაბედულება?“.
ყალბი შიში ესკალაციის მიმართ.

დევიდ კემერონმა თავის სტატიაში ცალკე აბზაცი მიუძღვნა ომის პირველი სტადიის დროს გავრცელებულ პოპულარულ აზრს, რომ უკრაინისათვის თანამედროვე იარაღის გადაცემა საომარი მოქმედებების ესკალაციისა და გაფართოებას გამოიწვევსო. მინისტრი თვლის, რომ ასეთი თვალსაზრისებისათვის დასავლეთს თავის დროზე ყურადღება არ უნდა დაეთმო და კიევისათვის თავიდანვე თანამედროვე იარაღი უნდა მიეწოდებინა.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ესკალაციის მიმართ შიში ილუზიას წარმოადგენს. დიდმა ბრიტანეთმა პირველმა მისცა უკრაინას ყველაზე მოწინავე ტექნიკა – ტანკსაწინააღმდეგო იარაღიდან დაწყებული, არტილერიით დამთავრებული. მივეცით ახალი ტანკები და ისეთი მძლავრი რაკეტები, როგორებსაც Storm Shadow-ები წარმოადგენენ. ვლადიმერ პუტინი ყოველთვის აგრესიულად გაიძახოდა – იარაღის მიცემა ესკალაციას გამოიწვევსო, მაგრამ მისი განცხადება ყოველთვის მხოლოდ რიტორიკის დონეზე რჩებოდა“, – წერს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სტატიაში.
„მეგობრული ჩარევა“ აშშ-ის საშინაო საქმეებში.

ამერიკელი კანონმდებლებისადმი მსგავსი მიმართვა უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან ვინმემ შეიძლება აშშ-ის საშინაო საქმეებში ჩარევად ჩათვალოს. დევიდ კემერონი ამას აღიარებს, მაგრამ იმავდროულად იგი – „როგორც აშშ-ის ყველაზე უახლოესი მოკავშირე და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი“ – თავის მოვალეობად თვლის, რომ ასეთი მიმართვით გამოვიდეს: „მე უკუვაგდებ და ყურადღებას არ მივაქცევ ყველანაირ ტრადიციულ დიპლომატიურ რევერენსებს და კონგრესს პირდაპირ მოვუწოდებ, რომ უკრაინისადმი გამოყოფილი დახმარების პაკეტი მთლიანად მიიღოს“.

ზოგიერთმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მართლაც „თავაზიანად“ ურჩია დევიდ კემერონს, რომ მას თავის შეეკავებინა და აშშ-ის საქმეებში არ ჩარეულიყო.

„მოვიდეს და (…) მაკოცოს“

დონალდ ტრამპის მხურვალე მხარდამჭერმა, წარმომადგენელთა პალატის წევრმა მარჯორი ტეილორმა ბრიტანული ტელეარხის „სქაი ნიუსის“ ეთერში გამოსვლისას დევიდ კემერონის გასაგონად განაცხადა – „უმჯობესი იქნება ბრიტანელმა მინისტრმა თავის ქვეყანაზე იფიქროსო“ და თან საკმაო მკვეთრი გამონათქვამიც მიაყოლა – „გულწრფელად ვიტყვი – თუ ძალიან ზრუნავს ჩვენზე, მოვიდეს და (…) ერთ ადგილზე მაკოცოსო“.

კიდევ ერთმა კონგრესმენმა რესპუბლიკელმა მეთ როზენდეილმა BBC-ის რადიოეთერში გამოსვლისას შედარებით თავაზიანად განაცხადა: „დღეს რომ ვინმე უცხოელმა ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას რეკომენდაცია მისცეს, ამის ეფექტი მინიმალური იქნება. მე პასუხისმგებელი ვარ ამერიკის მონტანას შტატის მოსახლეობის წინაშე და არა ინგლისის მიმართ“.

უკრაინისადმი დახმარების პერსპექტივა

დევიდ კემერონი უნდა ეწვიოს ნატოს აღმოსავლეთევროპელ წევრებს – ბულგარეთს და პოლონეთს, შემდეგ კი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. მას ფორუმზე სიტყვით გამოსვლა აქვს დაგეგმილი, რათა ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდოს სასწრაფოდ გაზარდონ იარაღის წარმოება უკრაინისათვის.

როგორც უკვე ცნობილია, ამ კვირის დასაწყისში აშშ-ის კონგრესის ზედა პალატამ – სენატმა დიდი ხნის დებატების შემდეგ, შეათანხმა ორპარტიული კანონპროექტი უკრაინის, ტაივანისა და ისრაელის დახმარების შესახებ, 95 მილიარდი დოლარის მოცულობით, საიდანაც 60 მილიარდი უკრაინას ეკუთვნის. კანონპროექტი რომ ძალაში შევიდეს, ის უნდა დაამტკიცოს კონგრესის ქვედა სტრუქტურამ – წარმომადგენელთა პალატამ, მაგრამ მისმა სპიკერმა მაიკლ ჯონსონმა განაცხადა, რომ სენატის მიერ მიღებულ კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე გატანილი არ იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ დახმარების პაკეტის წინააღმდეგ ყველა კონგრესმენი არ გამოდის – დოკუმენტის მიღება არ სურთ მხოლოდ დონალდ ტრამპის მომხრეებს, ამიტომაც ჯო ბაიდენი, მისი თანაპარტიელი დემოკრატები და ტრამპის მოწინააღმდეგე რესპუბლიკელები, შეიძლება ითქვას, გაერთიანდნენ და თანახმანი არიან სასწრაფოდ განიხილონ და მიიღონ უკრაინისადმი დახმარება. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ დოკუმენტის დასამტკიცებლად უმრავლესობას მოაგროვებენ და მოუწოდებენ სპიკერ მაიკლ ჯონსონს კანონპროექტი პალატის სხდომაზე განსახილველად გაიტანოს.

წყარო