1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გურამ დოჩანაშვილი დღეს 85 წლის გახდებოდა
გურამ დოჩანაშვილი დღეს 85 წლის გახდებოდა

გურამ დოჩანაშვილი დღეს 85 წლის გახდებოდა

120
0

დღეს თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის დაბადების დღეა –  გურამ დოჩანაშვილს 85 წელი შეუსრულდებოდა

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედი გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს, თბილისში დაიბადა.

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1968 წელს გახდა მწერალთა კავშირის წევრი.

გურამ დოჩანაშვილი პირველი მოთხრობები ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს დაიბეჭდა, ხოლო 1966 წელს 7 აპრილს გამოიცა მწერლის პირველი წიგნი – „მთის გადაღმა“. 1975-1985 წლებში გურამ დოჩანაშვილი ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილებას განაგებდა, მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში, 1985 წლიდან კი წლების მანძილზე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარ რედაქტორად მუშაობდა.

მწერლის ცნობილი რომანები და მოთხრობებია „სამოსელი პირველი“, „ლოდი ნასაყდრალი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ერთი რამის სიყვარული დამალვა რომ სჭირდება“, „ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები“ და სხვა. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება მრავალ ენაზეა თარგმნილი, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო არაერთ ცნობილ კინოფილმსა და ტელესპექტაკლს.

გურამ დოჩანაშვილს 2020 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს, 2018 გახდა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატი პროზაული ნაწარმოებისთვის „ბრმადყოფილზე, და…“ და ასევე მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის, 2013 წელს მიღებული აქვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, დიდი წვლილისა და მაღალი სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებისთვის. მწერალი იყო ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

გურამ დოჩანაშვილი 2021 წლის 3 აპრილს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერალი  საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდითაა დაკრძალული.

“სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა. სიკვდილი რომ არ იყოს არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს… მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი იქნებოდა, ახლა კი, ახლა სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე – სიცოცხლეა… მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ თავად წვიმაც და თავად ჰაერიც აღარაფერი იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე სიკვდილი რომ არ იყოს.”