“კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან ყველა ექიმს”- ზურაბ ჩხაიძე
“ვივამედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ კონკრეტული ადამიანები კლინიკის ექიმებს ემუქრებიან და პერსონალი წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ მუშაობს.
“ზეწოლა მუდმივად ხდებოდა, მაგრამ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხის, მუქარების ქვეშ. კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან ყველა ექიმს. წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ მუშაობს პერსონალი, იმიტომ, რომ უკვე გადავიდნენ მუქარებზე – არა კონკრეტულად ჩვენზე, არამედ ოჯახის წევრებზეც. მათ შორის მეც მემუქრებიან და ჩემი ოჯახის წევრებსაც. გვემუქრებიან სოციალური ქსელით, არის სატელეფონო მესიჯები”,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ექიმი ამბობს, რომ მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მედიაში გავრცელებული ვერსიებია. ზურაბ ჩხაიძე შესაბამის უწყებებს მიმართავს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.
“ყველა ეს ადამიანი დასახელდება, ყველა ამ ადამიანით დაკავდება შესაბამისი სამსახურები, მე ვფიქრობ, რომელსაც ეს ევალება, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს. და ყველა ამ ქმედებას მოჰყვება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა,” – აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.- აღნიშნა ჩხაიძემ.
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, სიცრუეა. ნადირაძის თქმით, პაციენტი იმყოფება თავის პალატაში და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას არ საჭიროებს.
„დღეს დილიდან დედამისიც იყო, ასევე ორი ადვოკატი, კიდევ ორს ელოდება, მგონი შევიდნენ. პაციენტი იმყოფება ისევ თავის პალატაში. ჩვენ გამოვდივართ მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას არ საჭიროებს“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.
მიხეილ სააკშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია გიორგი ჩალაძემ გაავრცელა.