1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჩინური საშუამავლო დიპლომატიის ჭეშმარიტი მიზნები” – რას წერს იაპონური გამოცემა
“ჩინური საშუამავლო დიპლომატიის ჭეშმარიტი მიზნები” – რას წერს იაპონური გამოცემა

“ჩინური საშუამავლო დიპლომატიის ჭეშმარიტი მიზნები” – რას წერს იაპონური გამოცემა

1.32K
0

იაპონურმა გამოცემამ – გაზეთმა „სანკეი შიმბუნმა“ (産経新聞//Sankei Shimbun) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ჩინური საშუამავლო დიპლომატიის ჭეშმარიტი მიზნები“, რომლის ავტორია მიაკე კუნიხიკო, ყოფილი დიპლომატი, კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მიმდინარე კვირაში საერთაშორისო მასმედიის მთავარ თემას ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი წარმოადგენს. პრესის, ტელევიზიის და სხვადასხვა გამოცემების ინტერესი და ყურადღება მიპყრობილი იყო და არის იმ მიზეზებისაკენ, რის გამოც ჩინეთი საშუამავლო დიპლომატიას ახორციელებს რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის მიზნით (ირან-საუდის არაბეთის შერიგების შემდეგ), აგრეთვე შეფასებებსა და პროგნოზებზე – რამდენად წარმატებული იქნება პეკინის მცდელობა. ექსპერტებისა და დამკვირვებლების უმრავლესობა თვლის, რომ ჩინეთს მართლაც აქვს განზრახული მშვიდობის დამყარება უკრაინაში და ამ მიზნით თავის  გლობალურ გავლენას იყენებს. მაგრამ ნამდვილად ასეა?

მეომრულებიდან მონაწილეობისაკენ?

რა თქმა უნდა, ჩინური დიპლომატია ბოლო დროს მართლაც იცვლება. ამის ცვლილებები ჯერ-ჯერობით კარგად გარკვეული არ არის, მაგრამ კომპარტიის გასული წლის ყრილობის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პეკინის დიპლომატია ტრადიციული „მიმწოლი“ ღია მეთოდებიდან აქცენტს კულისებში მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე აკეთებს.

დასავლეთისთვის ცუდი ამბავი იმაში გამოიხატება, რომ არაეფექტური მეომრული დიპლომატიის შესაცვლელად ჩინელებმა გადაწყვიტეს უფრო დახვეწილ დიპლომატიურ მეთოდებზე გადასულიყვნენ, ანუ მუქარებიდან მასში მონაწილეობაზე, რაც პერსპექტივაში მეტი ეფექტის მომტანი უნდა იყოს.

კარგი ამბავი კი, როგორც  მიმდინარე ეტაპი გვაჩვენებს, იმაში გამოიხატება, რომ ჩინეთს ჯერ-ჯერობით არ შეუძლია სრულფასოვანი საშუამავლო დიპლომატიის გატარება არც უკრაინაში და არც ახლო აღმოსავლეთში.

ზოგიერთი შეიძლება შემედავოს – ფაქტები ჯიუტია, პეკინმა დიპლომატიაში მართლაც წარმატებებს მიაღწიაო, მაგრამ მოდით, თანმიმდევრულად ვიმსჯელოთ. 

დავიწყოთ ახლო აღმოსავლეთიდან.

ჩინეთი ირანმა და საუდის არაბეთმა მიიწვიეს?

ათ მარტს ჩინეთის კომპარტიის პოლიტბიუროს წევრი ვან ი, რომელიც პარტიაში ქვეყნის საგარეო ურთიერთობებს კურირებს, პეკინში ჩასული ირანისა და საუდის არაბეთის წარმომადგენლებს შორის იდგა და ფართოდ იღიმებოდა. ეს იმიტომ, რომ ორივე ქვეყანა დათანხმდა გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და საელჩოების გახსნას ჩინეთის შუამავლობით. 

მე სრულებით არ მინდა პეკინის ძალისხმევის დისკრედიტირება, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, ირანსა და საუდის არაბეთის შერიგების პროცესი, სანამ ჩინეთი ჩაერთვებოდა, უკვე დაწყებული იყო ერაყისა და ომანის შუამავლობით. ამას თავისი მიზეზები აქვს: ავღანეთიდან 2021 წელს ჯარების გაყვანის შემდეგ, აშშ-ის დიპლომატიურმა პრიორიტეტებმა ახლო აღმოსავლეთიდან ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში გადაინაცვლა. რა უნდა ექნათ ასეთ სიტუაციაში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს? ის, რომ მათ დაიწყეს თავიანთი პოლიტიკის გადასინჯვა, რათა რეაგირება მოეხდინათ სტრატეგიული ვითარების მოულოდნელ შეცვლაზე.

ირანი, რომელიც მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფება აშშ-სთან ბირთვული მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მწვავე აუცილებლობას განიცდიდა. თავის მხრივ, საუდის არაბეთი, რომელიც პრინცი მუჰამედის თაოსნობით ეკონომიკურ რეფორმებს ატარებს, ასევე სურდა გარკვეული პაუზა აეღო იემენის კონფლიქტში მონაწილეობაზე, რომელიც ირანის წაქეზებით მიმდინარეობს. სწორედ ამ გარემოებებმა შეასრულეს წინამძღვრების როლი ჩინეთის წარმატებულ შუამავლობაში. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა თვითონ მიიწვიეს პეკინი, რომ შექმნილი ვითარებით ესარგებლა. სხვათა შორის, იგივე მოხდა საბჭოთა კავშირთან მიმართებით ცივი ომის პერიოდში.

ჩინეთს უკრაინის პრობლემის მოგვარება კი არ სურს, არამედ…

პეკინისათვის ახლო აღმოსავლეთში არსებული სტრატეგიული სიტუაცია უკრაინისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. სი ძინპინის ვიზიტის მიზანს რუსეთში საშუამავლო მისიის რეალიზება კი არ არის, არამედ ჩინეთის ეროვნული ინტერესების მაქსიმიზაცია, ანუ ომი არ უნდა დასრულდეს და ამერიკის ყურადღება მუდმივად ევროპისკენ უნდა იყოს გადატანილი, რის შედეგადაც აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთისათვის საფრთხე შემცირდება. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რომ რუსეთი არ დამარცხდეს, ომი გააგრძელოს, ჩინეთი კი პარალელურად აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებას უნდა შეეცადოს.

თავის მხრივ, რუსეთს ჩინეთის სამხედრო მხარდაჭერა სურს ომის გასაგრძელებლად. მე რომ ვლადიმერ პუტინის ადგილზე ვყოფილიყავი, სი ძინპინს ვიზიტის პირველივე დღეს გამართული საიდუმლო მოლაპარაკების დროს იარაღის მოწოდებას მოვთხოვდი, მაგრამ სი ძინპინის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მისთვის დამახასიათებელი ორჭოფული მანერით მოვახდენდი რეაგირებას და არაფერს არ აღვუთქვამდი. იმიტომ, რომ იარაღის მიწოდებაზე თანხმობის შემდეგ ჩინეთს დასავლეთთან ურთიერთობა ძალიან გაუფუჭდებოდა.

ალბათ, ყველასათვის ცნობილია, რომ უკრაინის ომამდე ცოტა ხნით ადრე, ვლადიმერ პუტინთან პეკინში შეხვედრის დროს, სი ძინპინმა მტკიცედ განაცხადა, რომ რუსეთ-ჩინეთის მეგობრობა უსაზღვროაო, მაგრამ, სავარაუდოდ, მოსკოვში ვიზიტის დროს მას ასეთი შეცდომა აღარ დაუშვია.

ჩინური დიპლომატია – ეკვილიბრისტიკა ბაგირზე?

გასულ თვეში ვწერდი, რომ ჩინეთის მოკლევადიანი ინტერესების მაქსიმიზაცია ნიშნავს უკრაინაში მიმდინარე ომისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგების მინიმიზაციას. ამისათვის საჭიროა: ა) აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესება, ბ) რუსეთისადმი მხარდაჭერა და გ) დასავლეთის რიგებში განხეთქილების შეტანა. სი ძინპინის რუსეთში ვიზიტის მიზნებიც იგივეა. ჩინეთი გააგრძელებს ბალანსის დაცვას, ცირკში ბაგირზე გამავალი ეკვილიბრისტის მსგავსად.

მაგრამ ასეთი მოქმედება პრობლემატური გახდება, თუ პეკინი აგრესიულ დიპლომატიას საბოლოოდ შეცვლის და კურსს პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობისაკენ აიღებს. ეს არ უნდა იქნეს დაშვებული. იაპონიამ და ამერიკამ მთელი თავისი სიბრძნე უნდა გამოიყენონ, რომ წინ აღუდგნენ ჩინეთის ახალ დიპლომატიურ შეტევას.

წყაროები: https://inosmi.ru/20230324/kitay-261639888.html