1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ივანიშვილმა დაგეგმა ხელოვნური კონტრაქცია – ასე იყო 2003 წელსაც – პეტრე ცისკარიშვილი
ივანიშვილმა დაგეგმა ხელოვნური კონტრაქცია – ასე იყო 2003 წელსაც – პეტრე ცისკარიშვილი

ივანიშვილმა დაგეგმა ხელოვნური კონტრაქცია – ასე იყო 2003 წელსაც – პეტრე ცისკარიშვილი

111
0

ივანიშვილმა დაგეგმა ხელოვნური, არაფრისმთქმელი კონტრაქცია. მაშინ, როდესაც მეორე მხარეს დგას საზოგადოება, ახალგაზრდები, რომლებიც გამოდიან რუსული კანონის წინააღმდეგ და ეს პროტესტი არის ბუნებრივი. ასე იყო 2003 წელსაც, როდესაც შევარდნაძე-აბაშიძის ერთობას არ ჰქონდა აღარანაირი რესურსი და მატარებლებით ჩამოიყვანეს ხალხი, რაც ბოლოს დაგვირგვინდა „ვარდების რევოლუციით“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში მიმდინარე საპროტესტო აქციები ბუნებრივი პროტესტია და მიაჩნია, რომ 29 აპრილის აქცია მმართველმა პარტიამ და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დაგეგმა, რომელიც მისივე შეფასებით, არაფრისმთქმელი აქცია იქნება.

„ყველას უნდა გვესმოდეს, როდესაც ქართული საზოგადოება, ახალგაზრდები გამოდიან რუსული კანონის წინააღმდეგ, ეს არის ბუნებრივი პროტესტი. ეს აქციები არავის მითითებით და დავალებით არ ხდება, ხოლო როდესაც მთავრობა გეგმავს კონტრაქციას, ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური, ჩამოყვანილი ხალხის ორგანიზებული თავყრილობა, რასაც არაფერი აქვს საერთო ბუნებრივ პოლიტიკურ მოთხოვნებთან, განცხადებებთან. დარწმუნებული ვარ, 90 პროცენტი იმ ადამიანებისაც კი, ვინც ადმინისტრაციულ რესურსს წარმოადგენს და იქ ჩამოიყვანენ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა იქნება პროევროპულად განწყობილი, მაგრამ უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთი დავალება აქვთ და სამსახურიდან სთხოვეს, იძულებულები იქნებიან იქ იდგნენ. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ერთნაირი განწყობა, ავალებენ სხვანაირად მოქმედებას, თუმცა ფაქტი არის ერთი, რომ ხელოვნური, არაფრისმთქმელი კონტრაქცია დაგეგმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ოცნებამ“. მაშინ, როდესაც მეორე მხარეს დგას ქართული საზოგადოება, ჩვენი ახალგაზრდები, წარმოადგენენ მის მომავალს, მის ეროვნულ ინტერესებს და იბრძვიან ძლიერი, ევროპული პროგრესული საქართველოსთვის.

ჩვენ გვახსოვს პერიოდი, „ვარდების რევოლუციის“ წინა დღეებში, როდესაც აღარანაირი რესურსი შევარდნაძე- აბაშიძის ერთობას არ ჰქონდა და მთელი საზოგადოება დარაზმული იყო არჩევნების რეალური შედეგის გადასარჩენად და იმ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ეწყობოდა აქციები. მათ მატარებლებით, ძირითადად აჭარიდან, ჩამოიყვანეს რამდენიმე ათასი ადამიანი, დააყენეს რუსთაველზე და სწორედ ამით კიდევ უფრო გააბრაზეს საზოგადოება, განსაკუთრებით ქალაქი თბილისი, ახალგაზრდები და ამას მოყვა კიდევ უფრო მეტად აზვირთებული აქციები, რაც 23 ნოემბერს დაგვირგვინდა.“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საყოველთაო-სახალხო შეკრებას გეგმავს.