1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დღეს მარო მაყაშვილის დაბადების დღეა
დღეს მარო მაყაშვილის დაბადების დღეა

დღეს მარო მაყაშვილის დაბადების დღეა

1.08K
0
25 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის დაბადების დღეა
 
მარო მაყაშვილი 19 წლის იყო, როდესაც თბილისს რუსეთის მე-11 არმია მოადგა.
 
მაშინ ქართველი ახალგაზრდები კოჯორ-ტაბახმელასკენ ჯართან დასაპირისპირებლად წავიდნენ, სტუდენტი გოგო კი წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა,  ორი დღის შემდეგ ის ყუმბარის ნამსხვრევმა იმსხვერპლა.
 

მარო მაყაშვილი, 1902 წლის, 25 აგვისტოს   თავადაზნაურთა ოჯახში დაიბადა.  მამა, კონსტანტინე მაყაშვილი პოეტი და საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო; დედა, თამარ გაბაშვილი კი — მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ასული. დაამთავრა ქალთა ქართული გიმნაზია და სწავლა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო. წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.

დაკრძალეს 23 თებერვალს, სამხედრო ტაძრის გალავნის შიგნით, კოჯორში დაღუპულ ქართველ იუნკერებთან ერთად, ოღონდ საპირისპირო, ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მხარეს.

 შემორჩენილია მაყაშვილის დღიურები და წერილები.

მარო მაყაშვილის პატივსაცემად ზაქარია ფალიაშვილმა თავისი ოპერის დაისის მთავარ გმირს მისი სახელი — მარო — დაარქვა.

სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი — ქალის დაღუპვა მძიმედ განიცადა ქართველმა საზოგადოებრიობამ, რაც აისახა იმდროინდელ პრესაში, მას ქართველი ჟანა დ’არკი უწოდეს.

2015 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მარო მაყაშვილის სახელობის ბაღი გაიხსნა.

2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

მარო მაყაშვილის წერილები

 “…დღეს დაგვიდგა უბედური დღე. დღეს შემოვიდა გერმანელის ჯარი და ქართველების ჯარი სიმღერით დაუხვდა. ჩვენ წავედით სანახავად… ჩასუქებული მხარბეჭიანი გერმანელები ხიშტებით ხელში შუა ქუჩაში იდგნენ და ხალხი მათ გარს შემოხვეოდა… მე ისეთი გრძნობა მქონდა, ვითომ ვიღაცა მახლობელს ასაფლავებდნენ. მღეროდნენ ქართველები, მაგრამ გულში რა ჰქონდათ? სევდა და დაღონება. მოვიშორეთ ერთი ბატონი, მონობისაგან გავთავისუფლდით, ახლა კი ახალი უღელი დავიდგით. ღმერთო, მამაზეციერო, რა დააშავა ამ პატარა ერმა, რომ მთელ თავის ჯავრს ჩვენზედ იყრი… ჩემზე ამან ისე იმოქმედა, რომ ტირილიც კი მინდოდა. აი, რისთვის ვიბრძოდით. 1918 წლის 12 ივნისი.

 …ჩვენ წინ გაიარა პაოლო იაშვილმა. მასთან ჩემი შორეული ნათესავი იყო. მე დავუკარი მას თავი. პაოლომ შეამჩნია… ისე მიყურებდა, რომ ძალიან გამიკვირდა… ბოლოს, ერთ კუთხეში დავდექით. ჩვენ პირდაპირ დადგნენ პაოლო, ტიტე ტაბიძე და ორი პოეტი, არ ვიცი მათი გვარები. მე ვდგევარ და ვწითლდები. ყველანი მე მიყურებენ… ელიჩკამ ხომ გამიწყალა გული – ”იჰ, მარო, ნუ ღელავ, ნუ წითლდები…” პაოლოს უკითხავს ჩემზედ, ვინ არის ესო. ნინა მაყაშვილი ეუბნება: ”ეს კოტე მაყაშვილის ქალიაო, ”კოტესი!” გაუკვირდათ, ყველანი მობრუნდნენ, დამიწყეს ყურება. პაოლომაც. მე გავწითლდი, მოვავლე ხელი ქეთოს და გავიქეცით… 1918 წელი, 28 ივნისი.

…ამას წინათ მეხუთედ შემხვდა ”ის”. არ ვიცი არც მისი სახელი და არც გვარი. ძალიან მომწონს. კარგი სახე აქვს. ძალიანაც მინდა გავიცნო. როგორც შევხვდები ხოლმე, ისიც მიყურებს, არ ვიცი, რისთვის, იმიტომ, რომ ვწითლდები, თუ… ღმერთო, გამაგებინე, ვინ არის… ამას წინათ თეთრ ჩოხაში ვნახე, შესანიშნავი იყო…

რაღაც მემართება. ახლა ძალიან შემემჩნა მარტოობა. მინდა დედა მალე ჩამოვიდეს, მოწყენით ვარ… 20 მარიამობისთვე.

…მინდა საზღვარგარეთ ძალიან და ძალიან. წავალ უსათუოდ. სწავლის შემდეგ ერთ წელიწადს ვიმსახურებ, მოვაგროვებ ფულს და გავუადვილებ ჩემს მშობლებს ამითი… ძალიან მინდა პარიზში და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს? 17 ენკენისთვე.

…თუ გავთხოვდები, ქმრის კისერზედ არასგზის არ ვიქნები. ჩემთვის ვიმუშავებ და ჩემთვის ფულს შევიძენ. რა სამართალია, სხვისი ამაგით ცხოვრება. მე მაგის წინააღმდეგი ვარ. 10 ოქტომბერი, 1918 წელი.

 …ეჰ, რა დროს პირად გრძნობაზეა ლაპარაკი. ამ დღეებში წყდება საქართველოს ბედ-იღბალი. გათავდა მსოფლიო ომი. ვიფიქრეთ, პატარა და დიდი მტრები ეხლა მოისვენებენო. არა! ახლა პატარებმა, უმნიშვნელო, უსინდისო და კიდევ სხვა ერმა – სომხებმა გამოუცხადეს ომი! მერე ვის? ქართველებს. ლაჩრები. რამდენი სიკეთე ვუყავით, ათასობით ლტოლვილი, გლეხები, შიმშილს და სიკვდილს გადავარჩინეთ, მეზობლებათ და მეგობრებათ ვთვლიდით… გუშინ ულტიმატუმი წამოუყენა სომხის მთავრობამ ერევანისა – ქართველებს. ახალქალაქი, ახალციხე, ჯავახეთი დაგვიცალეთო, თბილისი ნეიტრალურ ქალაქად გახადეთო. შორიდან გულადები, უნამუსოები… ეხლა ისე დავეცემით და გავლაჩრდებით, რომ ესენი ავასრულოთ? სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ. ქართველი ძალიან მომთმენია, მაგრამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. მსხვერპლი დიდი იქნება. აი, რა არის საშიში, ღმერთო! ნუთუ მაგისთანა უსინდისო ხალხზე შენი კურთხევა წამოვა! არა მგონია, არა! მაშ დაიცადეთ, მგონი, დაგავიწყდათ ქართველების მუშტის გემო? ძალა რომ მქონდეს მე…

რა არის უმაღლესი და ულამაზესი სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობისა. 17 დეკემბერი (ახ. სტილით).

…თბილისი თანდათან ივსება ინგლისელების ჯარით… ხან ფრანგები გვეწვევიან, ხან გერმანელები, ხან სომხები, ახლა ინგლისელები. რას გააკეთებენ აქ, არ ვიცი…

      თანდათან რაღაც მეპარება მე გულში, რაღაც ახალი გრძნობა, ტკბილი, სასიამოვნო. ერთ ვინმეს რომ დავინახავ ხოლმე, გული ძგერას დამიწყებს და სისხლი თავში ამივარდება. მე არ ვიცნობ მას. არ ვიცი მისი სახელი, ამგვარი ნეტავ ვინ არის? მაგრამ მგონია, გავიგებ მალე. 4 იანვარი, 1919 წ”, _ წერდა მარო მაყაშვილი.