1. Home
  2. TOP სიახლე
  3. არახამიას არავინ ეკითხება, ფრენებს შეწყვეტს თუ არა საქართველო და რა გადაწყვეტილებას მიიღებს – მამუკა მდინარაძე
არახამიას არავინ ეკითხება, ფრენებს შეწყვეტს თუ არა საქართველო და რა გადაწყვეტილებას მიიღებს – მამუკა მდინარაძე

არახამიას არავინ ეკითხება, ფრენებს შეწყვეტს თუ არა საქართველო და რა გადაწყვეტილებას მიიღებს – მამუკა მდინარაძე

179
0

„არახამიას ასეთი დამოკიდებულება არის იმ არამეგობრული დამოკიდებულების გაგრძელება, რაც არა მხოლოდ არამეგობრულობას, არამედ ამ ქვეყნის მტრობას ნიშნავს და იმედს ვიტოვებ, რომ მისი და მისი თანამზრახველების ამ საკითხში ასეთი დამოკიდებულება, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვერასდროს შეარყევს ორი ხალხის ისტორიულ მეგობრობას“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას იმ განცხადების შესახებ, სადაც არახამია საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტას და სანქციებისგან თავის არიდებას სთხოვს.

მამუკა მდინარაძე ტყუილს უწოდებს ფაქტს, რომ თითქოს საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენება. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.

„პირდაპირ ვამბობ, გადაჭარბების გარეშე, ძალიან ბინძური ტყუილია ის, რომ საქართველო [სანქციების] გვერდის ავლის საშუალებად გამოიყენება. ეს ტყუილი დაიწყო საქართველოში, საქართველოს პარლამენტში და გაგრძელდა მის ფარგლებს გარეთ. სამწუხაროდ, დავით არახამია ამ ტყუილის თანამონაწილეა. არცერთი მტკიცებულება არ არსებობს ბუნებაში, რომელიც დაამტკიცებდა, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ეს არის ძალიან ბნელი ტყუილი, რაც ორი წლის განმავლობაში დომინირებს საქართველოს საწინააღმდეგოდ“-აღნიშნა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, დავით არახამიას გადასაწყვეტი არ არის საქართველო შეწყვეტს თუ არა ფრენებს რუსეთის ფედერაციასთან.

მისივე თქმით, დავით არახამიამ ასევე მოითხოვა უსასტიკესი კრიმინალის, მისი მასწავლებლის სააკაშვილის გათავისუფლება, რაც არ არის სწორი ფორმა, როგორც მეგობარ ქვეყანას უნდა ელაპარაკო.

„არახამიას არავინ ეკითხება საქართველო შეწყვეტს თუ არა ფრენებს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მან საქართველოს მოქალაქეებისთვის მოითხოვა გართულებული მიმოსვლა რუსეთის ფედერაციაში. ვიცით, რომ ჩვენი ასობით ათასი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად მან მოითხოვა, ეს ადამიანები ისე ტანჯვით უნდა დაბრუნდნენ ქვეყანაში ან გაფრინდნენ ჩვენი ქვეყნიდან როგორც მაშინ აკეთებდნენ, სანამ ფრენები აღდგებოდა. ძალიან კარგია რომ ფრენები არის იმიტომ, რომ ეს ბევრ ადამიანს თავისუფალ გადაადგილებაში ეხმარება და ასევე, ტურისტების ჩამოსვლას ეხმარება. მათ რომ სანქციების დაწესება, ავიამიმოსვლის შეჩერება და საქართველოს ეკონომიკის განადგურება უნდათ, ეს ახალი არ არის.
და მესამე, მან პირველ რიგში უსასტიკესი სისტემის შემქმნელი კრიმინალი სააკაშვილის, მისი მასწავლებლის და მისი იდეური მოძღვრის გათავისუფლება მოითხოვა და ეს არ არის სწორი ფორმა, როგორც მეგობარ სახელმწიფოს უნდა ელაპარაკო. მათ თავისი ხელით გამოუშვეს სააკაშვილი საქართველოში და გვატყუებდნენ, რომ ის იყო ტრუსკავეცში. ამას ბევრჯერ გავიმეორებ, მათი ინფორმაცია იყო, რომ ის თითქოს რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა ტრუსკავეცში, სასტუმროს ნომერში. ჩვენ არ მოგვიფიქრებია და არ მოგვჩვენებია ეს ამბავი და ამ დროს, მათი სპეცოპერაცია იყო, რომ ეს ადამიანი შემოიპარა საქართველოში რევოლუციის მოწყობის მიზნით. ამიტომ, ერთი მოთხოვნა არის ძალიან სპეკულაციური, ცუდი და ეხება კრიმინალ სააკაშვილს, მეორე მოთხოვნა ეხება საქართველოს მოქალაქეების დაზიანებას და მესამე მოთხოვნა არის ბინძური ტყუილი. ამის იქით კომენტარსაც კი არ საჭიროებს მისი მოთხოვნები და ულტიმატუმები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.