ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ლანჩხუთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. მაგისტრალზე მიმავალ ავტომობილს ხე დაეცა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განცხადებით, შემთხვევა სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მოხდა.
„ლანჩხუთში კვლავ ძლიერი ქარია. გვაქვს ძალიან ცუდი შემთხვევა. სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე, კერძოდ, სოფელ ლესაში მოძრავ ავტომანქანას ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა. ავტომობილი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. სამწუხაროდ ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა”,- განაცხადა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.
ლანჩხუთში უამინდობის გამო დაზიანებულია გაზსადენი მილები და ელექტროგადამცემი ხაზები. რამდენიმე სოფელსა და ქალაქს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია. ქარმა 100-მდე სახლს გადახადა სახურავი, მათ შორის პოლიციის სამმართველოს. ხე დაეცა სუფსის დაწყებით სკოლას და სასულიერო გიმნაზიას, დაზიანებულია რამდენიმე სავაჭრო ობიექტი.