“ჩინეთს თავი არ უნდა დავუხაროთ” -Bild
„გერმანელებს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოუწევთ იმ წინდაუხედავი პოლიტიკის შედეგების გამოსწორება, როცა წინა ორი კანცლერის – გერჰარდ შრედერისა და ანგელა მერკელის საქმიანობამ გერმანია რუსეთზე დამოკიდებული გახადა. სამწუხარო იყო, რომ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა რუსეთის აგრესიამ ბერლინს ვერაფერი ასწავლა. გერმანულმა პოლიტიკამ და ეკონომიკამ ყველაფერზე თვალი დახუჭა. ასეთი რამ ჩვენ მეორედ აღარ უნდა მოგვივიდეს – ეს არ უნდა განმეორდეს არც ჩინეთთან მიმართებით“, – ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ბილდში“ (Bild) გამოქვეყნებულ კომენტარში სათაურით „ჩვენ ჩინეთს თავი არ უნდა დავუხაროთ“ (ავტორი – პეტერ ტიდე).
„სწორედ ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 82 წლის ამერიკელი დემოკრატი ნენსი პელოსი, ჩინეთის მუქარების მიუხედავად, ტაივანზე მაინც ჩავიდა. ძალიან სწორია, რომ 41 წლის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ნენსი პელოსის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ გერმანიამ ჩინეთის მიმართ პოლიტიკა უნდა შეცვალოს.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ პროვოკაცია ამერიკელი ლიდერის ვიზიტი კი არ არის, არამედ ჩინეთის მხრიდან კუნთების თამაში და მუშტების ქნევა. სიტუაციას ნენსი პელოსი კი ამწვავებს, არამედ თვითონ ჩინეთის კომუნისტური რეჟიმი. ისევე როგორც უკრაინა არ წარმოადგენდა რუსეთისათვის საფრთხეს, ასევე ნენსი პელოსის ვიზიტი არ ემუქრება ჩინეთის უსაფრთხოებას.
თავისუფალმა დასავლეთმა არასოდეს არ უნდა დახაროს თავი დიქტატურების წინაშე იმის შიშით, რომ გარკვეული ეკონომიკური პრობლემების წინაშე დადგება. ესე იგი, რადგან ჩინეთს არ აწყობს, ტაივანზე არავინ არ უნდა ჩავიდეს? ასეთი რამ თავისუფალი ადამიანისათვის მიუღებელია.
ჩვენ ბევრ სფეროში ჩინეთზე თითქმის 98%-ით ვართ დამოკიდებული – ნედლეულით, ნახევარგამტარებით… ჩვენ ეს პანდემიის დროსაც გამოვცადეთ, როცა ჩინურ პირბადეებს ვხმარობდით, ასევე გამოვცადეთ, როცა გერმანული ავტომრეწველობა ჩინური ელექტრონული მიკროსქემების (ჩიპების) გარეშე დარჩა…
მაგრამ ამ ფაქტებმა ჩვენი აზროვნება არ დაბლოკოს, პირიქით – აუცილებელია სწორი დასკვნები გავაკეთოთ: ჩვენ ისეთ ქვეყნებს, როგორიც ჩინეთია, არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ჩვენზე გავლენა მოახდინონ. მათი მოქმედება უნდა შევზღუდოთ.
რა თქმა უნდა, ამ სიტუაციას სწრაფად ვერ შევცვლით, მაგრამ აუცილებელია მოქმედება ახლავე დავიწყოთ. კარგია, რომ ანალენა ბერბოკი უკვე მიხვდა, მაგრამ ერთი მინისტრის პოზიცია არაფერს წყვეტს. საქმე ახლა ასე დგას: სურს თუ არა მთლიან კოალიციურ მთავრობას იგივე და ეყოფა თუ არა მას გამბედაობა?
უნდა გაირკვეს რამდენიმე საკითხიც: პირველი – რატომ აქვთ ჩინურ ფირმებს თავისუფალი საქმიანობის უფლება გერმანიაში და რატომ არ იგივე უფლება გერმანულ ფირმებს ჩინეთში? მეორე – ჩვენი „კრიტიკული“ ინფრასტრუქტურა ჩინური პროდუქციაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. ეს ეხება არამარტო 5G ქსელებს, რომლებიც სახელმწიფოში და ეკონომიკაში სულ უფრო მეტ როლს ასრულებს და მეტ მნიშვნელობას იძენს.
ჩვენ რომ ასე სერიოზულად არ ვიყოთ დამოკიდებული ჩინეთზე, მაშინ შეიძლებოდა პეკინისათვის დაგვეცინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ვერ ვაკეთებთ.
ჩვენთვის ნათელი უნდა იყოს: ჩინეთი პოლიტიკურად და მორალურად ჩვენს მოწინააღმდეგეს წარმოადგენს – ის თავისუფლების მტერია. ჩინეთს სურს, რომ თავისუფალი მხოლოდ თვითონ იყოს, სხვები კი მას დაემორჩილონ.
პეკინის ასეთ მიზნებს გერმანულმა და ევროპულმა პოლიტიკამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს, ჩვენი პარტნიორის – აშშ-ის დახმარებით, რომელიც მხარს უჭერს ტაივანს.
მოვიდა დრო, რომ გავაცნობიეროთ, ვინაა ჩვენი ჭეშმარიტი მეგობარი. მათ უნდა ვაჩვენოთ, რომ მის მხარეზე ვართ. სწორია, რომ ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ. სწორი იქნება, რომ მხარი ტაივანს დავუჭიროთ. გვაქვს იმის ძალა და შესაძლებლობა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი თავისუფლება დავიცვათ. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარეშე კი ყველა დანარჩენი არაფერია“.