არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც რომელიმე სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას.
ამით სამინისტრო გამოეხმაურა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხებოდა, მიმდინარე წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სპეციალური საშუალებების კანონდარღვევით გამოყენების ფაქტს.
სამინისტროს განცხადებით, „მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხებოდა, მიმდინარე წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სპეციალური საშუალებების კანონდარღვევით გამოყენების ფაქტს.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია თითქოსდა სამინისტრომ დაარღვია „პოლიციის შესახებ“ კანონი, მაშინ როდესაც ერთდროულად გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, არის სიცრუე და მოქალაქეების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებს, რომლის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასაშვებია პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად“, ხოლო „წყალსატყორცნი“ სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად“.
პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებების სახე და მისი ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას.
მეტიც, ამგვარ აკრძალვას არ ითვალისწინებს ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, როგორიცაა ეუთი/ოდირისა (OSCE/ODIHR) და „ამნესთი ინთერნეიშენალის“ (Amnesty International) სახელმძღვანელო დოკუმენტები.
„ამნესთი ინთერნეიშენალის“ სახელმძღვანელო დოკუმენტის თანახმად, წყლის ჭავლში დასაშვებია შეერიოს მარკერული საღებავი ან/და ქიმიური საშუალებები, ხოლო ეუთო/ოდირის გაიდლაინის თანახმად, დასაშვებია წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის დამატება და მათი გამოყენება ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების მიმართ. ამავე დოკუმენტის თანახმად, ცრემლსადენი გაზის გამოყენების ერთადერთი მიზანი უნდა იყოს შეკრების დაშლა და იგი არ უნდა გამოიყენონ ისეთ ადგილას, სადაც ხალხს არ ექნება ადგილიდან გასვლის შესაძლებლობა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობრივი შეკრება-მანიფესტაციის მართვის დროს, იყენებს ისეთ სპეციალურ საშუალებებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და აქტიურად გამოიყენება არაერთი ევროპული ქვეყნის საპოლიციო დანაყოფების მიერ.
გავრცელებული ცრუ ინფორმაცია მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას,“ – აღნიშნულია განცხადებაში.