“უკრაინის მიმართ დასავლეთის განწყობის ცვლილება ცუდი ამბავია რუსეთის ეკონომიკისთვის”-Financial Times
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “უკრაინის მიმართ დასავლეთის განწყობის ცვლილება ცუდი ამბავია რუსეთის ეკონომიკისთვის“ (ავტორი – მარტინ სანბუ). „რამდენადაც უკრაინა დრონებით დარტყმების შედეგად მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს, დასავლელ პოლიტიკოსთა შეფასებები ომის მიმართ უკრაინის სასარგებლოდ იცვლება“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიის შინაარსს:
როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, დასავლელი პოლიტიკოსები და ექსპერტ-პოლიტოლოგები უკრაინას მსხვერპლად მიიჩნევდნენ, რომელიც სუსტი იყო და რუსეთს ჯეროვნად ვერ გაუმკლავდებოდა. დასავლელები აღფრთოვანებულნი იყვნენ უკრაინელთა გმირობა-მამცობით, ვოლოდიმირ ზელენსკის ლიდერობით, მაგრამ ეს არ ცვლიდა საერთო შთაბეჭდილებას, რომ რუსეთს დიდი უპირატესობა ჰქონდა ცოცხალი ძალისა და სხვა სამხედრო რესურსების თვალსაზრისით.
მაგრამ მიმდინარე წელს სიტუაციამ თანდათან შეცვლა დაიწყო: რუსეთის გავლენა და უპირატესობა სუსტდება – როგორც ბრძოლის ველზე, ასევე ეკონომიკაში.
უკრაინა კი პირიქით, ეფექტურად იყენებს დასავლეთის დახმარებას და ფულს მოწინავე სამხედრო-ტექნოლოგიურ პროექტებში აბადებს – კერძოდ, პრიორიტეტი ენიჭება უპილოტო საფრენი აპარატების – დრონებისა და ანტიდრონების – განვითარებას. უკრაინამ ამ სფეროში ისეთ წარმატებას მიაღწია, რომ მსოფლიოში სახელი გაითქვა. კიევის წარმატებულ გამოცდილებას იზიარებენ აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში – სპარსეთის ყურის ქვეყნებში, რაც უკრაინის სტატუსის ზრდაზე მეტყველებს.
კიევი ასევე აძლიერებს დარტყმებს სამხედრო ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამხედრო-ეკონომიკურ ობიექტებზე, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რაც დიდ ზიანს აყენებს რუსეთის ეკონომიკას. უკრაინული დრონები მისწვდნენ მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგის ქარხნებსაც.
რუსეთი თავისი ეკონომიკური შესაძლებლობების ზღვარს უახლოვდება. ინფლაცია მატულობს და არ არის გამორიცხული, რომ რუსული რუბლის გაუფასურების მონაცემები სინამდვილეში ოფიციალურად გამოცხადებულზე ბევრად უფრო მაღალია. არასამხედრო (სამოქალაქო) დარგებს სულ უფრო მეტად უჭირთ თავიანთი საქმიანობის შენარჩუნება – კრემლმა მთელი რესურსები – სამუშაო ძალები და კაპიტალი სამხედრო სფეროში გადაქაჩა.
როგორც ჩანს, მალე რუსეთს რეზერვები ამოეწურება. ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება: რუსეთის მთავრობამ უკვე გადააჭარბა გეგმიურ დეფიციტს. ხელისუფლებას სულ მეტი სოციალური გადახდები უწევს ომში დაჭრილ-დაღუპულების ოჯახებისათვის.
კილის (გერმანია) ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მოხსენების თანახმად, აშშ-ირანის ომის გამო ნავთობზე ფასების მატებამ მცირე ხნით გადაავადა რუსეთისათვის კრიზისული პერიოდის დადგომა, მაგრამ ევროპის აქტიური მცდელობებით – „ჩრდილოვანი ფლოტის“ გასანეიტრალებლად, მოსკოვს საექსპორტო შემოსავლები უმცირდება.
ჩინეთი რუსეთს ეკონომიკურად ეხმარება, რომელიც დასავლური ტექნოლოგიების ჩინური ტექნოლოგიებით ჩანაცვლებით გამოიხატება, აგრეთვე იმპორტული დასავლური პროდუქციის რუსეთისაკენ გადამისამართებით, თუმცა ევროკავშირი აქტიურად ახშობს მეორადი სანქციებით რუსეთის დახმარების ამ წყაროსაც.
უკრაინის ეკონომიკამ კი, რუსეთის მუდმივი შეტევა-დაბომბვების მიუხედავად, შეძლო 2022 წლის მკვეთრი დაცემის ნაწილობრივი კომპენსირება.
მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მატებას გააგრძელებს და ბიზნეს-მოლოდინები გაუმჯობესდება.
რა თქმა უნდა, კიევი მომავალშიც იქნება დამოკიდებული მოკავშირეთა ფინანსურ დახმარებაზე სამხედრო ხარჯების დაფარვის საკითხში. სხვათა შორის, მიმდინარე წელმა აჩვენა, რომ ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა აშშ-ის დახმარება ჩაანაცვლოს. 90 მილიარდი ევროს კრედიტი, რომელიც უკრაინას გასული წლის დეკემბერში გამოეყო, უკვე აქტიურად არის ჩადებული სხვადასხვა დარგებში, მათ შორის სამხედრო სფეროში.
„ფაინენშელ თაიმსი“ თვლის, რომ უკრაინულ საზოგადოებაში განწყობა ოპტიმისტურია, რაც ერთგვარ გარდატეხას მოასწავებს და ქმნის ფანჯარას კიევისათვის, რომ სულ უფრო შეცვალოს ძალთა ბალანსი თავის სასარგებლოდ და შეუზღუდოს რუსეთს ომის წარმოების უნარი. არ არის გამორიცხული, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა პროგრესს გააგრძელებს, კიევს რუსული გაყინული აქტივებიც გადაეცეს, სამომავლო რეპარაციების ანგარიშში. გარდა ამისა, კილის ინსტიტუტი ასევე რეკომენდაციებს აძლევს ევროკავშირს, რომ საბაჟო ტარიფები მოამატოს იმ რუსულ პროდუქციაზე, რომელიც სანქციების ქვეშ ჯერ არ არის და თანხა უკრაინას გადაეცეს.
რასაკვირველია, ასეთი რეცეპტები ახალი არ არის, მაგრამ შედეგი შეიძლება მოულოდნელი აღმოჩნდეს: არამარტო უკრაინამ, არამედ ევროპამაც პირველად შეიძლება მტკიცედ იფიქროს რუსეთთან ომში გამარჯვებაზე.