
ემანუელ მაკრონი პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას შემოდგომისთვის განიხილავს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას შემოდგომისთვის განიხილავს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც ანონიმური წყაროები სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნავენ, ბოლო კვირების განმავლობაში მაკრონი ახლო გარემოცვას მსგავსი სცენარის შესახებ ესაუბრებოდა.
„ბლუმბერგი“ წერს, რომ განხილვები მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათს ატარებს და გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
სააგენტოს ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მაკრონი ფიქრობდა, საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის მუნიციპალურ არჩევნებთან ერთად ჩაეტარებინა, თუმცა მრჩევლებმა უთხრეს, რომ ეს კარგი იდეა არ არის.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, მარტში მაკრონის რეიტინგი 31%-მდე გაიზარდა, რაც თებერვალთან შედარებით შვიდი პროცენტით მეტია. სააგენტოს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგის ზრდას ხელი შეუწყო საერთაშორისო ასპარეზზე მისმა აქტიურობამ.