1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “პუტინს აღარ შეუძლია რუსებს თავისი წარუმატებელი ომის კატასტროფული შედეგები დაუმალოს: მისი მდგომარეობა სასოწარკვეთილი ხდება”-The Dai
“პუტინს აღარ შეუძლია რუსებს თავისი წარუმატებელი ომის კატასტროფული შედეგები დაუმალოს: მისი მდგომარეობა სასოწარკვეთილი ხდება”-The Dai

“პუტინს აღარ შეუძლია რუსებს თავისი წარუმატებელი ომის კატასტროფული შედეგები დაუმალოს: მისი მდგომარეობა სასოწარკვეთილი ხდება”-The Dai

0

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „პუტინს აღარ შეუძლია რუსებს თავისი წარუმატებელი ომის კატასტროფული შედეგები დაუმალოს: მისი მდგომარეობა სასოწარკვეთილი ხდება“ (ავტორი – რობერტ სერვისი, რუსეთის ისტორიის პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინს საკუთარ თავზე ზრუნვა უყვარს. კორონავირუსის პანდემიის დროს, პრეზიდენტთან მიწვეული ჩინოვნიკები ან უცხოელი სტუმრები ჯერ ერთკვირიან კარანტინში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი პუტინთან შეხვედრის მომენტში, ისინი ყოველთვის პრეზიდენტთან საკმაო მანძილის დაშორებით სხდებოდნენ, მაგიდის ბოლოში. ვიდეოსეანსების დროს რუსეთის ლიდერი მოსახლეობას ამაყად ამცნობდა ხოლმე, რომ იგი მინისტრებისგან ითხოვდა ზუსტ და მოკლე პასუხებს… და თუ ვინმე ოდესმე გაბედავდა პასუხისგან თავის არიდებას, მას კარგი დღე არ დაადგებოდა.

ამიტომაც მიმდინარე კვირაში მოულოდნელი იყო რუსეთის ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელის დიმიტრი სკორობუტოვის განცხადება, რომლის თანახმად, ტელეკომპანია „როსია-1“-ის ეთერში ნებისმიერი ახალი ამბავი, რომელსაც ვლადიმერ პუტინის განწყობის გაფუჭება შეუძლია, მკაცრად „იფილტრება“. მისი თქმით, პროდიუსერები სპეციალურად ქმნიან ახალი ამბების პროგრამის განსაკუთრებულ ვერსიას მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, რომელსაც ისინი „მთავარ მაყურებელს“ უწოდებენ. დიმიტრი სკორობუტოვი [ოპოზიციონერი რუსი ჟურნალისტი], ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს, სადაც მან პოლიტიკური თავშესაფარი 2020 წელს მიიღო. მისი მტკიცებით, პრეზიდენტისთვის ახალი ამბების მომზადების ამგვარი პრაქტიკა განსაკუთრებით გაძლიერდა უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ.

მართალია, დიმიტრი სკორობუტოვი არ ითვლება ნეიტრალურ და არადაინტერესებულ პიროვნებად, მაგრამ, ალბათ, მისი ნათქვამი მაინც საყურადღებოა.

გასაკვირი არ არის, რომ პოლიტიკურ ლიდერებს ხშირად სურთ ისეთი ინფორმაციები მოისმინონ და ისეთი ვიდეოები ნახონ, რომლებიც მათ სურვილებს შეესაბამებიან და განწყობას გამოუკეთებთ, ანუ ისეთები, რომლებსაც ისინი უპირატესობას ანიჭებენ. მაგრამ ვლადიმერ პუტინის შემთხვევაში საქმე სხვა სიტუაციასთან გვაქვს. დიმიტრი სკორობუტოვის ვარაუდით, ტელეარხ „როსია-1“-ის გადამღებ ჯგუფს იმდენად ეშინია პრეზიდენტის გაღიზიანებისა, რომ მისთვის ყოველდღიურად (ყოველ საღამოს) ქმნის სპეციალურ საინფორმაციო პროგრამას. ავტორიტარულ სახელმწიფოებში ახალი ამბების მიწოდება-გავრცელებას თავისი სპეციფიკა აქვს და ძალაუფლების ერთ-ერთ ატრიბუტს წარმოადგენს. შესაბამისად, ზოგიერთი მომხდარი ამბების ჩვენება ფართო აუდიტორიისათვის შეზღუდულია, ქვეყნის ლიდერისთვისაც კი ყურადღებით შერჩეული მასალების ნაკრებს ამზადებენ.

ვლადიმერ პუტინი პასიურ მაყურებლად არ ითვლება. როცა მან 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, მისი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი ბესედას – ფედერალური უშიშროების სამსახურის მე-5 სამმართველოს უფროსის – მოხსენებას, რომლის მიხედვით, რუსეთის არმიის მიმართ უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეთა წინააღმდეგობა უმნიშვნელო იქნებოდა. თუმცა მალე ყველაფერი პირიქით განვითარდა.

რა თქმა უნდა, გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი ბესედა მალე თანამდებობიდან მოხსნეს და, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდი პატიმრობაშიც იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე იმაშია, რომ სამხედრო ჩინოვნიკი ტრადიციის შესაბამისად მოქმედებდა – იგი ცდილობდა წარედგინა პრეზიდენტისთვის ისეთი ფაქტები და მტკიცებულებები, რომელთა მოსმენაც პრეზიდენტს სურდა, რომლებისაც მას სჯეროდა. შესაძლოა, ვლადიმერ პუტინი მიხვდა, რომ გენერლის დასჯა პოლიტიკური პოლიციის („ეფ-ეს-ბე“-ს) თანამშრომლების მორალურ სულისკვეთებას დასცემდა და ამიტომ სერგეი ბესედა მოგვიანებით სისტემაში დაბრუნდა – იგი ამჟამად FSB-ის დირექტორის მრჩევლად მუშაობს.

საერთოდ, ისტორიულად ყველაზე ცნობილი ფაქტი იმისა, რომ რუსეთის მმართველს დეზინფორმაციას აწვდიან, ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის 80-იან წლებში მოხდა, როცა 1787 წელს რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ გადაწყვიტა ენახა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის (ანუ ქვემო დნეპრისპირეთ-ყირიმის – თავრიდის) ტერიტორიები, რომლებიც მისმა საყვარელმა, გენერალ-ფელდმარშალმა გრიგორი პოტიომკინმა ოსმალეთის იმპერიას წაართვა. ყირიმისაკენ მიმავალი იმპერატორი დნეპრის ნაპირებზე მოვლილ სოფლებს და გაღიმებულ გლეხებს ხედავდა. მოგვიანებით გავრცელდა ხმები, რომ გლეხები სინამდვილეში პოტიომკინის არმიის გადაცმული ჯარისკაცები იყვნენ, ხოლო სოფლელთა ქოხები – დეკორაციები.

შესაძლოა ეს ამბავი ლეგენდა იყოს, რომელიც რუსეთისადმი მტრულად განწყობილმა უცხოელებმა გაავრცელეს. ობიექტურად რომ ვთქვათ, გენერალმა პოტიომკინმა რეალურად მოიპოვა დიდი გამარჯვებები (მან ტიტული „თავრიდელი“ სწორედ ამიტომ მიიღო) და, შესაბამისად, მას არ ჭირდებოდა იმ იმპერატორის მოტყუება, რომელთანაც სარეცელს იყოფდა.
მაგრამ ხელისუფალთა წინაშე სიმართლის თქმა პრობლემატური, უეჭველია, უფრო მოგვიანებით გახდა [საბჭოთა პერიოდში]. იოსებ სტალინი მკაცრად ექცეოდა თავისი გარემოცვის წევრებს, რომლებიც მის მიერ მოწონებულ მიდგომებს და ანალიზის მეთოდებს გადაუხვევდნენ. 1930-იანი წლების მეორე ნახევრიდან შინსახკომში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ისეთი ანგარიშებისა და მოხსენებების წარდგენა იოსებ სტალინისათვის, რომლებიც მის პოლიტიკურ თვალსაზრისს და მსოფლმხედველობას შეესაბამებოდა. თუმცა მოხსენებების წარდგენისას მათში რეალური სიტუაციაც იყო ასახული.

მაგალითად, ნაცისტურ გერმანიასთან დადებულ 1939 წლის პაქტზე ხელმოწერის შემდეგ საბჭოთა ქვეყნის მეთაურს ნაკლებად სჯეროდა იმ ცნობებისა, რომ გერმანია მალე საბჭოთა კავშირს თავს დაესხმებოდა. ამის მიუხედავად, მაისში შინსახკომმა თავის ერთ-ერთ მოხსენებაში სტალინს აცნობა, რომ იაპონიაში გერმანელი ჟურნალისტის სახელით მოქმედი საბჭოთა აგენტი რიჰარდ ზორგე გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირზე დაგეგმილ თავდასხმის ზუსტ დღეს იტყობინებოდა. იოსებ სტალინმა არ დაიჯერა გაფრთხილება და 1941 წლის ივლის-აგვისტოში ვერმახტის შეტევის შედეგად მან კინაღამ საბჭოთა კავშირის მთელი ევროპული ნაწილი დაკარგა. მოსკოვი, როგორც ჩანს, მესამე რაიხთან ომით ისე იყო დაკავებული, რომ რიჰარდ ზორგეს იაპონიიდან გამოძახება დროულად ვერ მოახერხა. იაპონიის კონტრდაზვერვამ შეაღწია საბჭოთა დაზვერვის ქსელში, რიჰარდ ზორგე დააპატიმრეს და 1944 წელს ჩამოახრჩეს.
თუმცა სტალინის შემთხვევაში ისიც უნდა ითქვას, რომ გაზეთებს და რადიოს არ ჭირდებოდათ მისთვის ახალი ამბების ისეთი სპეციალური კრებულის მომზადება, როგორიც მას სიამოვნებდა – მთელი მასმედიური ლანდშაფტი ისედაც მის ხელში იყო [და რეალურ სიტუაციას, მეტად თუ ნაკლებად, სხვა წყაროებითაც ფლობდა].

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ დიმიტრი სკორობუტოვის ნათქვამი, რომ „როსია-1“ პრეზიდენტს სპეციალურად უმზადებს მისთვის სასურველ საინფორმაციო პროგრამას, თუმცა ისიც აშკარაა, რომ პროგრამა „ვესტი“ დიდი ხანია გადაიქცა იმ „საკონდიტრო ნაწარმად“, რომლის შემადგენლობაში ძირითადად ვლადიმერ პუტინისათვის სასარგებლო ინგრედიენტები შედის. ასე რომ, სკორობუტოვი გარკვეულწილად მართალს ამბობს.

მაგრამ პუტინის მმართველობის პერიოდში რუსულ საზოგადოებას თითქმის არასოდეს არ ჰქონია ალტერნატიული ინფორმაცია – განსხვავებული თვალსაზრისები არ ვრცელდება. ახალი ამბების მონოპოლიზების ტენდენცია ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაძლიერდა – შეიზღუდა სოციალური ქსელების, მაგალითად, „Telegram-არხის“ მოქმედება, რომელიც, უეჭველია, მოსახლეობაში ყველაზე პოპულარულ ქსელს წარმოადგენს და სადაც ყოველდღიური ამბების განხილვა ბოლო დრომდე სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ხდებოდა.

ზღუდავს რა ინფორმაციის ნაკადს, ვლადიმერ პუტინი სასოწარკვეთილებით ცდილობს თავისი ძალაუფლება შეინარჩუნოს. აშკარაა, რომ დრო მისთვის სულ უფრო უარესდება. მატულობს რუსეთის დანაკარგები უკრაინის ფრონტზე, რომელიც თვეში უკვე 30 ათას ჯარისკაცს შეადგენს. არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტი შეიძლება მალე იძულებული გახდეს ხალხში არაპოპულარული მობილიზაცია გამოაცხადოს – ჯარში გაიწვიოს ის ახალგაზრდებიც, რომლებსაც სამხედრო სამსახური ჯერ არ ეხება. სხვათა შორის, როცა პუტინმა 2022 წლის შემოდგომაზე მსგავსი ნაბიჯი გადადგა, საზოგადოებაში საპროტესტო განწყობა გაჩნდა და, ალბათ, ასევე მოხდება, თუ იგი მობილიზებას ისევ გამოაცხადებს.

ამასობაში კი რუსეთში სულ უფრო შესამჩნევი ხდება ეკონომიკური სიძნელეებიც, ინფლაციის პროცესი კონტროლიდან გამოდის. უკრაინული დრონები სულ უფრო ხშირად ბომბავენ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განლაგებულ სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს. ბოლო დღეებში კიევმა რამდენჯერმე დაბომბა რუსეთის „მეორე დედაქალაქი“ სანქტ-პეტერბურგი, რომელიც ვლადიმერ პუტინისათვის მშობლიურ ქალაქსაც წარმოადგენს. უკრაინული დრონები მისწვდნენ ქალაქ ჩებოქსარსაც, რომელიც მოსკოვიდან აღმოსავლეთით მდებარეობს, უკრაინიდან 1800 კილომეტრის მოშორებით. ამგვარი წარმატების მიღწევა [სტალინის მმართველობის დროს] გერმანიის „ლიუფტვაფემაც“ კი ვერ შეძლო. 18 ივნისს უკრაინამ დარტყმა მიაყენა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.

რუს მმართველებს დაუწერელი ხელშეკრულება აქვთ დადებული საკუთარ ხალხთან, რომ ისინი, როგორი დესპოტურებიც არ უნდა იყვნენ, შეასრულებენ თავიანთ მთავარ მოვალეობას – „დედა-რუსეთის“ (Mother Russia) დაცვას. ის მმართველი, ვინც ამ ვალს ჯეროვნად ვერ შეასრულებს, თავის ტახტს და გვირგვინს დაემშვიდობება. 1905 წელს, როცა რუსეთი იაპონიასთან ომში დამარცხდა, მოსახლეობა უკმაყოფილო იყო და იმპერატორი ნიკოლოზ მეორე ძლივს გადაურჩა დამხობას. ვლადიმერ პუტინი, ალბათ, ამ ისტორიულ საფრთხეს აცნობიერებს. აი, ამიტომაც აფართოებს პრეზიდენტი ბოლო დღეებში უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით შეტევებს. ამას წინათ დაიბომბა თვით კიევ-პეჩერის ლავრაც – ტაძარი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და რომელსაც რუსი ნაციონალისტები, თვით ვლადიმერ პუტინიც, წმინდა ადგილად თვლიან.

მიუხედავად იმისა, ჭირდება თუ არა რუსეთის პრეზიდენტს ტელეჟურნალისტების გუნდი საომარი მდგომარეობის დროს გაჩენილი კრიზისის გადასატანად, მისი „მონარქიული“ რეჟიმი ომისა და მშვიდობის ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე დგას. შესაბამისად, პუტინს არ შეუძლია ნება მისცეს უკრაინელებს, რომ ომისა და მშვიდობის საკითხი მათი პირობებით გადაწყდეს.

წყარო: