“8 მილიონი ლტოლვილი, გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულებს 4-ჯერ აღემატება, ქვეყანაში გაბატონებულია კორუფცია: ნუთუ უკრაინა უკვე გახდა არშემდგარი სახელმწიფო?”-Berliner Zeitung
გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „8 მილიონი ლტოლვილი, გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულებს 4-ჯერ აღემატება, ქვეყანაში გაბატონებულია კორუფცია: ნუთუ უკრაინა უკვე გახდა არშემდგარი სახელმწიფო?“ (ავტორი – ბენ არისი). „დანგრეული ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის თითქმის ორჯერ შემცირება და ხელისუფლებაში გამეფებული სისტემური კორუფცია საფრთხეს უქმნის უკრაინის სახელმწიფოებრიობას. მშვიდობის დამყარების შემთხვევაშიც კი დიდი რისკია იმისა, რომ უკრაინა „არშემდგარ სახელმწიფოდ“ გადაიქცეს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
უკრაინამ ახლახან, 24 აგვისტოს, დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი აღნიშნა, მაგრამ ბევრს კითხვა უჩნდება – იარსებებს თუ არა ეს ქვეყანა კიდევ 35 წლის შემდეგ?
„შეზღუდული სამხედრო ოპერაცია“, რომელიც რუსეთმა დაიწყო, უკრაინის ეკონომიკას ანგრევს. ეს ასპექტი სულ უფრო აქტუალური ხდება რუსეთის მასიური სარაკეტო შეტევების ფონზე, რომელსაც ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურის ჯერ კიდევ არსებული ნარჩენების ბოლომდე განადგურება შეუძლია.
ბოლო კვირეებში უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტისთვის“ საჭირო ანტირაკეტები (PAC-2 და PAC-3) გამოელია და როგორც შედეგი – ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ ვერ შეძლო რუსეთის მიერ გაშვებული ვერცერთი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება. პირველად ეს მოხდა 26 აგვისტოს და მომდევნო დღეებში არაერთხელ განმეორდა. დღეისათვის ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ უკრაინას რამდენიმე ერთეული რაკეტა გამოუყო, ბერლინმა ნატოს სხვა ევროპულ წევრებსაც მოუწოდა იგივე გააკეთონ, მაგრამ უცნობია, თუ რომელი ქვეყანა მოიკლებს ამ მეტად ძვირადღირებულ ამერიკულ რაკეტას და უკრაინას მისცემს.
დემოგრაფიული კატასტროფა უკრაინაში
ეკონომიკის ნგრევა თავისთავად, მაგრამ უკრაინისათვის უფრო სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ომის გრძელვადიანი დემოგრაფიული შედეგები. საზღვარგარეთ გაქცეულია დაახლოებით 8 მილიონი უკრაინელი, შობადობა მკვეთრად დაეცა. დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტისათვის, 1991 წელს, უკრაინაში ცხოვრობდა 52 მილიონი ადამიანი, დღეს კი, ოფიციალური მონაცემებით, 52 მილიონიდან მხოლოდ 20-25 მილიონი მცხოვრები დარჩა. მხოლოდ გასულ 2025 წელს ქვეყანა 800 ათასმა მოქალაქემ დატოვა. ამჟამად სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობის მაჩვენებელს 4-ჯერ აჭარბებს, რაც უმძიმეს დემოგრაფიულ სიტუაციაზე მიუთითებს.
მოსახლეობის შემცირება შეიარაღებული ძალების მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. უკრაინის არმია პირადი შემადგენლობის მწვავე უკმარისობას განიცდის. ტერიტორიული დაკომპლექტების ცენტრების (ანუ ყოფ. სამხედრო კომისარიატების) მუშაკებს გასაწვევი ასაკის მქონე ახალგაზრდა მამაკაცები პირდაპირ ქუჩიდან მიჰყავთ – არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ინვალიდები არიან თუ ფსიქიურად ავადმყოფები (გაუწონასწორებლები). იმავდროულად ჯარში მკვეთრად იმატა დეზერტირობის შემთხვევებმა: გენპროკურატურის მონაცემებით, მიმდინარეობს 300 ათასი სისხლის სამართლის საქმის წარმოება მათ მიმართ, ვინც არმია თვითნებურად, კანონდარღვევით მიატოვა.
უკრაინის ტერიტორიაზე დარჩენილ 25 მილიონამდე მოსახლეობაში თითქმის 12 მილიონი ადამიანი ან პენსიონერია, ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს წარმოადგენენ, დარჩენილი 13 მილიონიდან კი 5 მილიონი არასრულწლოვანია. ამრიგად, მკვეთრად შემცირებულია იმ მამაკაცების რეზერვიც, რომლებიც ვარგისნი არიან სამხედრო სამსახურისათვის. რუსეთს კი, რომელსაც 140 მილიონი მცხოვრები ჰყავს, შეუძლია დაიკვეხნოს, რომ მას უფრო მეტი და ფართო სამობილიზაციო პოტენციალი აქვს.
ომმა უკრაინის დემოგრაფიას განუზომელი ზიანი მიაყენა, რომლის აღდგენა, ალბათ, მხოლოდ რამდენიმე თაობის შემდეგ თუ მოხერხდება. უკრაინელი მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ამჟამად 57,3 წელს შეადგენს, ხოლო ქალების – 70,9 წელს.
ანალოგიური დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა რუსეთში 1990-იანი წლების კრიზისის დროს, რომლის შედეგებს რუსები დღემდე გრძნობენ. თაობამ, რომელიც იმდროინდელი დაბალი შობადობით დაზარალდა, დღეს თვითონ მიაღწია იმ ასაკს, როცა ისინი მშობლები ხდებიან, ანუ რუსეთში მოსახლეობის კლების პროცესი გრძელდება. ეს პრობლემა ევროპის ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილსაც ეხება: არსად, არცერთ ევროპულ ქვეყანაში მოსახლეობის რეპროდუქციის კოეფიციენტი 2,1-ს არ აღემატება.
უკრაინაში დემოგრაფიული სიტუაცია უფრო უარესია. განსაკუთრებით მკაფიოდ და ნათლად უარესობა ჩანს მოსახლოეობის ასაკობრივ სტრუქტურაში: გაეროს მონაცემებით, 2021 წლიდან დაწყებული, 5 წლამდე ბავშვების რაოდენობა 2024 წელს 27%-ით შემცირდა და მინიმუმს მიაღწია – 1,3 მილიონს. აღსანიშნავია, რომ ბევრი ქალი უკრაინას ბავშვებთან ერთად ტოვებს, შესაბამისად, ქვეყანაში ძირითადად მოხუცები რჩებიან.
ასეთი დემოგრაფიული პირობების დროს რაიმე „ომისშემდგომ“ აღდგენაზე ლაპარაკი ზედმეტია და საერთოდ, აზრი არ აქვს. რეპროდუქციის უნარის მქონე ქალების დეფციტი და იმის პერსპექტივა, რომ საზღვარგარეთ წასული ლტოლვილი ქალების დიდი რაოდენობა სამშობლოში უკვე არარ დაბრუნდება ომის დამთავრების შემდეგაც კი, იწვევს კითხვების გაჩენას, მაგალითად, ასეთის – არის თუ არა უკრაინა შემდგარი სახელმწიფო? ომის სწრაფი დამთავრების შემთხვევაშიც კი მოსახლეობის რაოდენობის შემცირების პროცესი, დიდი ალბათობით, გაგრძელდება, შობადობის დაბალი დონის გამო. გაეროს მონაცემებით, 2100 წლისათვის უკრაინის მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 15 მილიონამდე თუ დარჩება.
უკრაინის აღდგენის პერსპექტივა
თუ ზამთრის განმავლობაში სამშვიდობო შეთანხმება როგორმე გაფორმდება, უკრაინის მთავრობის წინაშე ურთულესი ამოცანა დადგება: კიევს მოუწევს ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის გაუქმება და ლტოლვილების დარწმუნება, რომ ისინი სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ. მაგრამ როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის გაუქმების შემდეგ უკრაინიდან კიდევ უფრო მეტი მამაკაცი გაიქცევა, რომ ისინი საზღვარგარეთ მყოფ თავიანთ ოჯახებს შეუერთდნენ.
და ამ დროს იბადება კითხვა: ვინ დააფინანსებს ქვეყნის აღდგენას? ევროკავშირმა 90 მილიარდი ევრო გამოყო ომის გასაგრძელებლად ორი წლის ვადით, მაგრამ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ 7-წლიან საფინანსო გეგმაში უკრაინის აღსადგენად მხოლოდ 89 მილიარდი ევროა გათვალისწინებული. ექსპერტების ვარაუდით, უკრაინის ომისშემდგომი აღდგენისათვის აუცილებელია მინიმუმ 165,5 მილიარდი ევრო, რაც ორჯერ და მეტად აღემატება იმ თანხას, რასაც ევროკომისია ითვალისწინებს. სხვათა შორის, როგორც ამას წინათ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 27 მილიარდი დოლარია.
ხარჯების ნაწილი კერძო ინვესტიციებით უნდა დაიფაროს, მაგრამ იმ საინვესტიციო მენეჯერების თქმით, რომლებსაც ჩვენი ეკონომიკური მიმომხილველები ესაუბრნენ, მათ უპირველესად აშინებთ რუსეთის მიერ ახალი საომარი ოპერაციის დაწყება. შესაბამისად, ამ პრობლემის გადაწყვეტა უსაფრთხოების საიმედო გარანტია იქნება, მაგრამ რადგანაც უკრაინის ნატოს წევრად მიღება ნაკლებად სავარაუდოა, ახალი ომის რისკიც რჩება. ალტერნატივის სახით უკრაინისათვის შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს ევროკავშირში დაჩქარებული მიღება: მაასტრიხტის ხელშეკრულების 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ყოველი წევრისთვის გათვალისწინებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფა… მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული მიღების საკითხი ოფიციალურად არ განიხილება.
უკრაინა როგორც კორუფციული სახელმწიფო
მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ უკრაინაში ფართოდაა გავრცელებული კორუფცია, რომელიც ინვესტორების ნდობას ქვეყნის მიმართ მნიშვნელოვნად ამცირებს. ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას დამატებითი ფინანსებისა და „პეტრიოტის“ რაკეტების გამოყოფის თაობაზე მსხვილი კორუფციული სკანდალი დაემთხვა, რომლის თანახმად, ენერგეტიკულ კომპანია „ენერგოატომში“ ქრთამების სახით 100 მილიონი დოლარი დაიხარჯა. კორუფციაში ეჭვმიტანილი ზოგიერთი პირი უკრაინის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრებს წარმოადგენენ.
ინვესტორების განცხადებით, მათ არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი კაპიტალის გამოყოფა მანამ, სანამ დარწმუნებულნი არ იქნებიან, რომ უკრაინაში საკუთრების უფლება საიმედო არის დაცული ხელუსფლებისა და სასამართლოს მხრიდან. ამ ცოტა ხნის წინათ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა დააკავეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ირინა მუდრაია, რომელიც ბოროტად სარგებლობა სამსახურებრივი უფლებებით და ათობით სხვა მაღალჩინოსანთან ერთად შანტაჟისა და მუქარების სქემას ხელმძღვანელობდა კომპანიებისაგან ფულის გამოძალვის მიზნით. სულ რამდენიმე დღის წინ კი გამომჟღავნდა ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში არსებული კორუფციული სქემები…
შეიძლება მტკიცედ ითქვას, რომ კორუფცია უკრაინაში სისტემის პრობლემა კი არ არის, არამედ კორუფცია თვითონ არის სისტემა.
რა თქმა უნდა, ქვეყანაში უცხოური კერძო ინვესტიციების ჩადება ნაწილობრივ მაინც იქნება უზრუნველყოფილი, მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს იქნება გაჭიანურებული და არასაკმარისი რაოდენობით. ევროპული ქვეყნები ჯერ კიდევ მზად არ არიან დიდი თანხების გამოსაყოფად საკუთარი ბიუჯეტიდან, ამიტომ დროდადრო დღის წესრიგში დგება რუსული აქტივებით (300 მილიარდი დოლარის ოდენობით) სარგებლობის საკითხი, რომლებიც ბელგიისა და სხვა ქვეყნების ბანკებშია გაყინული. კაცმა რომ თქვას, უკრაინის აღდგენისათვის ეს ერთადერთი წყაროა, რომელიც გამზადებულია და უძრავად დევს, მაგრამ მისი დახარჯვა (კონფისკაცია) პრობლემატურია. გასულ წელს იყო ასეთი მცდელობა, რომ რუსული აქტივების უკრაინისადმი გადაცემა ე.წ. „სარეპარაციო კრედიტად“ მოენათლათ, მაგრამ რადგანაც ასეთი მიდგომა არასასურველი პრეცედენტი იქნებოდა საბანკო სისტემისადმი ნდობის საკითხში, პროექტი ვერ განხორციელდა.