1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

0

ვერძი

დღე საკმაოდ მოსაწყენად ჩაივლის. დროა ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ — ცხოვრება ბევრად უფრო პროზაულია, ვიდრე ბულვარული რომანები. უახლოესი 24 საათის განმავლობაში თქვენი სიჯიუტე და პრინციპულობა გარშემომყოფებს საგონებელში ჩააგდებს. ძირითადად, მოსაწყენი საქმეების კეთება მოგიწევთ, თუმცა, საგანგებო რეჟიმში მუშაობას მაინც ეს ჯობს. ძვირად ღირებული ნივთების შეძენას ნუ იჩქარებთ — დღეს შეიძლება სულ სხვა რამ იყიდოთ და არა ის, რაც თავიდან გქონდათ დაგეგმილი. რჩევა ოჯახის წევრებს ან იმ ადამიანებს ჰკითხეთ, ვისაც ენდობით. თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, თვითმკურნალობასა და ექსპერიმენტებს მოერიდეთ და აუცილებლად ექიმს მიმართეთ.

კურო

თუ მარტოობამ დაგღალათ, დროა მომავალი მეორე ნახევრის ძებნა დაიწყოთ, მით უმეტეს, რომ თქვენი რჩეული ძალიან ახლოსაა. გინდათ თუ არა, ყურადღების მატერიალურ საკითხებზე გადატანა მოგიწევთ, რომლებიც სახლსა და საყოფაცხოვრებო პირობების მოწყობას უკავშირდება. მშვენიერი დღეა საქმიანობის სფეროს შესაცვლელად — საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზეც ჩაეწეროთ. თუ ფულის უსარგებლო ნივთებში დახარჯვა ჩვევად გექცათ, მაღაზიებში სიარულს უნდა დაემშვიდობოთ — არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში საკმაოდ დიდი თანხა დაგჭირდეთ. ფრთხილად იყავით ემოციებთან და კონფლიქტებსა და სტრესს მოერიდეთ. განტვირთვის ვარჯიშები შინაგანი წონასწორობის აღდგენასა და განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ადამიანი, რომელსაც აიდეალებდით, თქვენს მოლოდინს ვერ გაამართლებს, მაგრამ ეცადეთ, ამ იმედგაცრუებაზე აღარ იფიქროთ. შესაძლოა შინაურებთან ენის გამონახვა ცოტა გაგიჭირდეთ, მაგრამ მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. სამსახურში მოგეცემათ შანსი, რომ საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინოთ და გუნდში გამორჩეული ადგილი დაიკავოთ. კარიერული წინსვლის ამ შესაძლებლობას ხელიდან ნუ გაუშვებთ. დღევანდელი დღე დაწყებული საქმეების დასასრულებლად იდეალურია. გამუდმებით ფულზე ფიქრს სჯობს, მათი სწორად მართვა და დაგეგმვა დაიწყოთ. მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებსა და ზედმეტ აქტიურობას — დღეს არც შესაფერის განწყობაზე ხართ და არც ფორმაში.

კირჩხიბი

ურთიერთობების წარმატების გასაღები გულწრფელობაშია. გირჩევთ პარტნიორს გულახდილად ესაუბროთ, პრობლემები განიხილოთ და კომპრომისი იპოვოთ. გადაიღეთ ოჯახური ფოტო, რომელიც მუდმივად ბედნიერ წუთებს შეგახსენებთ. საპასუხისმგებლო საქმის დაწყებამდე ყველაფერი წინასწარ დაგეგმეთ — ინტუიციით მოქმედებამ შესაძლოა მარცხამდე მიგიყვანოთ. საეჭვო ფინანსურ შეთავაზებებთან სიფრთხილე გმართებთ, ჯობს მკაფიო სტრატეგია შეიმუშაოთ. ხელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც, შესაძლოა, სარფიანი გარიგებით დაგვირგვინდეს. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და სასურველია, რომ ეს მუხტი პირადი მიზნების მისაღწევად გამოიყენოთ. ცუდი არ იქნება, თუ საღამოს ბუნებაში გაატარებთ — ეს დასვენებასა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ლომი

ამ დღეს სიყვარულში წარმატების შანსი ძალიან მცირეა. მეორე ნახევართან ურთიერთობაში დაგროვილი პრობლემები თქვენგან ძალისხმევას მოითხოვს — ახლობლები თქვენგან სითბოსა და ყურადღების დეფიციტს გრძნობენ. შეეცადეთ, სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოთ. საკმაოდ რთული დღეა მოლაპარაკებებისა და შეთანხმებებისთვის. პარტნიორის მხრიდან მოსალოდნელია არაკეთილსინდისიერი ქცევა და მანიპულაციები, თუმცა, თუ კომპრომისის მიღწევას შეძლებთ, ხელშეკრულება მოგებიანი აღმოჩნდება. გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით, თუმცა ეს შენაძენი თუ გარიგება იმედებს ნამდვილად გაამართლებს. საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი თავად ხართ და ამაში ვერავინ დაგეხმარებათ — ფიზიკურ დატვირთვას მეტი დრო დაუთმეთ და სუფთა ჰაერზე იარეთ, მით უმეტეს, რომ მოუცლელობის მიზეზით თავს ვერ გაიმართლებთ.

ქალწული

თვითშეფასების დაქვეითებასთან ერთად ეჭვები გაჩნდება, რამაც შეიძლება შინაგანი დაძაბულობა და უკმაყოფილების განცდა გაგიღრმაოთ. გახსოვდეთ, რომ ეს დროებითი სირთულეებია და მალე გაივლის. ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან ზედმეტ გულახდილობას მოერიდეთ, თორემ შეიძლება ჭორების მსხვერპლი გახდეთ და საქმე სკანდალამდე მიიყვანოთ. დღეს მაკონტროლებელ ორგანოებთან ნებისმიერი ურთიერთობა შეიძლება არასასურველი შედეგით დასრულდეს. სამაგიეროდ, მოგეცემათ შანსი, რომ ძველი ოცნებები რეალობად აქციოთ. იყავით თანმიმდევრული და დაუფიქრებელ ნაბიჯებს ნუ გადადგამთ — თქვენმა მოუთმენლობამ და სულსწრაფობამ შეიძლება ახლობელი ადამიანები და თანამშრომლები დააფრთხოს.

სასწორი

ყველაფერში, მათ შორის პარტნიორთან ურთიერთობაშიც ლიდერობისკენ ისწრაფვით, რაც საყვარელი ადამიანის უკმაყოფილებას იწვევს. ეს დღე უამრავ სასიამოვნო ფუსფუსსა და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებას მოგიტანთ. სავარაუდოდ, ოჯახური პრობლემების მოგვარებას შეძლებთ და თავს სიტუაციის სრულფასოვან ბატონ-პატრონად იგრძნობთ. მოერიდეთ უფროსის კრიტიკას და საკუთარი პოზიციის გატანას ნუ შეეცდებით. თუ გრძნობთ, რომ ზურგს უკან ორმოს გითხრიან და უღირსად მოქმედებენ, უბრალოდ გაერიდეთ — დაე, ეს მათ სინდისზე დარჩეს. რაც შეეხება ჯანმრთელობას, წელის პერიოდულმა ტკივილმა შესაძლოა განწყობა ცოტათი გაგიფუჭოთ.

მორიელი

იმოქმედეთ ისე, როგორც სწორად მიგაჩნიათ და საკუთარ შეგრძნებებს ენდეთ. დროა, ჩვეული მორიდება დაივიწყოთ და აქტიური ნაბიჯები გადადგათ! სავარაუდოდ, კოლეგები, მეგობრები ან ახლობლები თქვენგან დახმარებას ელოდებიან, თუმცა, თქვენმა უანგარობამ და თავგანწირვამ შეიძლება ოჯახში უკმაყოფილება გამოიწვიოს. არახელსაყრელი დღეა გარიგებებისა და მოლაპარაკებებისთვის. თუ შესაძლებელია, მგზავრობას მოერიდეთ და გასვლასთან დაკავშირებული საქმეები გადადეთ. დღეს შესანიშნავი შანსი გაქვთ, რომ უფროსს ხელფასის მომატებაზე დაელაპარაკოთ — არგუმენტები წინასწარ მოამზადეთ და ეცადეთ დამაჯერებლად ისაუბროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოპონენტებთან საუბრის სიმშვიდე შეინარჩუნოთ, ხოლო თუ ეს არ გამოგდით, დამამშვიდებელი საშუალება მიიღეთ.

მშვილდოსანი

ეს დღე თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის ზრდით აღინიშნება და საკმაოდ წარმატებულიც იქნება. დროა გული ახალი გრძნობებისთვის გახსნათ — საინტერესო ადამიანთან შეხვედრამ შესაძლოა სიყვარულზე თქვენი წარმოდგენა სრულიად შეცვალოს. ოჯახურ ურთიერთობებში მოსალოდნელია გარკვეული დაძაბულობა. როგორც ჩანს, მეუღლესთან ან ოჯახის სხვა წევრებთან აზრთა სხვადასხვაობა და კონფლიქტი თავს იჩენს. ჰოროსკოპი გირჩევთ, ოჯახის წევრებისა და კოლეგების მიმართ პრეტენზიები შეამციროთ, უფრო დამთმობი გახდეთ და წყენა გულში არ ჩაიდოთ. მოერიდეთ დაპირებების გაცემას და საკუთარ თავზე გაზრდილ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა უძილობის დაძლევაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ჯერ საკუთარ გრძნობებში გაერკვიეთ და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, საკუთარი გამოცდილება და სიბრძნე შვილებს ან უახლოეს ნათესავებს გაუზიაროთ; შესაძლოა, თქვენი რჩევები მათთვის ძალიან ღირებული აღმოჩნდეს. სამსახურში შექმნილმა ვითარებამ შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს, ამიტომ ყურადღება ხარისხზე გაამახვილეთ და არა რაოდენობაზე — გაზვიადებულ მაჩვენებლებს ნუ გამოეკიდებით. ნუ შეშინდებით იმ დაბრკოლებების გამო, რომლებიც შესაძლოა უახლოეს ხანებში შეგხვდეთ. ერთადერთი, რაც ახლა ხელს გიშლით, მერყეობა და უმოქმედობაა. ჯანმრთელობა პრობლემებს არ შეგიქმნით — პირიქით, ენერგიის მოზღვავება საშუალებას მოგცემთ გეგმები განახორციელოთ.

მერწყული

ყურადღებას ნუ მიაქცევთ შურიანი ადამიანების მიერ გავრცელებულ ჭორებს, რომლებიც შეიძლება თქვენს პარტნიორზე შეიტყოთ. დღევანდელი დღე ოჯახური კავშირების განმტკიცებას დაუთმეთ. გამოხატეთ ზრუნვა და სიყვარული, რათა სახლში ჰარმონია და ბედნიერება დაამკვიდროთ. საქმიან პარტნიორებთან ზედმეტ დამოუკიდებლობას ნუ გამოავლენთ, რადგან ამან შეიძლება საქმის წარმატებაზე უარყოფითად იმოქმედოს. იღბალი კვლავ თქვენს მხარესაა, თუმცა მთავარია იერიშზე კი არ გადახვიდეთ, არამედ სასიკეთო ცვლილებებისთვის მოემზადოთ. ციდან მანანის ჩამოცვენას ნუ ელოდებით — ყველაფერი, რაც გაქვთ და გექნებათ, დაუღალავი შრომის შედეგია. მოერიდეთ იმ ადამიანებთან შეხვედრას, რომლებიც არ მოგწონთ — ამ დღეს თქვენი აურა ენერგეტიკული ვამპირებისა და ტოქსიკური თანამოსაუბრეების გავლენის მიმართ დაუცველია.

თევზები

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უფრო ჰარმონიული და სტაბილური გახდება, არ არის გამორიცხული, ნანატრი წინადადებაც მიიღოთ. უახლოეს ნათესავებთან ურთიერთობა თქვენგან ყურადღებას მოითხოვს — მზად იყავით მხარდაჭერისთვის, მაშინაც კი, თუ ეს დროსა და ენერგიას წაგართმევთ. კარიერულ წინსვლას ჯერჯერობით ნუ ელოდებით. კორპორაციულ წვეულებაზე ზომიერება დაიცავით და უფროსობისგან თავი შორს დაიჭირეთ. გადახედეთ თქვენს ხარჯებს და გაუმართლებელ ფუფუნებაზე უარი თქვით. შეინარჩუნეთ ემოციური წონასწორობა — ამ დღეს ზედმეტ განცდებს უნდა მოერიდოთ.