1. Home
  2. TOP სიახლე
  3.  ევროინტეგრაცია არც შეჩერებულა, ვერც შეჩერდება, ჩვენმა მიღწევებმა გვასწავლა, რომ ეს გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა იმწუთიერი პოლიტიკური კონიუნქტურის აყოლა -შალვა პაპუაშვილი
 ევროინტეგრაცია არც შეჩერებულა, ვერც შეჩერდება, ჩვენმა მიღწევებმა გვასწავლა, რომ ეს გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა იმწუთიერი პოლიტიკური კონიუნქტურის აყოლა -შალვა პაპუაშვილი

 ევროინტეგრაცია არც შეჩერებულა, ვერც შეჩერდება, ჩვენმა მიღწევებმა გვასწავლა, რომ ეს გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა იმწუთიერი პოლიტიკური კონიუნქტურის აყოლა -შალვა პაპუაშვილი

120
0

გამოქვეყნდა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, სადაც საუბარია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. საერთო შეფასებით, საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროკომისიის შეფასებით, 35 თავიდან გასული ერთი წლის მანძილზე საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა 12 თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი – 13 თავზე.

მისივე თქმით, ისინი ყურადღებით შეისწავლიან გაფართოების დოკუმენტს და დაგეგმავენ სამომავლო ნაბიჯებს.

„ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს. ევროკომისიის შეფასებით, 35 თავიდან გასული ერთი წლის მანძილზე საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა 12 თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი – 13 თავზე. ეს არის იმის ძალიან მკაფიო დასტური, რომ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გამო საქართველოს ჰქონდა შეზღუდული დრო საპარლამენტო საქმიანობისთვის და მიუხედავად ოპოზიციის და ენჯეოსექტორის მუდმივი ობსტრუქციისა, საქართველო დგამდა მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ხაზგასასმელია, რომ ანგარიშში, 35 თავიდან მხოლოდ ერთი თავის შემთხვევაში, რომელიც მართლმსაჯულებას და ფუნდამენტურ უფლებებს შეეხება, ევროკომისიის შეფასებით არის უკუსვლა. ამასთან, ამგვარი შეფასების ძირითად მიზეზად ანგარიშში ევროკომისია ასახელებს გენდერული კვოტირების გაუქმებას, გამჭვირვალობის კანონისა და ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონის მიღებას და ლგბტ პრაიდის ვერჩატარებას.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ თავში ჩვენი შეფასება თანაბარია უკრაინას და მოლდოვას შეფასებისა, ხოლო „ფუნდამენტურ საკითხთა ჯგუფში“, რომელშიც ეს თავი შედის, საქართველო უკრაინასაც ასწრებს და მოლდოვასაც.

ის, რომ გამჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონებზე ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთთანხმობა არ აქვს, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის სიახლე არ არის. ეს კანონები არჩევნებზეც ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო, რაზეც ჩვენმა საზოგადოებამ თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე ევროკავშირთან საუბარს საქართველოს მოქალაქეების ამ პოზიციის გათვალისწინებით.

გარდა ფუნდამენტური მიმართულებისა, საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ასწრებს შიდა ბაზრისა და კონკურენტუნარიანობის ჯგუფების საერთო შეფასებაშიც, რაც არის ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციის, მთავარი არსი. სწორედ ამ საკითხების ირგვლივ შეიქმნა თავის დროზე ევროკავშირი და სწორედ ამიტომ არის ევროკავშირი ბევრისთვის მიმზიდველი.

ამრიგად, საერთო შეფასების გათვალისწინებით, საქართველო კვლავ სოლიდურად ასწრებს მოლდოვას, ხოლო უკრაინას მხოლოდ სამ ჯგუფში – საგარეო ურთიერთობები, მწვანე დღის წესრიგი და რესურსები – ჩამორჩება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ კიდევ უფრო დიდი უპირატესობით ვასწრებთ ბოსნია-ჰერცეგოვინას, რომელთანაც ასევე დაწყებულია გაწევრიანების მოლაპარაკებები.

სწორედ ეს 35 თავია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების, ანუ საქართველოს ევროპული გზა. ეს არის დინამიკური, საქმიანი, ექსპერტული პროცესი, რომელშიც საქართველო 2014 წლიდან ერთგულად, გეგმაზომიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ.

ამავე დროს, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ ამ პროცესის უკიდურესად პოლიტიზების მცდელობას. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამგვარი წინდაუხედავი მიდგომა ევროინტეგრაციას თანამშრომლობის ინსტრუმენტიდან პოლიტიკურ იარაღად აქცევს, რაც, სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, თავად ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს.

აქვე, მინდა, შევეხო ბოლო პერიოდში ხშირად გამოყენებულ ტერმინს – „ევროინტეგრაციის შეჩერებას“. თავად ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ გაფართოების დოკუმენტზე იმუშავა, საქართველოს პროგრესი შეაფასა და რეკომენდაციები მოგვცა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ტერმინი უფრო პოლიტიკური განცხადებაა, ვიდრე ინსტიტუციური მდგომარეობა. როგორც ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შეფასებას, ისევე ვაგრძელებთ ჩვენც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობას. სწორედ ეს არის ევროინტეგრაცია. ის არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება. თუკი რამე გვასწავლა ჩვენმა მიღწევებმა ამ პროცესში, არის ის, რომ ევროინტეგრაცია გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა იმწუთიერი პოლიტიკური კონიუნქტურის აყოლა.

საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობამ ძალიან გასაგებად გააკეთა არჩევანი, ევროინტეგრაციის პროცესზე, ოპოზიციის ისტერიულ პოლიტიკასა და ქართული ოცნების საქმიან, კონსტრუქციულ, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით წარმოებულ პოლიტიკას შორის. ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს ასოცირების შეთანხმების დიდი ნაწილი და 2028 წლისთვის მის 90%-ს შევასრულებთ, რითიც არსებითად მივუახლოვდებით ევროკავშირის წევრობას.

ჩვენ ყურადღებით შევისწავლით გაფართოების დოკუმენტს და დავგეგმავთ სამომავლო ნაბიჯებს, ქართველი ფერმერების, მეწარმეების, ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. საქართველო ბოლო წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკომისიასთან თითოეული სფეროს ანალიზის პროცესში და მომავალშიც მზად ვართ, ამავე მიზნით აქტიურად ვითანამშრომლოთ ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.