“გაკვეთილი დონალდ ტრამპისათვის: როგორ ეცემიან ავტორიტარი ლიდერები”-Financial Times
“გაკვეთილი დონალდ ტრამპისათვის: როგორ ეცემიან ავტორიტარი ლიდერები” – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times), რომლის ავტორი, ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი გიდეონ რიჩმანი უნგრეთის, ბრაზილიისა და ფილიპინების ავტოკრატიული ლიდერების კრახის მაგალითზე აშშ-ის პრეზიდენტის სავარაუდო მოსალოდნელ პერსპექტივას განიხილავს.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
თეთრი სახლის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „ამერიკის გადარჩენის შესახებ“, რომლის მთავარ მიზანს აშშ-ის საარჩევნო სისტემის შეცვლა წარმოადგენს, გაყალბების თავიდან აცილების მიზნით მიმდინარე წლის ნოემბრის შუალედურ არჩევნებში, ისე ჟღერს, რომ მას წინ ვერ აღუდგები. მაგრამ დონალდ ტრამპის სამწუხაროდ, კანონპროექტი კონგრესში „გაიჭედა“. მოწინააღმდეგეები მასში ხედავენ პრეზიდენტის მცდელობას – საარჩევნო სისტემა საკუთარ თავზე მოირგოს ისე, რომ დემოკრატი ამომრჩევლები საარჩევნო სიიდან ამორიცხონ და არჩევნების პროცესიდან გაირიყონ.
საარჩევნო კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგების მაგალითები სხვადასხვა ქვეყნებში საკმაოდ ბევრია. მიზანი ყველგან მსგავსია: შენარჩუნდეს ხელისუფლება ნებისმიერი საშუალებებით – კანონიერით თუ არაკანონიერით. ასეთი მიდგომები ავტორიტარი ლიდერების კლასიკურ ტაქტიკას წარმოადგენს. ასეთ შემთხვევებში კარგი ისაა, რომ მსგავსი მცდელობები ყოველთვის წარმატებული არ არის. ბრაზილიაში, უნგრეთში და ფილიპინებზე ავტორიტარი ლიდერების ამასწინანდელი მცდელობებმა, რომ მათ გაეკონტროლებინათ თავიანთი ქვეყნების საარჩევნო ინსტიტუტები, ჩაიშალა და საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ჟაირ ბოლსონარუმ, ვიქტორ ორბანმა და როდრიგო დუარტიემ ხელისუფლება დაკარგეს.
როცა მე რამდენიმე წლის წინათ წიგნს ვწერდი სახელწოდებით „ძლიერი ლიდერების ეპოქა“, კითხვის წინაშე დავდექი: სწორი იქნებოდა თუ არა ერთ კატეგორიად გამეერთიანებინა ისეთი ლიდერები, როგორებიც არიან სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი, რომლებიც ნამდვილად ავტორიტარული სისტემების წყალობით მოქმედებენ და ისეთები, როგორებიც არიან დონალდ ტრამპი და ვიქტორ ორბანი, რომლებიც დემოკრატიული საარჩევნო სისტემებით ლეგიტიმურად იყვნენ არჩეულნი.
ჩემი დასკვნა გამოიხატებოდა იმით, რომ ავტორიტარულ ლიდერები, იმ სისტემისაგან დამოუკიდებლად, რომლებშიც ისინი მოქმედებენ, ხშირად იყენებენ ერთი და იგივე მეთოდებს და ავლენენ მსგავს ინტინქტებს. ისინი ხელს უწყობენ პიროვნების კულტის ჩამოყალიბებას, ახდენენ ხელისუფლების კონცენტრირებას საკუთარი პიროვნების ირგვლივ და ებრძვიან დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებთა გაკონტროლება მათ არ შეუძლიათ – მაგალითად, სასამართლოებს, მასმედიიის საშუალებებს და საარჩევნო კომისიებს. ასეთი ლიდერები ხშირად აუქმებენ საკონსტიტუციო შეზღუდვებს თავიანთი უფლებამოსილების შესახებ, რომ პოსტი, თანამდებობა და ხელისუფლება დიდხანს შეინარჩუნონ. სი ძინპინმა, ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა ასეთი რამ უკვე გააკეთეს, დონალდ ტრამპის თაყვანისმცემლები კი საუბრებს ისევ აგრძელებენ პრეზიდენტად მესამე არაკონსტიტუციური ვადით მის არჩევაზე.
ავტორიტარი ლიდერები თითქმის ყოველთვის მამაკაცები არიან, ნაციონალისტები და პოპულისტები. მათი პერსონალიზებული ლიდერობა იწვევს ნათლიმამობის წაქეზებას და მისგან გამომდინარე კორუფციას. ეს ყველაფერი, როგორც ავტოსალონებში ამბობენ ხოლმე, „ლიდერთა საბაზო კომპლექტაციაში შედის“.
განსხვავება გამოიხატება არა ყველაზე ავტორიტარი ლიდერების ინსტინქტებში, არამედ იმ სისტემების სიმტკიცეში, რომლებშიც ისინი მოქმედებენ. თუ ასეთი მმართველი ავტორიტარულ სისტემას ხელმძღვანელობს – ვთქვათ, კომუნისტური ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ან საუდის არაბეთის პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი – მათი თავიდან მოშორება თითქმის შეუძლებელია. ალბათ, მხოლოდ გადატრიალებით ან კარგად მომზადებული შეთქმულებით მმართველი კლასის შიგნით.
მაგრამ თუ ავტორიტარი ლიდერი ხელისუფლებაში მოვიდა იმ სისტემაში, სადაც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია თავისუფალი არჩევნების პრინციპი, აგრეთვე მოქმედებენ სასამართლოები, რომლებსაც ოდნავ მაინც აქვთ დამოუკიდებელი სტატუსი და არმია, რომელიც არ შეასრულებს ქვეყნის მმართველის არაკონსტიტუციურ ბრძანებებს, მაშინ ასეთი ლიდერების პოსტიდან ჩამოშორება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
ამგვარი ლიდერისაგან მოსალოდნელია საკმაოდ ცნობილი ზომების მიღება, რომლითაც დემოკრატიული სისტემის თავის სასარგებლოდ გამოყენება შეუძლიათ. მაგალითად, ლიდერის მდიდარ გარემოცვას შეუძლია მასმედიის მოსყიდვა. ის მოსამართლეები და გენერლები, რომლებიც ზედმეტ დამოუკიდებლობას ავლენენ, შეიძლება შეიცვალონ. საარჩევნო ოლქების საზღვრებიც ადვილად გადაიფარება. ქვეყნის ძირითადი კანონიც – კონსტიტუციაც შეიძლება გადაიწეროს ან რიგ შემთხვევებში მისი იგნორირება მოხდეს. საბოლოოდ, არჩევნები თავისუფლად ჩატარდება, მაგრამ არაპატიოსნად – პირობები ოპოზიციის წინააღმდეგ იქნება მიმართული. და მაინც, თუ ავტორიტარი ლიდერი საკმაოდ არაპოპულარულია, არჩევნების დემოკრატიული სისტემის არსებობის დროს მას მაინც შეუძლია არჩევნები წააგოს
სწორედ ასე მოუვიდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს, რომელიც პარტია „ფიდესის“ ლიდერია.
მიუხედავად იმისა, რომ იგი უკიდურესად მიკერძოებულად ექცეოდა ოპოზიციურ ლიდერს პეტერ მადიარს, პარტია „ტისას“ ლიდერს, აპრილის თვეში გამართულ არჩევნებში ვიქტორ ორბანი დამარცხდა, პეტერ მადიარმა კი გაიმარჯვა.
როცა ბრაზილიელმა ჟაირ ბოლსონარუმ მცირე განსხვავებით წააგო საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წელს (გაიმარჯვა ლუის ინასიო ლულა და სილვამ), მან უარი თქვა შედეგების აღიარებაზე და სამხედროებთან საიდუმლო კავშირი გააბა – დამეხმარეთ, გადატრიალება მოვაწყოთო. როცა გენერლებმა უარი უთხრეს, ბოლსონარუმ თავისი მომხრეები შეკრიბა და მათ კონგრესის, უმაღლესი სასამართლოს და პრეზიდენტის სასახლის შტურმისაკენ მოუწოდა. მაგრამ ბრაზილიის სამართლებრივი სისტემა საკმაოდ მტკიცე აღმოჩნდა, რომ მეამბოხე ექს-პრეზიდენტის საქმე სასამართლომდე მიეტანა. იგი საპყრობილეში დიდ ხანს გაატარებს, თუმცა იმედი აქვს, რომ ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი – მისი ვაჟი ფლავიო გაიმარჯვებს და ამნისტიას გამოაცხადებს.
როდრიგო დუარტიე, რომელიც 2016-2022 წლებში ფილიპინების პრეზიდენტი იყო, თავის ოპონენეტებს დევნიდა, იჭერდა და ციხეში გზავნიდა. მან გადააყენა უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე და შეზღუდა თავისუფალი მასმედია, მაგრამ კონსტიტუციის შეცვლა ვერ მოახერხა, რომ მეორე ვადითაც არჩეულიყო. პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ როდრიგო დუარტიე დააპატიმრეს და ჰააგის სასამართლოში გაგზავნეს, სადაც იგი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულობებშია ბრალდებული და მისი საქმე იხილება.
ამასობაში კი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია იმისათვის, რომ სასამართლოების დამოუკიდებლობა შეეზღუდა და კრიტიკული მასმედიის მარგინალიზება მოეხდინა. მაგრამ მან ვერ მოახერხა მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვის შეჩერება. პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ დადანაშაულებულია კორუფციაში და არ არის გამორიცხული, რომ მან ხელისუფლება მიმდინარე წლის ბოლომდე დაკარგოს.
სამწუხაროდ, ყველა დემოკრატიული სისტემა არ არის მტკიცე, რომ ისინი წინ აღუდგნენ მკაცრ და პოტენციურად ავტოკრატ ლიდერს. თურქი ლიდერი რეჯეფ ერდოღანი ხელისუფლებაში 2003 წლიდან იმყოფება – ჯერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ახლა კი პრეზიდენტის თანამდებობა აქვს. მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ბევრს ცდილობდნენ მასზე გაემარჯვათ სისტემის შიგნით, მაგრამ პრეზიდენტის ავტოკრატულმა მეთოდებმა იგი ხელისუფლების მტკიცედ ფლობის სადავეებით უზრუნველყვეს.
ეკრემ იმამოღლუ, სტამბოლის პოპულარული მერი, რეჯეფ ერდოღანისათვის ყველაზე საშიშ ელექტორალურ საფრთხეს წარმოადგენდა, მაგრამ იგი ამჟამად საპყრობილეში ზის და ყველაფერში ერთად არის ბრალდებული – კორუფციიდან დაწყებული, ჯაშუშობითა და ტერორიზმით დამთავრებული. მისი ბედი ქარიზმატული ოპოზიციური ლიდერის სელაჰადინ დემირტაშის ბედს ჰგავს, რომელიც თითქმის 10 წელია ციხეშია – მიუხედავად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოწოდებებისა მისი გათავისუფლების მიზნით.
დონალდ ტრამპი რეჯეფ ერდოღანის ურყევი მხარდამჭერია და ამას წინათ თავისი თურქი კოლეგა მან „დიდი ლიდერად“ შერაცხა. მაგრამ, აშშ-ის საბედნიეროდ, ამერიკული სასამართლოები, მასმედია და საარჩევნო სისტემა, თურქულთან შედარებით, ბევრად მყარი და მტკიცეა. ჯანმრთელ ქვეყანას ძლიერი ინსტიტუტები ჭირდება და არა ავტორიტარული ლიდერი.