ბორის ჯონსონი თანაპარტიელებს სთხოვს, პრემიერის თანამდებობაზე რიში სუნაკის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირონ – The Times
344
0
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც თანამდებობის დატოვება დააანონსა, პრემიერობისთვის ბრძოლაში დამარცხებულ კანდიდატებს სთხოვს, ფინანსთა ყოფილი მინისტრის, რიში სუნაკის კანდიდატურას არ დაუჭირონ მხარი. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Times-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად საჯაროდ დადებული პირობისა ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევის პროცესში არჩარევის შესახებ, ბორის ჯონსონი დამარცხებულ კანდიდატებთან საუბარში ნათლად აფიქსირებს, რომ რიში სუნაკი პრემიერ-მინისტრი არ უნდა გახდეს.
Times-ის ცნობით, ჯონსონის ფავორიტი კანდიდატი საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი ლიზ ტრასია, თუმცა მან ასევე მიანიშნა თანაპარტიელებს, რომ მზად არის, პენი მორდონტის კანდიდატურასაც დაუჭიროს მხარი.
პრემიერობისთვის ბრძოლაში ამჟამად 5 კანდიდატი რჩება. ესენი არიან ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე პენი მორდონტი, თემთა პალატის კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტუგენდჰატი და ქალთა და თანასწორობის საკითხებში მინისტრის ყოფილი მოადგილე კემი ბადენოკი.
მომდევნო ტურები გაიმართება იქამდე, ვიდრე 21 ივლისს, კენჭისყრაზე პრემიერობის ორი მთავარი პრეტენდენტი გაირკვევა. ამის შემდეგ 5 სექტემბერს ორ კანდიდატს შორის გამარჯვებულს პარტიის ყველა წევრი (დღეისათვის დაახლოებით 200 000 ადამიანი) ფოსტის მეშვეობით აირჩევს.
7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „კონსერვატიული პარტიის“ ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ მთავრობის მეთაურის თანამდებობას დატოვებს.