1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დუგინას მკვლელობა ისევეა ცოდვა, როგორც ნებისმიერი ჯარისკაცის, რომელიც პუტინმა უკრაინის სასაკლაოზე გააგზავნა” – გია ნოდია
“დუგინას მკვლელობა ისევეა ცოდვა, როგორც ნებისმიერი ჯარისკაცის, რომელიც პუტინმა უკრაინის სასაკლაოზე გააგზავნა” – გია ნოდია

“დუგინას მკვლელობა ისევეა ცოდვა, როგორც ნებისმიერი ჯარისკაცის, რომელიც პუტინმა უკრაინის სასაკლაოზე გააგზავნა” – გია ნოდია

381
0

„დარია დუგინას მკვლელობის ჰუმანიტარული კუთხით განხილვა თავისთავად საინტერესოა, მაგრამ ძალიანაც არა. ის ისევეა ცოდვა, როგორც ნებისმიერი ჯარისკაცი, რომელიც პუტინმა უკრაინის სასაკლაოზე გააგზავნა“, –  ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში დარია დუგინას მკვლელობის ფაქტს პოლიტოლოგი, გია ნოდია.

„დარია დუგინას მკვლელობის ჰუმანიტარული კუთხით განხილვა თავისთავად საინტერესოა, მაგრამ ძალიანაც არა. ის ისევეა ცოდვა, როგორც ნებისმიერი ჯარისკაცი, რომელიც პუტინმა უკრაინის სასაკლაოზე გააგზავნა. მორალურად მას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, ვიდრე რომელიმე უდმურტ თინეიჯერს, რომელიც დედის კალთას მოწყვიტეს და უკრაინაში მოსაკვდომად გაუშვეს.

ზოგადად, ომი არ უნდა იყოს, მაგრამ როდესაც იწყება ომი და სრულიად ცხადია, რომელი მხარე განასახიერებს აგრესიას და ბოროტებას, ბუნებრივია, ბოროტი ძალის ჯარისკაცების თუ გენერლების სიკვდილს სიხარულით შეხვდე. დარია დუგინა (და არა მხოლოდ მამამისი) იდეოლოგიური ომის წინა ხაზზე იყო.

გაცილებით საინტერესოა პოლიტიკური მხარე. უკრაინელების მხრიდან ამის გაკეთების ვერსია პრაქტიკულად გამოირიცხა – მათი მხრიდან ასეთი ნაბიჯი მაინცდამაინც ჭკვიანური არც იქნებოდა. თვითონ რეჟიმის შიდა ბრძოლების ვერსია შესაძლებელია, მაგრამ ასეთი სამიზნის არჩევა (თუნდაც თუ მამა დუგინის მოკვლა უნდოდათ) მთლად გასაგები არ არის. რუსული ანტიპუტინისტური ტერორისტული ჯგუფის ვერსია კი ლოგიკურია: რუსეთის ისტორიულ ტრადიციაშიც ჯდება და დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაშიც. ამ შემთხვევაში სამიზნის არჩევაც უფრო გასაგები ხდება (ჩავთვალოთ, რომ ეს მამა დუგინი იყო).

პოლიტიკურად ეს კაცი ბევრს არაფერს წარმოადგენს, მაგრამ სიმბოლურად ძალიან მნიშვნელოვანია: როგორც თვით რუსები ამბობენ, знаковая фигура-ა. რადიკალურ მოძრაობებს იდეოლოგებთან და სიმბოლოებთან არანაკლებ აქვთ საქმე, ვიდრე პოლიტიკოსებთან, დუგინას (ან, ჩანაფიქრით, დუგინის) მკვლელობა უპირველეს ყოვლისა სიმბოლური აქტია,“- წერს გია ნოდია.

მისი თქმით, ის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს განვითარებულ მოვლენებს, პუტინის რეჟიმის დასუსტება თუ პირიქით გაძლიერება, რთული სათქმელია.

„დანარჩენი რა გამოვა აქედან, ვნახოთ. ეს ერთეულ აქტად დარჩება თუ რამე განვითარება ექნება? თავისთავად, ამ მეთოდებით რომ პუტინის რეჟიმი დამარცხდეს, ამის დიდი იმედი არა მაქვს, მაგრამ დასუსტდება ის ამით, თუ ამ შემთხვევას თავის გასაძლიერებლად გამოყენებას შეძლებს? ამ მხრივ ბევრი შეკითხვაა და მათზე პასუხია საინტერესო,“- წერს გია ნოდია.

შეგახსენებთ, მოსკოვის გარეუბანში კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას ავტომობილი აფეთქდა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა.

რუსული მედია საშუალებების ცნობით, მამა-შვილი შაბათს საღამოს ღონისძიებიდან შინ ერთი ავტომობილით უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ალექსანდრ დუგინმა ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და სხვა ავტომობილში ჩაჯდა.